"გეგმავდნენ 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას პირდაპირ რუსთაველის გამზირზე" - ღარიბაშვილის შოკისმომგვრელი განცხადება
2 ოქტომბერს, არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გეგმავდნენ რუსთაველის გამზირზე 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას, იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტს, კანცელარიას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა, ასეთი სცენარით ჩამოვიდა სააკაშვილი და ეს ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი ჩამოვიდა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის მოწყობის მიზნით, სცენარი ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მის ჩამოსვლამდე და სწორედ ამიტომაც, მოხდა პრევენცია საჭირო დროს, საჭირო მომენტში და ძალიან სიმბოლურად დაემთხვა 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილის დაკავება.
"ერთადერთი განზრახვა ჰქონდა - 2 ოქტომბერს ისინი აპირებდნენ, შეეკრიბათ ამომრჩეველი რუსთაველის გამზირზე, ვიდრე გამოცხადდებოდა არჩევნების შედეგები, ის გამოჩნდებოდა უცებ, მოულოდნელად და იტყოდა, აი, ჩამოვედი ისე, რომ ვერ გაიგო მთავრობამ. ამ დროს, რა თქმა უნდა, მთავრობამ ყველაფერი იცოდა, ჩვენ ინფორმაცია გვქონდა თავიდან ბოლომდე, ვიცოდით, სად იმალებოდა. აქვე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ გასაღებით გავაღეთ ბინის კარი, რომელშიც იგი იმალებოდა. ამით ჩანს ყველაფერი, რომ სრული კონტროლის ქვეშ იყო სიტუაცია და ბუნებრივია, სიმბოლურად დაემთხვა ეს ყველაფერი 1-ელ ოქტომბერს. ახლა, რა უნდა მომხდარიყო ამ აქციაზე. მოგეხსენებათ, ვინაიდან იგი არის ბრალდებული და სასამართლო გადაწყვეტილება ძალაშია შესული, სამივე ინსტანციის, ბუნებრივია, პოლიციას მოუწევდა მისი დაუყოვნებლივ დაკავება. ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევდა პირდაპირ დაპირისპირებას, პოლიციას მოუწევდა სპეცრაზმის, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენება, ალბათ წყლის ჭავლის, გაზის და შიგნიდან რა ინფორმაციაც გვაქვს, აქ გათვლა იყო, რომ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ოპოზიციური ლიდერის, არ მინდა გვარები ვთქვა, ზედმეტი სპეკულაცია რომ არ გამოგვივიდეს, მკვლელობა პირდაპირ, მისი პარტიის წევრების, 2-3 ადამიანის. წარმოიდგინეთ, არჩევნების შედეგები გამოცხადებული არ არის, მსოფლიო შოკში ჩავარდებოდა, რომ ეს მოხდა, დარბევა და ეს ყველაფერი, სრული დელეგიტიმაცია მოხდებოდა ჩვენი მთავრობის და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა არჩევნების ლეგიტიმურობაც, ჩატარებაც და ბუნებრივია, შედეგებიც. შემდეგ იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტის შენობას, კანცელარიის შენობას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა. გათვლა იყო, რომ ეს გამოიწვევდა ინსტიტუტების დემორალიზებას და ასეთი სცენარით ჩამოვიდა, რა შეიძლება ამ ადამიანს უწოდო, თუ არა მტერი. ეს ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას. არ მინდა, გამოძიების დეტალებში შევიდე, ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ ყველა სცენარი და ყველა ვერსია ლეგიტიმურია" - აღნიშნა პრემიერმა.
კომენტარი