ეკა ბერიძის ვაჟმა ბარში მიმტანი ჯერ თირკმელში დაჭრა, მერე კი სახე დაუსერა
2 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარი ინციდენტის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-მ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა:
როგორც ცნობილი გახდა, ჟურნალისტ ეკა ბერიძის ვაჟმა ბექა ჯიბლაძემ თბილისის ერთ-ერთ ბარში მიმტანი თავის არეში დაჭრა და მიიმალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ხოლო ბექა ჯიბლაძის თანმხლები პირი, ვინმე გასვიანი დაკავებულია. მას ხულიგნობა ედება ბრალად. ამჟამად ბექა ჯიბლაძე იძებნება.
მოხდარი ფაქტი ინტერნეტგამოცემას შსს-ს პრეესსამსახურის უფროსმა, სალომე მახარაძემაც დაუდასტურა. მან დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა, განმარტა, რომ შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა.
ჩვენთვის ცნობილი გახდა დამატებითი დეტალები. ვინაიდან შემთხვევას ჰყავდა თვითმხილველები როგორც ბარის თანამშრომლების, ასევე ვიზიტორების მხრიდან, „დრონი.ჯი“-მ მომხდარის სურათის აღდგენა შეძლო. ბექა ჯიბლაძე მის მეგობარ გასვიანთან და ორ გოგონასთან ერთად საღამოს საათებში ბარში შევიდნენ. თვითმხილველთა თქმით, ისინი დასაშვებზე მეტად ხმაურობდნენ და რამდენჯერმე დაიმსახურეს შენიშვნა ბარის პერსონალის მხრიდან. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ჯიბლაძემ პერსონალისგან დანახარჯის ანგარიში მოითხოვა.
წინასწარი ინფორმაციით, ანგარიში მაგიდასთან სწორედ იმ მიმტანმა მიიტანა, რომელიც ვიზიტორებს ემსახურებოდა და მანამდე რამდენჯერმე შენიშვნაც მისცა. ანგარიშის გაცნობას ბექა ჯიბლაძის უკმაყოფილება მოჰყვა, რაც ხმამაღალი გინებით გამოხატა და მიმტანისგან ისევ შენიშვნა დაიმსახურა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ამის შემდეგ ჯიბლაძე მიმტანის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა. მიმტანსა და კლიენტს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა: ეკა ბერიძის ვაჟმა მიმტანს ფეხი მოუქნია, მერე კი ჯიბიდან დანა ამოიღო და მიმტანი ჯერ თირკმელში დაჭრა, შემდეგ კი სახე დაუსერა, რის შემდეგაც გასვიანი და მეგობარი გოგონები ბარში დატოვა და გაიქცა.
ბარის მიმტანს პირველადი დახმარება თანამშრომლებმა აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
"დრონი.ჯი" ცდილობდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარისთვის დაკავშირებოდა როგორც ეკა ბერიძეს, ასევე მის მეუღლეს, კახა ბექაურს, თუმცა, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა...
კომენტარი