სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეგობრის ბავშვი ვითხოვეთ და.." - გურამ შეროზიას უცნაური და ემოციური Love Story

ზუტად ვიცოდი, რომ ოდესმე ამ ისტორიის შესახებ დავწერდი, თუმცა ვიმედოვნებდი, რომ აწმყოში და არა წარსულ დროში, თუმცა…

მოკლედ…

ყველაფერი ბანალურად დაიწყო…

2014 წელი იყო, როცა გავხსენი ბლოგი, დავიწყე მუშაობა იმედის დილის წამყვანად, დაიწყო საჯარო ლექციების და Nx ვიდეო ლექციების ციკლი და ასე ვთქვათ „პოპულიარნოსწ კაკ ბურია ნალეწელა“… ვიღებდი ბევრ ორიგინალურ თუ ბანალურ პირად წერილს. ერთერთი იყო ისიც, როცა მომწერა, რომ ჩემი ბიოგრაფიული ბლოგ პოსტი, ნულიდან დაწყებაზე და შემდგომ მიღწეულ წარმატებაზე მოეწონა…

გავიარეთ…

შემდეგ, მომწერა, რომ ძალიან ვგავდი მის ბოიფრენდს და ჩემთან ფოტოს გადაღება უნდოდა.

მომენტალურად სკეპტიკურად განვეწყვე.

ვერ ვიტან, როცა ჩემში ყოფილ შეყვარებულს ხედავენ და მისი იარების მომშუშებლად განმიხილავენ

ჩემთან შეხვედრა უნდა, როცა “მოქმედი” ბოიფრენდი ჰყავს?

მის წერილებს მოკლედ და უმარილოდ ვპასუხობდი.

მერე დავდე მალდივების ტურზე მოწოდება ხალხისთვის, რომ შემოგვერთებოდნენ. მომწერა და წამოსვლის სურვილი გამოთქვა. მოკლედ ვუთხარი, რომ შევივსეთ.

დადგა ზაფხული, როცა ერთერთი პატარა კაფეს მიერ ორგანიზებულ ივენთზე „დავგოინგდი“, სადაც უცნობ ადამიანებს ერთმანეთი უნდა გაგვეცნო და რაღაც უცნობი თამაშები გვეთამაშა… მისი გოინგიც ვნახე, თუმცა დიდად არ მიმიქცევია ყურადღება.

და დადგა ეს დღეც. მივედი. რამდენიმე რუს-უკრაინელი გოგონა და კიდევ 6-7 ადამიანი გავიცანი და საკმაოდ კარგადაც გავერთეთ. საღამოზე ჩემი ყურადღება ერთმა გოგონამ მიიპყრო, რომელიც რაღაცნაირი იდუმალებით, სიღრმით, საინტერესოობით, დახვეწილობით გამოირჩეოდა, თუმცა სახელი ვერა და ვერ გავიგე.

იმდენად აჟიტირებული ვიყავი, რომ ღამის ორ საათზე, როცა სახლში მივბრუნდი, ივენთის 20-მდე „გოინგს“ შორის გამალებით ვეძებდი ჩემი გასული ღამის ახალ გატაცებას.

და ჰოი საოცრებავ!

ჩემი აღფრთოვანების ობიექტი, სწორედ ის გოგონა აღმოჩნდა, ვისაც ეს რამდენიმე თვე – არაფრად ვაგდებდი და ნორმალური მიმოწერაც კი არ გვქონია. იმავე ღამეს მივწერე. თან გაოცებას ვერ ვმალავდი და თან ძალიან შემრცხვა. ის ღამე ლამის გავათენეთ მიმოწერაში.

როლები შეიცვალა, მიმოწერების ინიციატორი უკვე მე ვიყავი.

თამაშების სერია, იმავე კაფეში, გრძელდებოდა.

ერთხელაც, როცა მის გვერდით სწორედ „ის ბოიფრენდი აღმოვაჩინე, რომელიც ადრე ახსენა და რომელიც მე მგავდა“ ჩემში რაყიფის სულისკვეთებამ გაიღვიძა.

ერთერთი თამაშის დროს მომიწია, რომ ამერჩია ნებისმიერი გოგონა, დამსწრე ოცამდე ადამიანიდან და მეკოცნა. ყველა უკრაინელი გოგონების სამეულისკენ იყურებოდა ღიმილით და სრული მოულოდნელობა იყო, როცა ჩემი არჩევანი – „დაკავებულ ქართველ“ და ნაკლებად გამომწვევად ჩაცმულ გოგონაზე შეჩერდა.

„ბოიფრენდის“ პროტესტს არც კი განვიხილავდი, თუ პრობლემა ჰქონდა, ეს თამაშის დასაწყისში უნდა განეცხადებინა, მე მზად ვიყავი, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ „კუთვნილი“ კოცნა მიმეღო!

ასე გადიოდა დღეები და დადგა გაზაფხულიც. გადავწყვიტეთ ისრაელში გვემოგზაურა ერთად, კიდევ ერთ ჩემ, ბიჭ მეგობართან ერთად. წასვლადე ერთი თვე იქნებოდა დარჩენილი, როცა გამოაცხადა, რომ „არ შეუძლია“ და ვერ წამოვა.

გავცოფდი.

სასწრაფოდ შევთავაზე წამოსვლა ჩემ ორ მეგობარ გოგოს და ოთხნი წავედით.

იერუსალიმში ჩასვლისას ვაიბერში მისი წერილი დამხვდა:

როგორ ცხელა თელ ავივში და ფოტო: welcome to Tel Aviv

ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა! იმავე საღამოს, მის ნაქირავებ სახლში ავედი და კერძების მომზადება დავიწყეთ. სახლი ბოლო სართულზე იყო, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლებოდა. დავლიეთ, „სიმართლის დრო“ ვითამაშეთ და ამ გახსნილობამ ძალიან საინტერესო ეტაპი შესძინა ჩვენს უცნაურ საღამოს.

საღამოს იქ დავრჩი, მე „ზალაში“ მეძინა, შიშველს (რაკი არაფერი მქონდა წამოღებული ძილისთვის), მას საძინებელში, ჩაცმულს.

მიუხედავად სიმთვრალისა, ძალიან ადრე დავაყენე მაღვიძარა და მეამა, როცა ჩემი მომზადებული ყავის სურნელმა გამოაღვიძა. აივანზე უკვე მაგიდა მქონდა გაშლილი.

ერთი ოქროს წესი გვქონდა: როცა რაღაცის ორგანიზებას ერთერთი ჩვენგანი იღებდა თავზე, მეორე არ ვერეოდით. ასე სპონტანურად აღმოვჩნდი ბორჯომის ერთერთ კოტეჯში, თელ ავივის შემდეგ, სადაც სამი დღე, ტელეფონიც არ ჩაგვირთავს. სასაცილოა და სრული ოჯახური იდილიისთვის, მეგობრის ბავშვი ვითხოვეთ და ისიც თან გვახლდა

შემდგომ უკვე ჩემი ჯერი იყო. ამჯერად, მე დავემთხვიე მის გრაფიკს ბარსელონაში და ერთერთ ცხელ საღამოს, 1 საათიანი ფეხით ხეტიალის შემდეგ, ძლივს მივაგენი მის სახლს.

უფრო სწორად, ლა რამბლადან, გრან ვია ურხელამდე ფეხით ჩასული, ჩემ საძებნელად გამოსულმა, მისი სახლის მიმდებარედ მოხეტიალე მიპოვნა…

ჯერ კლუბში გვქონდა შეჯიბრი: ვინ უფრო მეტ „დეითს“ მოახერხებდა. დავმარცხდი.

ის ღამე ბარსელონას ერთერთი ორიგინალური სახლის ვერანდაზე შემოგვათენდა.

დილით მე ნიცასკენ გავუდექი გზას, ის ბერლინისკენ. ამჯერად უკვე ის იყო მეგობრებთან ერთად, მე მარტო.

როგორც კი მანქანაში ჩავჯექი, ვოთსაპში მისი წერილი მივიღე: We miss you!

რატომ არ შეუძლია მთლიანი ემოციის საკუთარ თავზე აღება და ყოველთვის მრავლობითში, მესამე პირში და ზოგადად, შემოვლითი გზებით რატომ გამოხატავს? გავიფიქრე და გამეღიმა, მეც ზუსტად ასეთი ვიყავი…

და დადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ანუ ახალი გამოცდის დრო: ჩვენ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, სპონტანურად, ერთ დღეში.

მახსოვს, იმ დღეს ძალიან ვნერვიულობდი, აქამდე არავისთან მეცხოვრა, 10 წელზე მეტია, ოჯახთანაც კი. იდილიას ისიც ამძაფრებდა, რომ ჩვენს ურთიერთობაში არ არსებობდა არცერთი ბინძური ენა, უადგილო ხელი, ა.შ. ეს მხოლოდ ჩვენ ვიცოდით. და კიდევ, ჩემი სახლის წინ მომუშავე „სტაიანშიკმა“, რომელიც სულ წუწუნებდა, როცა მანქანას ვაყენებდი და თანხას კარგავდა, აი მის მანქანას კი – განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა და ყველა გასვლაზე უღიმოდა, რაც მე არასდროს მღირსებია.

ღამით, როცა დაძინება ორივეს გაგვიჭირდა, მოულოდნელად ჩემი ყურადღება ერთ, მეტად მარტივ თემას მიაპყრო:

გესმის საათების წიკწიკი, ყველა ოთახში საათებია, ასეთ ხმაურში როგორ იძინებ? – მკითხა და მეც მივაყურადე.

აქამდე თუ არასდროს შეუშლია ხელი საათებს, ახლა უკვე მეც მესმოდა და მიფრთხობდა ძილს. ავდექით და ყველა საათი ჩამოვხსენით, ელემენტები გამოვაცალეთ და ხელახლა დავკიდეთ. სახლში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა.

ყველაზე რთული წიგნივით იყო, რომელიც არასდროს გბეზრდება, უამრავჯერ კითხულობ და ზუსტად იცი, ყოველი მორიგი წაკითხვის შემდეგ, კიდევ აღმოაჩენ სიახლეს.

ხან კინოში ვიყავით, ხან უბრალოდ, რამდენიმე ჭიქა ღვინოს დავლევდით და „გადაცმულები“ მუშტაიდში ვსერინობდით ღამით, ან სადმე მიყრუებულ ადგილას, ღამის საუბრებს ვაწყობდით. რამდენიმე უახლოესი მეგობარიც გვსტუმრობდა ხოლმე.

თანაცხოვრებას რამდენიმე საინტერესო და სახასიათო შტრიხი ჰქონდა:

საღამოს ჭიქა ღვინით ვხვდებოდით, მე წითელი, ნახევრად ტკბილი, ის თეთრი მშრალით

ერთი გასაღები გვქონდა, მე 1 საათით ადრე გავდიოდი, როცა მას ჯერ კიდევ ეძინ, შესაბამისად, კარს გარედან ვკეტავდი და შემდგომ გასაღებს ფანჯრიდან ვაგდებდი სახლში – ესეც რაღაცნაირი რიტუალი იყო.

დავიწყეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ყოველ დილით, საშინლად უგემური, მის მიერ წინა ღამით მომზადებული წყლიანი ჰერკულესი მხვდებოდა ჭიქაში. მორჩილად მივირთმევდი სახლიდან გასვლის წინ ჩემ კუთვნილ დოზას.

ჭურჭლის რეცხვა, დალაგება და სხვა საოჯახო საქმეები – თანაბრად გვქონდა გადანაწილებული;

ღამით ორივე დაქანცული ვბრუნდებოდით სახლში, ხელახლა ვივსებოდით ენერგიით და მეორე სიცოცხლეს ვიწყებდით სადმე თეატრში, კინოში, ან რამე უცნაურ ადგილას.

ერთმანეთის თვალით დანახული, ფოტოებზეც განსხვავებულად ლამაზად და საინტერესოდ გამოვდიოდით, თითქოს სამყაროს სულ სხვა ხედვა გვქონდა, ბევრ რამეში განსხვავებული, მაგრამ ურთიერთ შემავსებელი…

მიუხედავად, გარშემო ადამიანების სიმრავლისა, არასდროს გვიეჭვიანია, ორივე დარწმუნებული ვიყავით, ჩვენს განუმეორებლობაში, ერთმანეთისთვის განსაკუთრებით…

ზამთრის ღამეები, მისი ცივი ფეხების ჩემ თბილ სხეულზე გათბობაც, ცალკე რიტუალი იყო.

ჰო, ჩვენ არ შეგვეძლო ემოციების ღიად, უშუალოდ გამოხატვა, დრამატიზებაც არ გვიყვარდა, თუმცა ორივე ვეთანხმებოდით იმ აზრს, რომ ბანალური, გაცვეთილი ფრაზები – ურთიერთობას შაბლონურს ხდის, რაც მთავარია ჩვენ ვგრძნობდით შინაგან ემოციურ კავშირს, რაც დოკუმენტურ დასტურს არ საჭიროებდა.

რა მოხდებოდა, თუ მეტყოდა, რომ ვუყვარვარ? ალბათ საგონებელში ჩავვარდებოდი, რაკი „მეც მიყვარხარ“ პასუხი, ბანალურ, უინტერესო წყვილად გვაქცევდა, სხვა პასუხს კიდევ – ვერ მოვიფიქრებდი. ანალოგიურად, მე რომ მეთქვა იგივე, რა ფორმით მეამებოდა პასუხი? ზუსტად ამიტომ, ჩვენს ურთიერთობას გაცილებით ღრმა და არაამქვეყნიური იდილია ჰქონდა, რადიკალურად განსხვავებული ცისგანაც და დედამიწისგანაც.

ამასობაში, მეზობლებმა შენიშნეს, რომ ჩემს სახლში ვიღაც ცხოვრობს და უმალ შიკრიკი აფრინეს დედაჩემთან. ოჯახში გაიგეს, რომ გურამთან სახლში, ვიღაც იდუმალი გოგონა ცხოვრობს. მის სახეს ვერ ხედავდნენ, სახლიდან ქუდით, ან კაპიუშონით გადიოდა და მეზობლებსაც ყოველ ჯერზე უწბილდებოდათ გუნება, მანამ, სანამ…

ერთხელ, „გენერალური უბორკის“ ჩასატარებლად, სახლში 45 წლამდე ასაკის, დამლაგებელი ეკა მოვიყვანეთ, რომელმაც სულ ღიღინით გამოფინა გარეთ, დარეცხილი თეთრეული.

ასე „გამიბაზრდა“ სამეზობლოში, რომ 50 წლამდე, მეგრელ ქალთან ვცხოვრობ.

მოახლოვდა ახალი წელიც, ასევე სპონტანურად ვიყიდეთ ბუდაპეშტის ორი ბილეთი, საიდანაც ზაგრებში და ლუბლიანაში გადასვლა დავგეგმეთ. ორგანიზებაც თანაბრად გავყავით, რაც ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა:

პირველი სამი დღე მისი იყო (სადაც მე არ მქონდა ჩარევის უფლება და ყველაფერს უნდა დავთანხმებოდი), სავარაუდოდ რომელიმე, 4 ან 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ბოლო სართულზე ვიცხოვრებდით, ლამაზი ხედებით… დავლევდით ღვინოს, შემდეგ წავიდოდით კლუბში და უკანა გზაზე, ფეხით სეირნობისას შემოგვათენდებოდა. დღისით მანქანას ვიქირავებდით, სადაც საჭესთან ის დაჯდებოდა და მთელ ქალაქს ასე მოვივლიდით

ჩემი სამი დღე, სადაც ამჯერად ის იყო უუფლებო – რადიკალურად განსხვავებული უნდა ყოფილიყო მისი სამი დღისგან: ამჯერად ვინმე უნგრელი მასპინძლის სახლში, იატაკზე გაშლილ ლეიბზე დავიძინებდით, თოვლში ბევრს ვივლიდით ფეხით, ვჭამდით ქუჩაში და დავლევდით Take Away ცხელ ყავას… შევხვდებოდით უამრავ ადამიანს და გავცვლიდით ისტორიებს, ქუჩაში ავტოსტოპით გადავადგილდებოდით, კლუბის ნაცვლად, ახლად შეძენილი ნაცნობების სახლებში ორგანიზებულ ივენთზე დავლევდით არაყს და „ზაკუსკად“ მხოლოდ ჩიპსებს და ყველს მივატანდით…

თვალწინ რუსული თუ უკრაინული გადაცემა, „არიოლ ი რეშკა“ მედგა და ეს კონტრასტები საშინლად მომწონდა!

ამასობაში მეორე ბინაც ვიყიდე და ნელნელა სარემონტო საშუალებების სამზადისი დაგვეწყო. გემოვნებაში დავემთხვიეთ…

დეკემბერი ორივესთვის მძიმე იყო, 11 საათზე ადრე სახლში ვერ ვბრუნდებოდით სამსახურებიდან, შემდეგაც, ხან სტუდენტების ნაწერები გვქონდა გასასწორებელი, ხან შედეგი დღის შეხვედრები დასაგეგმი.

არ მინდა მიზეზებზე საუბარი, შესაბამისად, რამდენიმე მოკლე წინადადებით დავასრულებ:

ევროპული მოგზაურობა ვერ შედგა, გაფრენის წინა დღეს გავიგე, რომ მარტო მივდიოდი.

ახალ სახლში მარტო გადავედი

ხშირი მიმოწერა და შეხვედრებით არ გამოვირჩევით…

ზამთარიც მოვა, სადაც სხვის, ან ჩემივე ცივ ფეხებს ისევ დავათბობ

ყოველთვის, როცა სახლში ღვინო ამომაქვს და მარტო ვსვამ, მგონია, რომ სადღაც შორს, ისიც იგივე რიტუალით არის დაკავებული და ჩვენ ისევ ერთად ვართ, ფიზიკურად შორს, ემოციურად – გვერდიგვერდ

საათი ისევ ყველა ოთახში კიდია, მათი წიკწიკი აღარ მესმის…

თუმცა…

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100