სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეციალური ავიარეისები დაინიშნა - ფრენების განრიგი და ბილეთის ფასი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრისგან მიღებული დავალების თანახმად, უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ რეისებზე ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს €199-ს.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში ეტაპობრივად ჩამოიყვანენ, რათა ჯანდაცვის სისტემა მომზადებული იყოს.

„უკვე თვენახევარია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ მოვახერხეთ 3000-მდე ჩვენი მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება. განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და ეს სია საკმაოდ ვრცელია. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად, რათა უახლოესი დღეებისა და კვირეების განმავლობაში იყოს კონკრეტულად გაწერილი „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად ის მიმართულებები, რა მიმართულებებიდანაც მოხდება საქართველოს მოქალაქეები ეტაპობრივი გამოყვანა. ხაზს ვუსვამ, ეტაპობრივი გამოყვანა, რადგანაც აუცილებელია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას.

როგორც ცნობილია, უცხოეთის მოქალაქეებისათვის ჩვენი საზღვარი დაკეტილია, ჩვენ ვიღებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ისინი გადიან მხოლოდ 14 დღიან აუცილებელ საკარანტინო პროცედურებს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია, იყოს დაცული ზუსტი თანაფარდობა არსებულ სივრცეებსა და საქართველოში დასაბრუნებელ მოქალაქეებს შორის. მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრის დავალებით მთელი ღამე ვმუშაობდით ჩვენს „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად და შედგენილია გრაფიკი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში...დღეს უკვე განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იყვნენ ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული ბერლინში და ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. საელჩოების საშუალებით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში და ბერლინიდან მოხდება მათი დაბრუნება სამშობლოში. ასევე ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიკომპანია „ეგეოსის“ ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთიდან და წაიყვანენ საქართველოდან საკუთარ მოქალაქეებს" - განაცხადა მინისტრმა.

ფრენების განრიგი:

  • 23 მარტს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ბერლინის მიმართულებით და უკან. (მინისტრის თქმით, საელჩოების დახმარებით ბერლინში შეიკრიბენ გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნებში მყოფი მოქალაქეები);
  • 24 მარტს ეგეოსის ავიახაზები საბერძნეთიდან თბილისში ჩამოიყვანს საქართველოს მოქალეებს და საბერძნეთის მოქალაქეებს წაიყვანს უკან;
  • 26 მარტს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ვენის მიმართულებით და უკან;
  • 31 მარტს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ამსტერდამის მიმართულებით და უკან;
  • 3 აპრილს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ვარშავის მიმართულებით და უკან;
  • 7 აპრილს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ათენის მიმართულებით და უკან;
  • 10 აპრილს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ლარნაკაში და უკან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100