სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“აირინთან” დაკავშირებით ატლანტიკ–სიტის კაზინოების ქსელი დაიკეტა (ვიდეო)

მოახლოებულ ქარიშხალ “აირინთან” დაკავშირებით აშშ–ს ხუთივე ოკეანისპირა შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ნიუ–იორკის მერმა მოსახლეობას საგანგებო განცხადებით მიმართა და მოუწოდა, მოიმარაგონ სასმელი წყალი, პროდუქტები და აუცილებელი ნივთები, ასევე თან იქონიონ აფთიაქი და ფანარი – იმ შემთხვევისთვის, თუ სასწრაფოდ მოუწევთ საცხოვრებელი ადგილების დატოვება, რაც სულაც არაა გამორიცხული. სამაშველო სამსახურები და ეროვნული გვარდია ევაკუაციის გეგმას ამუშავებენ და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმზე არიან გადასული. აეროპორტებში გაუქმდა ავიარეისები. უკვე ცნობილია, რომ “აირინი”, თავდაპირველად, ჩრდილოეთ კაროლინას “ესტუმრება”, მერე კი ვაშინგტონსა და ნიუ–იორკში გადაინაცვლებს. ამასთან, საშიშრება მსოფლიო მეგაპოლისის დაბლობს ემუქრება.
“არავითარ შემთხვევაში არ გააღოთ ფანჯრები, დარჩით სახლებში და ელოდეთ შემდგომ მითითებებს”, – დაახლოებით ასეთი შინაარსის წერილი მიიღო დღეს ნიუ–იორკის ყველა მცხოვრებმა.
ჰოსპიტალებში მყოფი ავადმყოფები ზედა სართულებზე გადაჰყავთ – მათი ევაკუაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელ ქარიშხალთან დაკავშირებით ატლანტიკ–სიტის უკლებლივ ყველა კაზინო დაიხურა. ასეთი შემთხვევები კაზინოების ამ უნიკალური და უდიდესი ქსელის ისტორიაში იშვიათია და მსგავსი გადაწყვეტილება მესამედ მიიღეს. ბოლოს ეს 26 წლის წინ მოხდა – მაშინ, როცა აშშ–ს ქარშხალმა “გლორიამ” შეუტია.
ქარიშხალ “აირენს”, რომლის სიჩქარედ 160–180 კმ/სთ–ია დასახელებული, აშშ–ში შაბათს, დილიდან ელოდებიან. სტიქიური უბედურების პოტენციურ ზონაში სულ 55 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. “აირინი” უკვე დაატყდა თავს ბაჰამის კუნძულებსა და დომინიკის რესპუბლიკას. ვიდეო: "აირინის" გადადგილების ხედი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრიდან, ასტრონავტების კომენტარით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100