სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ღმერთი ფარავდეს საქართველოს!" - მარგველაშვილის 2015 წლის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება

მოგესალმებით პატივცემულო დეპუტატებო, სტუმრებო, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს, ტელემაყურებლებს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია ჩემთვის აქ ყოფნა იმიტომ, რომ 31 მარტი არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე. ამ დღეს რეფერენდუმით დადგინდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

‘პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან - ევროპულ სახელმწიფომდე’ - შარშან პარლამენტში, სწორედ ასე განვსაზღვრე ჩემი წლიური გამოსვლის მიზანი, წელს კი ჩვენ მტკიცე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ევროპული სახელმწიფოს განმტკიცებისთვის.

ისტორიულად, კულტურულად, ჩვენ ევროპა ვართ - არა უბრალოდ მისი ნაწილი, არამედ - საუკუნეთა განმავლობაში ევროპის განვითარებისა და ქმნადობის აქტიური მონაწილეც. შესაძლოა გარკვეულწილად უფრო მეტი ღვაწლიც კი მიგვიძღვის გეოგრაფიული სიშორიდან თუ გარკვეული მოწყვეტილობიდან გამომდინარე ჩვენ ხშირად მარტოს, მოკავშირეების გარეშე გვიწევდა იმ ღირებულებების დაცვა რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისათვის.

და ჩვენი დღევანდელი გამოწვევაც სწორედ ეს არის: ყოველდღიურობაში მყარად დავამკვიდროთ ეს ფასეულობები, მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თანამედროვე ევროპული საქართველო. საქართველო, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი - დიადი კულტურის მემკვიდრე თანამედროვე ქართველი, და მაშასადამე - ევროპელი მოქალაქე.

ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც ცივილიზებული სამყაროს წინაშე. ახლა, როდესაც, მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ - ევროპას და დასავლეთს სჭირდება ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული საქართველო.

იმისათვის, რომ შემდეგი ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადავდგათ, საჭიროა კარგად გავაცნობიეროთ, სად ვიმყოფებით, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს და ამ სიმართლის წერტილიდან დავგეგმოთ და განვსაზღვროთ ჩვენი განვითარების მომავალი.

ამიტომ, დღეს მსურს მოგიწოდოთ: ერთად შევაფასოთ მიღწეული, თვალი გავუსწოროთ პრობლემებს, და რაც მთავარია, მკაფიო მზერა მივაპყროთ მომავალს.

ბოლოდროინდელმა გამოწვევებმა დრამატულად გვაჩვენა ისედაც ცხადი გარემოება: ქვეყნის სრულფასოვან ფუნქციონირებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას ეკონომიკური წინსვლა უნდა დაედოს საფუძვლად.

ფაქტია, რომ ჯერაც ვერ მივაღწიეთ ეკონომიკური პროცესების სასურველ დინამიურობას. კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე, უთანასწორობის მაჩვენებელი, სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება.

ამდენად, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა: უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, საბოლოოდ - ქვეყანაში უთანასწორობის შემცირება და საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობა.

რა პოტენციალი გაგვაჩნია ამ თვალსაზრისით? ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებლობა - ახალი სტიმულია ეკონომიკური ზრდისათვის - ინვესტიციებისათვის, დასაქმებისა და ექსპორტისათვის, ასევე, ევროკავშირთან მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. ამავე დროს, ესაა ახალი შესაძლებლობა თავისუფალი ვაჭრობის სხვა სივრცეების ათვისებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის. შესაბამისად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭიროა ბიზნესისა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა იმ შესაძლებლობების შესახებ რაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ მოგვცა. DCFTA

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთანაც. შესაბამისად საქართველოში ინვესტორისთვის იქმნება შესაძლებლობა, რომ აქ ნაწარმოები პროდუქტი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში 900 მილიონზე მეტ მომხმარებელიან ბაზარზე გაიტანოს მსოფლიოს მასშტაბით. ამას თუ დავუმატებთ იმ მაღალ რეიტინგებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს და აღიარებულია მსოფლიოში, ბიზნესის კეთების პარამეტრების თვალსაზრისით, კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონის, ასევე გადასახადების დაბალი დონის თვალსაზრისით, რომელიც ნამდვილად არის საქართველოში. ჩვენ ფაქტიურად ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ვუხსნით ინვესტორებს ყველა მიმართულებით და ამის თაობაზე რაც შეიძლება მეტად უნდა მოხდეს მათი ინფორმირება.

ქვეყნისათვის მიმზიდველ პერსპექტივას ასევე ქმნის რეგიონალური თანამშრომლობა - ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების განმტკიცება შავი ზღვის და კასპიის რეგიონებს შორის, კასპიის ენერგორესურსების ევროპისაკენ გადაადგილების თვალსაზრისით - ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის მიმართულება.

ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი გაკეთდა, რამდენიმე დღის წინ იქნა ინიცირებული ყარსში TANAP-ის პროექტი, რომელიც კასპიის ენერგორესურსებს რეალურად მიაწოდებს ევროპას საქართველოს გავლით.

თქვენ იცით როგორ ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა რკინიგზაზე და სხვა ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო პროექტებზე, რომლებიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს უაღრესად საინტერესო და მიმზიდველი თანამშრომლობით ავითარებს.

აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალი და რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. შესაბამისად, ენერგო- სექტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი მიმართულებაა ინვესტორებისათვის. ახალი ჰესების აშენებისათვის მოზიდული ინვესტიციები უზრუნველყოფენ პირველ ეტაპზე იმპორტის ჩანაცვლებას და შემდგომ ჭარბი ელექტრო ენერგიის ექსპორტზე გატანას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში თურქეთთან ერთიანი ენერგეტიკული სისტემის შექმნა, რაც თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობას გაზრდის.

ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებას ემსახურება ურთიერთობათა გაღრმავება არა მხოლოდ ევროპის, არამედ ასევე აზიის სახელმწიფოებთან. არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ რეგიონის ქვეყნებით, უნდა გავაქტიურდეთ ყველა იმ სახელმწიფოს მიმართულებით, ვინც დაინტერესებულია რეგიონის განვითარებაში, ინვესტიციებით. შუა აზიის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენენ. ამავდროულად მნიშნელოვანია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში დაფიქსირებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაღრმავება.

გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წელს ლარის კურსის მკვეთრმა ვარდნამ და ეკონომიკური ზრდის სოლიდურმა შემცირებამ დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა საგარეო ეკონომიკური რისკების პირისპირ საქართველოს ეკონომიკის არც თუ საკმარისი მზაობა, ქვეყანაში ეკონომიკური პროგნოზირების ფაქტობრივად არ არსებობა.

ეკონომიკური რყევების, მათ შორის საგარეო ფაქტორებით გამოწვეული შოკების უკეთ გამკლავების მიზნით ეკონომიკური პროგნოზირების მოქნილი სისტემა გვესაჭიროება. შესაბამისად, აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის, ისე, რომ შენარჩუნებული იქნას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია ოლიგოპოლიური გარემოს შეცვლის აუცილებლობა. აქ ვკითხულობთ: ‘’ამ მოდელის „წარმატებას“ საქართველოს ყველა მოქალაქე გრძნობს პირველადი მოთხოვნილების საქონლისა და მომსახურების - საკვების, საწვავის, მედიკამენტების, ელექტროენერგიისა და სხვადასხვა კომუნალური მომსახურების შეძენისას’’.

საზოგადოებამ ამ ხედვას დაუჭირა მხარი და დღესაც იგივე აზრზეა. მიუხედავად ამისა, კვლავ აქტუალურია კითხვები ბაზარზე ოლიგოპოლიების, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებებისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ. ლოგიკურად ჩნდება კითხვა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის შესახებ.

როგორც წინასაარჩევნო პროგრამით, ასევე მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით აღიარებულია მცირე და საშუალო ბიზნესის უდიდესი მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის, მისი სიჯანსაღის თვალსაზრისით “სახელმწიფო შეიმუშავებს ეფექტიან მექანიზმებს ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად“ აღნიშნულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში და მე სრულად ვიზიარებ ამ მიზანს. თუმცა, ფაქტია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ძალიან მცირეა და კვლავინდებურად 20 პროცენტის ფარგლებში რჩება.

ბიზნესის ადგილობრივი თუ უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე, რის გამოც საქმიანი ინიციატივების განხორციელება დროში იწლება, ფერხდება ინვესტორთა მოზიდვა.

მნიშვნელოვანია ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ბიზნესმენთა მეტი ჩართულობა და საზოგადოების სათანადო ინფორმირება. საჭიროა საფუძველშივე მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან ყველა იმ ინიციატივის გაჟღერებასა თუ კანონად ქცევამდე, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს-გარემოსთან, ინვესტიციებთან, ტურიზმთან, ამასთან, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღება და ენერგიული განხორციელება.

„სახელმწიფოს მიზანია, მიაღწიოს ბიზნესის იმგვარ რეგულირებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი ბაზრისა და მეწარმეობის განვითარებას, არსებულმა და მომავალმა რეგულაციებმა არ უნდა შეზღუდოს ბიზნეს- საქმიანაობა მისთვის დამატებითი პრობლემების შექმნის გზით“, აღნიშნულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში, რასაც სრულად ვეთანხმები. შესაბამისად, წარმოუდგენლად მიმაჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელება დღეს არსებული სისტემური პარალელიზმის პირობებში.

შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, როდესაც ერთის მხრივ გვაქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გვყავს მინისტრი, უფრო მეტიც - ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო თუ შესაბამისი თემატიკის სააგენტო. ამიტომ სწრაფად უნდა გავაანალიზოთ, არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილება პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის მიმართულებით.

2014 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5 პროცენტს მიაღწია. ამავდროულად, 2008 წლის შემდგომ ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქვეყანაში (1.270 მლნ აშშ დოლარი). შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნა 2014 წლის ბიუჯეტის შესრულება და უმნიშვნელოვანესი საბიუჯეტო ხარჯების გაწევა.

ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა ჩვენი მიღწევაა და ის უეჭველად უნდა შევინარჩუნოთ. მინდა ამ თვალსაზრისით აღვნიშნო ის უმნიშვნელოვანესი და წარმატებული პროექტები, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელდა. კერძოდ ესაა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაცია, სასწრაფო დახმარების რეფორმა, მაღალმთიანი რეგიონების კლინიკების გამოსყიდვა და დიპლომის შემდგომი განათლების დაფინანსება, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში რეცეპტებთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებები, სოფლის ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა.

ამავდროულად, აუცილებელია აღინიშნოს მთავრობის მიერ დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის წამახალისებელი პროგრამებიც: ‘’შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, „სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“, პროექტი - "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" და განსაკუთრებით გამოვყოფ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ - კარგ შესაძლებლობას ბიზნეს აქტივობის, დასაქმებისა და შემდგომი ეკონომიკური ზრდისათვის.

2014 წელს „ჰიბრიდულმა“ ომებმა, ტერორიზმმა, სახელმწიფოების საზღვრების ძალადობრივმა შეცვლამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რაოდენ მასშტაბური საფრთხეები ემუქრება მსოფლიო წესრიგს. მოვალენი ვართ ზედმიწევნით სწორად შევაფასოთ ვითარება და შესაბამისად ავაგოთ ჩვენი სტრატეგია.

საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან. მიმდინარე წელს კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები როგორც საკუთრივ ევროკავშირთან და ნატოსთან, ისე ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან.

ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და ის უპირატესობები, რაც საინტერესოს ხდის ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობისათვის; საქართველოს განვითარებითა და სტაბილურობით დაინტერესებულ სახელმწიფოთა რიცხვის ზრდა ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი სერიოზული საერთაშორისო გარანტიაა.

ამდენად, საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში და აქ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. დაუშვებელია ვიწროპარტიულმა ან უწყებრივმა ინტერესებმა შეასუსტონ ევროატლანტიკური პლატფორმა. პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველას - პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს თავისი უმრავლესობითა და უმცირესობით.

საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და მილიტარიზაცია ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში და ამდენად, ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას, უარს ამბობს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე; გასულ წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს მანიპულირება მავთულხლართებით. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულებების გაფორმების გამო, ჩემი მიმართვის პასუხად, პარლამენტმა ეს აქტები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ეს შეფასება ჩვენმა პარტნიორებმაც გაიზიარეს და საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესია.

ჩვენ ვაფასებთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი–ქვეყნების მხარდაჭერას კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების, არაღიარების პოლიტიკის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, დევნილთა დაბრუნების საკითხებში. სწორედ ამის შედეგია დევნილთა თემაზე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდა. არაღიარების პოლიტიკა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ არ აქვს.

აქვე ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას: არაღიარება მიზნად არ ისახავს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის იზოლაციას! პირიქით - იქ მცხოვრები ადამიანები, დევნილებთან ერთად, სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია. ჩვენ ვესწრაფით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ჩვენი თანამოქალაქის სრულფასოვან განვითარებას. გვსურს, რომ მათ სრულად ისარგებლონ სიკეთეებით, რაც ქართული სახელმწიფოს მშენებლობას და საქართველოს ევროინტეგრაციას მოაქვს.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სპექტრში და მთლიანად საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვა. ამ მიზნით მე გავმართე საკონსულტაციო შეხვედრების სერია (და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება), რის შედეგადაც გამოიკვეთა კონსენსუსის კონტურები. კერძოდ:

- საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა საერთო მიზანს წარმოადგენს და ეს მიზანი ქართული პოლიტიკის ქვაკუთხედად დარჩება მის მიღწევამდე;

- ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის აღდგენის პროცესი ბუნებრივად გულისხმობს დევნილთა ნებაყოფლობით, ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას;

- ამ მიზნების მიღწევის აუცილებელი პირობაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, რაც გზას გაუხსნის კონფლიქტების ურთიერთმისაღებ საფუძველზე მოგვარებას;

- სადავო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი, რისთვისაც ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს;

- საქართველოს სურვილი და მიზანია, რომ ევროკავშირთან ასოცირებით, მასთან თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო გადაადგილებით წარმოქმნილი პრივილეგიები თანაბრად გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე;

- ევროპული საქართველო საუკეთესო გარანტია იქნება აფხაზთა და ოსთა თვითმყოფადობის შენარჩუნების, მათი პოლიტიკური და კულტურული უფლებების რეალიზებისა;

- საქართველო აღიარებს კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას, რასაც დრო და კონსოლიდირებული ძალისხმევა სჭირდება; იმავდროულად, საქართველო არ ჩაიყენებს თავს მოუგვარებელი კონფლიქტების მძევლის მდგომარეობაში და გააგრძელებს დემოკრატიულ მოდერნიზაციას.

ამ ფუნდამენტზე შეიქმნება საერთოეროვნული პლატფორმა. მის განსახორციელებლად საჭიროა ჩვენს პარტნიორებთან კოორდინირებული ნაბიჯების დასახვა. ამისათვის მიზანშეწონილად მიმაჩნია წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმის გამართვა.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008-ში, უკრაინის ომი 2014-ში, დნესტრისპირელი სეპარატისტების მხარდაჭერა სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალისმიერი პოლიტიკის დანერგვა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას „დასჯა“ მათი ევროპული არჩევანის გამო. .

დღეს ჩვენი ამოცანა რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების სფეროების“ კონფრონტაციული პარადიგმის მიღმა დარჩენაა. საქართველო ესწრაფის რუსეთთან თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას; ჩვენი პარტნიორები უნდა ხედავდნენ, რომ ცდას არ ვაკლებთ რუსეთთან ურთიერთობების განსამუხტავად და ამ ძალისხმევაში უფრო მეტი საერთაშორისო დახმარება გვესაჭიროება.

ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცალკეულ კრიზისებზე მსჯელობა საკმარისი არაა; საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაუვნებელყოფა. ევროპული უსაფრთხოების განახლებულ არქიტექტურაზე მსჯელობისას სრულადაა გასათვალისწინებელი ნატოს არაწევრი ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების პრობლემატიკა.

რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კამპანიის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოცაა. რუსული „რბილი ძალის“ ამოცანა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმაა. ამაში იგი ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატს იყენებს. ამ შემოტევის შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით პროდასავლური დღის წესრიგის კონსოლიდაცია და კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

საქართველოს სერიოზული წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ჩვენ ჩართულნი ვართ ნატოსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში. მაგრამ როგორც კიდევ არაწევრი სახელმწიფო, სრულფასოვნად ვერ ვსარგებლობთ დაცულობის ევროატლანტიკური სისტემით. ბუნებრივია, რომ ამ ვითარებაში, პარტნიორებისგან მზარდ ყურადღებას ვითხოვთ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის მომავალი სამიტი ჩვენთვის მხოლოდ ანგარიშგების ღონისძიება როდია; საქართველოს სჭირდება კონკრეტული შედეგები, რაც მკაფიოდ გამოკვეთს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს, მოსახლეობისათვის ხელშესახებს გახდის ევროინტეგრაციის სიკეთეებს.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველო აფასებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის, დემოკრატიული განვითრების, ეკონომიკური წინსვლის, უსაფრთხოების, თავდაცვისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ მხრივ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ჯერაც აუმოქმედებლია.

უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის და აშშ-ის როლის გაზრდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. მოველით, რომ ისინი გააგრძელებენ ჩვენ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა:

- შემცირდეს საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარებიდან;

- მოხდეს კოორდინირებული და ადექვატური რეაგირება ნებისმიერ ზეწოლაზე რუსეთის მხრიდან.

საერთაშორისო თანამშრომლობის სტრუქტურებში ჩვენი პოზიციების გაძლიერება ახალი ფორმატების მეშვეობითაა შესაძლებელი. დღეისათვის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მსგავსი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე არიან; საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გადადგა ნაბიჯები ჩვენს ქვეყნებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხარისხის ასამაღლებლად. საჭიროა ამ პროცესის ინტენსიფიკაცია.

ტერორიზმის ახალი ნაირსახეობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და იქ გაჩაღებული ომი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის - ახლო აღმოსავლეთის მოვლენები ხომ უშუალოდ აისახება უსაფრთხოების გარემოზე კავკასიაშიც. შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. საჭიროა პრევენციული ზომების გატარება და, ზოგადად, უსაფრთხოების სექტორის გაძლიერება. ამასთან, რაკიღა საფრთხეები და რისკები მსგავსი და საერთოა, აუცილებელია პარტნიორ-სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავებაც.

თავის მხრივ, საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში - გასული წლის მიწურულს ჩემი წინადადებით პარლამენტმა დაადასტურა საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის „გადამწყვეტი დახმარების მისიაში“ (Resolute Support Mission).

საქართველოს ეროვნული უშიშროების პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაა. ამას ემსახურება პერსონალის მართვის სისტემის განვითარება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, განათლებისა და წვრთნის სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა და თავდაცვითი შეიარაღების განახლება.

თავდაცვის ახალმა მინისტრმა სამხედრო უწყებაში დაგეგმილი რეფორმები წარმოადგინა. ზემოთ უკვე ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად, უნდა აღინიშნოს ინსტიტუციური რეფორმები, როგორც თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, ასევე თავდაცვის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის შემუშავების სფეროში. ასევე პროფესიულ სამსახურზე ეტაპობრივად გადასვლის გეგმა, რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შექმნა, თავდაცვითი შეიარაღების განახლება, სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ნატოსთან თანამშრომლობისა და თავსებადობის განმტკიცება, რასაც სათანადო საფინანსო რესურსი ესაჭიროება.

მე ამაყი ვარ იმით, რომ დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების 7% ქალებითაა დაკომპლექტებული. თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქალების და მამაკაცების თანაბარი შესაძლებლობების რეალიზაციას თავდაცვის უწყებაში.

2014-2015 წლებში ჩვენმა დანაყოფმა ღირსეულად მოიხადა მხედრული ვალი ცენტრალურ აფრიკაში; საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულმა წარმატებით გაიარა ნატოს შეფასებისა და სერტიფიცირების პროცესი და 2015 წლის იანვრიდან ჩაერთო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF 2015); მეორე ასეული ამჟამად გადის შეფასების პროცესს. ცამეტი ათასმა ქართველმა ჯარისკაცმა გამოიარა ავღანეთის მძიმე სკოლა.

გასული წლის ერთ-ერთი საეტაპო მოვლენა იყო უელსის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება ღონისძიებათა არსებითი პაკეტის მონიჭების შესახებ. იგი მიზნად ისახავს საქართველოს მომზადებას ნატოში გასაწევრიანებლად და ქვეყნის თავდაცვითი შეიარაღებების შესაძლებლობების გაძლიერებას. პაკეტის იმპლემენტაციის შედეგად ნატო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საქართველოში, ხოლო საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული ალიანსში.

არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში უნდა ამოქმედდეს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომლის დანიშნულებაა საქართველოს, პარტნიორი და ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცთა ერთობლივი წვრთნები. ამასთან, კვლავ აღვნიშნავ, რომ საქართველო ატარებს მშვიდობისმოყვარე, კეთილმეზობლურ პოლიტიკას, ხოლო ცენტრის შექმნა, ისევე, როგორც ზოგადად ნატოსთან ჩვენი დაახლოება, არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და ემსახურება უსაფრთხოების განმტკიცებას რეგიონში. ეს კი ყველა ჩვენი მეზობლის ინტერესებში უნდა იყოს.

და კიდევ: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად და ეფექტიანად განხორციელება არა მხოლოდ ერთი სამინისტროს საქმე, არამედ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, ორჯერ მივმართე მთავრობას და ვითხოვე მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვა. დღემდე მთავრობიდან არანაირი პასუხი არ მიმიღია.

ნატოს უელსის სამიტის სხვა მიღწევები გახლდათ პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივაში და გაძლიერებული შესაძლებლბების ჯგუფში საქართველოს მიწვევა. ეს სტატუსი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ადრეულ ეტაპზე ჩაერთოს ნატოს ოპერაციების დაგეგმვის პროცესში, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ნატოს წვრთნებში, წვლილი შეიტანოს ალიანსის სტრატეგიულ განხილვებში. პაკეტით გათვალისწინებულია ნატოს სტანდარტების ლოჯისტიკური ცენტრისა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შექმნა (Logistic Facility and a Defence Institution Biulding School).

გამართულად მოქმედებს საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის ისეთი მექანიზმებიც, როგორიცაა წლიური სამოქმედო პროგრამა და ნატო-საქართველოს კომისია, სადაც აღინიშნა გასულ წელს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ეს ყველაფერი, უპირველესად, ჩვენი ოფიცრებისა და ჯარისკაცების კვალიფიკაციისა და თავდადების შედეგია.

დიახ, ამ მიღწევათა უკან დგანან ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები. დღეს საქართველოს მთელ მსოფლიოში სცემენ პატივს მათი სიმამაცის, შეუპოვრობისა და სიმტკიცის გამო. სახელმწიფოსა და საზოგადოებისაგან ამას განსაკუთრებული დაფასება ესაჭიროება. უნდა გვახსოვდეს, რომ საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენი სამხედროებიდან 435 დაიჭრა, ხოლო 29 აღარ დაბრუნებია სახლებსა და ოჯახებს. მათ სახელებს საუკუნოდ გაიხსენებენ ქვეყნისა და თავისუფლებისათვის თავდადებულ მამულიშვილებთან ერთად. მოწიწებით ვიხრი ქედს სამშობლოსათვის დაცემული ყველა გმირის ნათელი ხსოვნის წინაშე.

საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად აგრძელებს სამხედრო მოსამსახურეთა, დაჭრილ მეომართა და საომარი მოქმედებისას გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების მხარდაჭერას: ფინანსური დახმარება გაეწია დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, გაიზარდა დაშავებული ჯარისკაცების რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების დაფინანსება. საჭიროა სახელმწიფომ უზრუნველყოს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეულ პენსიით. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს ვეტერანთა მდგომარეობა გასაუმჯობესებელია და ეს მართლაც სახელმწიფოებრივი საქმეა.

დაცული მოქალაქე - დაცული საზოგადოება - დაცული სახელმწიფო - ეს უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლების სახელმძღვანელო პრინციპი და ყველამ ერთად ცდა არ უნდა დავაკლოთ მის ხორცშესხმას.

შარშან პარლამენტმა გაიზიარა ჩემი ხედვა და ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა - მთავრობასთან ერთად მასში ახლა პარლამენტიცაა სათანადოდ წარმოდგენილი. ამდენად, ეროვნული უშიშროების საბჭოს სახით პრეზიდენტთან ჩამოყალიბდა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებთან თანამშრომლობის, უშიშროებისა და თავდაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების შემმუშავებელი ინსტიტუტი. სამწუხაროა, რომ ამ კონსტიტუციური ორგანოს სისტემატური მუშაობა ხელოვნური ხასიათის დაბრკოლებებს აწყდება. ეს ამცირებს შესაბამის სფეროში სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინაციის ხარისხს და გაუგებრობას იწვევს ჩვენს პარტნიორებში.

დღეს, როდესაც დღის წესრიგში დგას ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია, პარლამენტთაშორის კავშირებს და თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებს შეუძლია ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება; იგივე შეიძლება ითქვას ნატოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვესაჭიროება მეტი თანამშრომლობა იმ ქვეყნების ხელისუფლებებთან, რომლებიც ეჭვებს გამოთქვამენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ყველა პოლიტიკური ძალა აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს, რომ საპარლამენტო ასამბლეების ტრიბუნები მაქსიმალურად მოხმარდეს ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას და საქართველოს თემატიკის აქტიურად განხილვას საერთაშორისო ფორუმებზე.

მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო საგარეო საქმეთა სამინისტროს როლიც. მას კანონმდებლობით ევალება სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა. ამ ერთობ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიაობის განხორციელებას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი. არ უნდა დავუშვათ ფუნქციათა დუბლირება ან გაფანტვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ინსტიტუტებში.

მაგალითად: ახლადშექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ფუნქციათა ნაწილობრივ დუბლირებას; რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების სპეციალური წარმომადგენლის მანდატი კი ზუსტად არ არის განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი აქტით. ასევე აუცილებელია მის ქმედებათა სრული ინტეგრაცია ერთიან საგარეო პოლიტიკაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციის გზით.

ქვეყნის განვითარების უმთავრესი მამოძრავებელი ძალა ჩვენი მოქალაქენი არიან. მათი ნიჭი და შესაძლებლობები კი მხოლოდ დაცულობისა და თავისუფლების პირობებში ვლინდება. ამიტომ, უსაფრთხოებასთან ერთად, უპირველეს ამოცანად რჩება დემოკრატიის გაძლიერება და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ხშირად გვესმის, რომ ამ მხრივ ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს, და ეს სიმართლეა. მაგრამ, ვფიქრობ, დროა მომავალზე ვიფიქროთ ვილაპარაკოთ. უნდა გამოვიდეთ იმ მოთხოვნებიდან, რასაც ჩვენი მიზანი - თანამედროვე ევროპული სახელმწიფო გვიყენებს. დემოკრატიის გაძლიერება მუდმივი პროცესია. არასოდეს დადგება დღე, როდესაც შეგვეძლება კმაყოფილებით ვთქვათ, რომ სასურველს მივაღწიეთ. 2014 წელს ჩვენ მივიღეთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რაც ქმედებებისაკენ გვიბიძგებს. მაგრამ გავაკეთეთ კი დღეისთვის ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთ იყო?

ამ მხრივ განსაკუთრებით მრავლისმეტყველია ე.წ. ფარული მიყურადების შესახებ განვითარებული მოვლენები. სწორედ ამ საკითხზე მე პირველად გამოვიყენე ვეტოს უფლება. გასულ წლებში ფარული მოსმენებისა და მის საფუძველზე დევნის მწვავე შედეგები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე იწვნია. არავის სურს მსგავსი ვითარების თუნდაც ერთი დღით გაგრძელება???. მაშ, რა ინტერესმა გააერთიანა უმცირესობა და უმრავლესობა პარლამენტში კანონის ჩემს მიერ წარმოდგენილი ვერსიის ჩასაგდებად და შესაბამისად ისეთი კანონის ძალაში შესასვლელად, რომელიც არ იმსახურებს არც საზოგადოების ნდობას და თან არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს?

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სასამართლოს გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

თუმცა ცვლილებათა მიუხედავად, ნათელია, რომ სასამართლოს რეფორმირებას მეტი სტიმული სჭირდება. უნდა გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, გაიზარდოს საზოგადოების წინაშე სასამართლოს ანგარიშვალდებულება და მართლმსაჯულების ხარისხი. არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არ უნდა დარჩეს ადგილი ეჭვისათვის, რომ სამართალწარმოება შეიძლება ლეგიტიმურის გარდა რაიმე სხვა მიზნით ხორციელდებოდეს.

ნდობა გაიზრდება მაშინ, როდესაც გაიზრდება სამართლიანი გადაწყვეტილების რიცხვი. მსგავსი გადაწყვეტილებები კი პრინციპულმა, სამართლიანმა, კვალიფიციურმა, ნებისმიერი ზეწოლისგან თავისუფალმა მოსამართლეებმა უნდა მიიღონ. ასე რომ, სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ღერძი - მოსამართლეა!

სწორედ ხსენებული კრიტერიუმებით შერჩეული უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები წარმოგიდგინეთ გასულ წელს.

აქვე მინდა შევეხო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის ჩემს მიერ შემოთავაზებულ ფორმას: ცხადია, პროცესში საზოგადოების ფართო მონაწილეობა მიზნად ისახავდა ღირსეულთა შორის საუკეთესო კანდიდატის შერჩევას, მაგრამ ამავე დროს მას ჰქონდა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანიც - სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება. მიმაჩნია, რომ საზოგადოების ჩართულობით შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფრო მონდომებით აღადგენს სასამართლოსადმი ნდობას. მჯერა, რომ ქალბატონი ნინო დაუღალავი შრომით ახალ ფურცელს გადაშლის ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში.

ამასთან, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სასამართლოსადმი პატივისცემა არა მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეთა, არამედ თითოეული ჩვენგანის საზრუნავია. სამწუხაროდ, ამის მაგალითად ვერ ჩაითვლება საყდრისის შემთხვევა. ის, რომ საყდრისის აფეთქება სასამართლო გადაწყვეტილებამდე მოხდა, სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. ეს პრეცედენტი დაფიქრებისა და სათანადო დასკვნების გამოტანისკენ მოგვიწოდებს.

განსაკუთრებით უნდა შევჩერდე პროკურატურის რეფორმირების საკითხზე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით. როგორ უნდა გაკეთდეს ეს? მინდა გითხრათ, რომ როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, პროკურატურასთან დაკავშირებითაც სწორი პასუხების მოძიება შეიძლება კოალიცია ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაში. საჭირო იყო მათი დროული განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მოხსნას პოლიტიზაციასთან დაკავშირებული კითხვები.

უნდა განისაზღვროს პროკურატურის ინსტიტუციური სტატუსი, მისი ადგილი სახელისუფლებო სტრუქტურაში და ამის შემდეგ, უზრუნველყოფილ იქნას დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პირობები.

ამასთან, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შედეგების მისაღწევად რეფორმას თან უნდა ახლდეს სწორი საკადრო პოლიტიკა. უმწიკვლო წარსულისა და მაღალი პროფესიული უნარების მქონე ადამიანების დანიშვნა რიგით პროკურორებად თუ მათ ხელძღვანელებად. სწორედ მაღალპროფესიონალი პროკურორების მიერ გამოძიებული საქმეები დროულად და კვალიფიციურად უნდა იგზავნებოდეს სასამართლოში რათა გამოირიცხოს კითხვები თვეობით გაწელილი საგამოძიებო პროცესების შესახებ.

აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის განხორციელება. კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამით საზოგადოებას შევპირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნას საშინაო საქმეთა სამინისტროდ - სამოქალაქო სამსახურად, მისგან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფას და მათი საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. აქაც იგივეს ვიტყვი - საჭირო იყო ამ ნაბიჯების დროულად გადადგმა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პროცესი აღარ გაჭიანურდება და გამჭვირვალეობის, საზოგადოებრივი კონტროლის პირობებში წარიმართება.

ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, თუ როგორ ვექცევით თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეებს. დაუშვებელია, რომ თავისუფლების შეზღუდვას თან ახლდეს ღირსების შემლახველი, დამამცირებელი მოპყრობა, ძალადობა და წამება. უახლოესი წარსულის გამოცდილება, ‘ნულოვანი ტოლერანტობის’ იდეოლოგიის მძიმე შედეგები, პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა. ეს წარსული არასდროს არ უნდს განმეორდეს. ამდენად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიმაჩნია სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება, მისი აღჭურვა კონტროლის განხორციელებისა და რეაგირების მეტი, ეფექტური მექანიზმები.

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია. უმცირესობის უფლებათა დაცვა თითოეული სახელმწიფო მოხელის პირდაპირი და უპირობო კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი საამაყო მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული ტრადიციით არის გამყარებული. სახელმწიფო არ შეიწყნარებს უფლებათა ხელყოფის უმცირეს გამოვლინებასაც კი!

მსურს გავიხსენო ქალბატონ ნინო გოგუაძის სიტყვები მისი შთამბეჭდავი საპარლამენტო გამოსვლიდან: ‘ჩვენ, კანონმდებლებს, ყველა ფეხის ნაბიჯზე უნდა გვახსოვდეს, რომ თუ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა რაიმე ჯგუფის, რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში შესაძლებელი, დასაშვები და მეტიც, გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის უფლებების დარღვევა და ეს მთავარი უმცირესობა კი არის ერთი ცალკეული ადამიანი, ანუ ყოველი ჩვენგანი. ყოველი ჩვენგანი არის ერთი ადამიანი და ის უკიდურეს უმცირესობაშია ყოველთვის, რომელ უმრავლესობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ მომენტში’.

შესაბამისად, ჩვენ მიზნად უნდა დავისახოთ დისკრიმინაციის წარმომშობ მიზეზთა აღმოფხვრა. პრობლემა ხომ არა მხოლოდ უშუალოდ ძალადობაა, არამედ აზროვნების ის ფორმა, რომლითაც ხდება ადამიანთა დისკრედიტაცია და სტიგმატიზება პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებათა, სექსუალური ორიენტაციის, ავამდყოფობის, შეზღუდულ შესაძლებლობათა თუ ქრომოსომების რაოდენობის გამოც კი.

მსურს შევჩერდე კიდევ ერთ მტკივნეულ პრობლემაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სიმწვავით შეგვეხო. მხედველობაში მაქვს 2014 წელს შემაშფოთებელი მასშტაბითა და სისასტიკით გამოვლენილი ძალადობა ქალთა წინააღმდეგ.

ჩვენ, ყველამ ერთად, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ რათა დავამარცხოთ პრობლემა, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს წარსულს და ტრადიციებს, საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამედროვეობას და მომავალს.

ვფიქრობ ამ მიზნის მისაღწევად არსებითი როლი უნდა ითამაშოს ქალთა როლის წინ წამოწევამ განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდამ. სწორედ ამ სულისკვეთებით, გამოვაცხადე 2015 წელი ქალთა წლად.

ამ სულისკვეთებითვე აქ, ამ დარბაზში, სადაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის - ქალთა წარმომადგენლობა გაუმართლებლად დაბალია, ვაცხადებ, რომ ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს კვოტირების სისტემის დანერგვას საარჩევნო კანონმდებლობაში. ამ იდეის მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ ყველას.

მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც ჩვენი მომავლის სახელით ითხოვს დაუყოვნებლივ გადაჭრას. ესაა ბავშვთა სიღარიბე. იუნისეფის მონაცემებით დღეს ჩვენ ქვეყანაში დაახლოებით 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ვიცი, რომ საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის შეზღუდულია, მაგრამ მოგიწოდებთ - კარგად დავფიქრდეთ პრიორიტეტებზე. რა თქმა უნდა პრობლემა ფართოა და ყველას გვეხება, მაგრამ განსაკუთრებით მივმართავ ადგილობრივ ხელისუფლებებს - ბაგა-ბაღების დაფინანსება თუ გადაუდებელი დახმარება მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტების საქმეა.

ყველა ვთანხმდებით, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში აქტიური სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს და აძლიერებს სახელმწიფოს. ჩვენ ველით რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხელისუფლებასთან დიალოგით, პრობლემების გადაწყვეტის გზების შეთავაზებით, დასაბუთებული კრიტიკით ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაებმებიან.

ამასობაში, საზოგადოების მდგრადობისათვის არსებითია სტაბილური პოლიტიკური სისტემა, რომელიც პასუხობს ხალხის ინტერესებს, უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას. სხვაგვარად - საჭიროა ევროპული ტიპის პოლიტიკური სისტემა. ასეთი სისტემის ფორმირებისათვის კი საკვანძოა ჩვენში სწორი საარჩევნო მოდელის დანერგვა. არსებული სისტემის ხარვეზებზე საუბარია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში. სხვა ცვლილებებთან ერთად, საერთო აზრით, პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა.

იმისათვის, რომ ეს შედეგი უკვე მომავალ არჩევნებზე მივიღოთ, აუცილებელია ცვლილებების ინიცირება დაუყოვნებლივ, უკვე პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.

სწორედ სახელმწიფო ორგანოთა გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული ქვეყნის წინსვლა და წარმატება.

ზემოთ არაერთხელ მივანიშნე მართვაში და ინსტიტუციების მუშაობაში არსებულ პრობლემებზე.

სახელმწიფოს მართვა უნდა ხორციელდებოდეს კომპეტენტური სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ. სამწუხაროდ, ჩამოყალიბებული პრაქტიკის პირობებში დღეს სახეზე გვაქვს ორ ათეულამდე საბჭო და სტრუქტურა, რომლებიც კანონმდებლობით უკვე არსებული ორგანოების ფუნქციებისა დუბლირებას ახდენენ და ხშირ შემთხვევაში მათ ზემდგომებად გვევლინებიან. მაგალითად, მინისტრთა კაბინეტში არსებობს შესაბამისი მიმართულების სამინიტრო. იმავდროულად იქმნება პრემიერს დაქვემდებარებული იგივე მიმართულების საბჭო, სადაც დარგის მინისტრი რიგით წევრად გვევლინება. ეს წარმოშობს კითხვას, თუ ვინ არის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირი. მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ ცოტა არ არის. გასაკეთებელი საქმის სხვადასხვა ინსტანციებში გაფანტვა, გაუმართლებლად დიდი რაოდენობა სხვადასხვაგარი კომისიებისა, საბჭოებისა, დუბლირებული ორგანოებისა, პასუხისმგებელ პირთა განუსაზღვრელობა აჩენს დაბნეულობას ბიზნეს-წრეებში, ინვესტორებში, საერთაშორისო პარტნიორებსა და საზოგადოებაში. საბოლოოდ კი ეს განაპირობებს ინსტიტუციების მდგრადობის დასუსტებას, მართვის არაეფექტურობას, პროცესების გაჭიანურებას.

დემოკრატიული საზოგადოების სიძლიერე ეფუძნება პიროვნების ცენტრალურ როლს. სახელმწიფო ინსტიტუტთა ეფექტიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საჯარო მოხელეთა მეტ თავისუფლებასა და შესაბამისად, მეტ მაღალ პასუხისმგებლობას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომელ დარგში ვინაა რეალურად გადაწყვეტილების მიმღები და ვისი დამსახურებაა წარმატება ან ვინაა მარცხზე პასუხისმგებელი.

შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ ისეთი მართვის სისტემის ფორმირებაზე, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთს პასუხისმგებელ პირს და არა უპასუხისმგებლობას, საქმის კეთებაზე ორიენტირებულ მოხელეს და არა უინიციატივობას.

შეხედულებას, თითქოს საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, ანარქიისკენ მივყავართ. საზოგადოება ხელისუფლების მაკონტროლებელია, მაგრამ მართვის ტვირთი სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მათ მესვეურებზეა. ამ ინსტიტუტების მოშლით მივიღებთ ქაოსს. ასეთ ვითარებას არ ეყოლება მოგებული მხარე არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში და არც საზოგადოებაში. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ საკუთარი არჩევანისთვის, ვემსახუროთ საქართველოს. და ვის წინაშე გვაკისრია უმთავრესი პასუხისმგებლობა? არავინ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი შრომის დამკვეთად და მის შემფასებლად, გარდა ხალხისა.

და ბოლოს, მსურს სწორედ ხალხს - ჩემი დღევანდელი გამოსვლისა და ყოველდღიური საქმიანობის უმთავრეს ადრესატს მივმართო.

რასაკვირველია, ხელისუფლება უმთავრესია, ვისაც თითოეული ჩვენგანის განვითარების პირობათა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკისრება. მაგრამ ეს ყველას პასუხისმგებლობაა - სწორედ მოქალაქეთა მონაწილეობამ შექმნა ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები. ჩვენც ეს გზა ერთად გვაქვს გასავლელი.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო გარემოება, რომელიც უდიდეს მიღწევად მიმაჩნია - დღეს ხელისუფლება ხალხს უსმენს. საზოგადოებრივი აზრი ხშირად გადამწყვეტია პოლიტიკურ პროცესებში და ეს არაერთხელ დადასტურებულა. ეს არის შანსი, რომ მოქალაქეები უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრებაში. 2012 წელს ჩვენ შევქმენით უფრო თავისუფალი ქართული საზოგადოება. ახლა ჩვენი საქმეა, რას მოვახმართ გამოთავისუფლებულ ენერგიას. რით შევავსებთ თავისუფალ სივრცეს - სიძულვილით, აგრესიითა, წარსულის ტკივილით, თუ მომავლის იმედითა და პოზიტიური ძალისხმევით. როგორ მოიქცეოდნენ ასეთ შემთხვევაში ჩვენი დიდი წინაპრები? როგორი ქცევისკენ მოგვიწოდებენ მომავალი თაობები?

ბოლო ათწლეულებში ხალხის ნება ძირითადად ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტში, ან მხოლოდ კრიტიკაში გამოიხატებოდა. დროა შევუდგეთ ჩვენი უფლებების პოზიტიურად გამოყენებას, სასურველი რეალობის არა მხოლოდ მოთხოვნას, არამედ - შექმნას. საზოგადოების თითოეული წევრი უნდა იქცეს გადაწყვეტილების მიმღებად. სხვა გზა არ გვაქვს - უნდა ვენდოთ საკუთარ თავს და თავად მოვკიდოთ ხელი ჩვენი კეთილდღეობისა და განვითარების საქმეს!

ადამიანები უნდა გაერთიანდნენ, უნდა იბრძოლონ და იშრომონ საკუთარი მიზნების მისაღწევად საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. აქტიურად უნდა ჩაერთონ ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მათ ინტერესებშია - ბიზნესში, ადგილობრივ მმართველობაში, ხელოვნებასა თუ პარტიულ აქტივობაში.

ჩვენ გვაქვს უფლებაც და შესაძლებლობაც, გადავჭრათ უამრავი პრობლემა, ვაქციოთ რეალობად ერთიანი, მშვიდობიანი საქართველო, თავისუფლებისა და თვითრეალიზაციის სივრცე ჩვენი მოქალაქეებისთვის. საერთო სახლი ქართველების, აფხაზების, ოსების, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, მიმზიდველი ადგილი ყველა სტუმრისათვის.

სწორედ ასეთი საქართველოსკენ სწრაფვა წარმართვდა ჩვენ ისტორიას ათასწლეულების განმავლობაში.

ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელ დღეს, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულ რეფერენდუმზე მთელი მსოფლიოსათვის თვალსაჩინოდ გამოხატული ქართველი ხალხის ურყევი ნება სახელმწიფოებრიობის აღდგენისა. ვიცხოვროთ თანამედროვე დამოუკიდბელ სახელმწიფოში.

მაშინ ყველამ ერთად, აფხაზებთან და ოსებთან ერთად მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე დემოკრატიული თანამეგობრობის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი, დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის.

ეს მიზანი არასოდეს დაგვიყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მოქალაქეთა სახელით მკაფიოდ ვაცხადებ: არც არასდროს დადგება! დღესაც ამ მიზანს ვემსახურებით.

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100