პოლ მაკარტნი დღეს მესამედ ქორწინდება
დიდ ბრიტანეთში კვირადღეს ქორწინების რეგისტრაცია არ ხდება ხოლმე, მაგრამ სერ პოლ მაკარტნისთვის გამონაკლისი დაუშვეს. 69 წლის მაკარტნისა და 47 წლის ამერიკელი ბიზნესმენის ნენსი შეველის ქორწინების რიტუალი ვესტმინსტერის მუნიციპალურ დარბაზში დღეს ჩატარდება. სხვათა შორის, 1969 წელს პოლ მაკარტნი სწორედ ამ დარბაზში დაქორწინდა ოფიციალურად ლინდა ისტმენზე. ცერემონიალზე სულ 30 ადამიანია მიწვეული.
რიტუალის შემდეგ სტუმრები მუსიკოსის სახლში შეიკრიბებიან. როგორც BBC იუწყება, სწორედ იქ ჩატარდება ქორწინების ვიზუალური ნაწილი და ამისთვის უკვე მიტანილია ავეჯი და ყვავილები.
პოლ მაკარტნის წინა ქორწინება ჰიზერ მილსთან, რომელიც 2002 წელს გაფორმდა, დიდი სკანდალით დასრულდა. 2008 წელს, მაშ შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, პოლ მაკარტნი ყოფილმა მეუღლემ ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოს ძალით 25 მილიონი ფუნტი სტერლინგიც „დასცინცლა“. მოგვიანებით პოლ მაკარტნიმ თქვა, რომ 2008 წლის ქორწინება მისი ცხოვრების მთავარი და დასანანი შეცდომა იყო.
კომენტარი