რატომ უყვართ ქართველ ქალებს ბონდარენკო ასე ძალიან და როგორ გავხდეთ მასავით პოპულარული?
(ბლოგერ გურამ შეროზიას პოსტი სტანისლავ ბონდარენკოზე)
ამ თემაზე დაწერისგან დიდი ხანია თავს ვიკავებ… ვიცი, რასაც დამწამებენ და წინასწარვე ვარ შეგუებული… თან მაინც, ვადასტურებ, რომ მასზე არსებული დიდი მოთხოვნის არ მშურს, არც რამე მაქვს მისი საწინააღმდეგო, თუმცა ახლად გამობრწყინებულ ქართულ ღმერთზე მაინც დავწერ ორიოდ სიტყვას…
სადაც არ უნდა შეიხედო, ყველგან მსგავსს ტექსტებს აქვს წალეკილი საიტები თუ სოციალური ქსელები:
რომელ ქართველზე გადაირია სტანისლავ ბონდარენკო
ვინ არის გოგონა, ვის გამოც სტანისლავ ბონდარენკო ცოლს დაშორდა
აი რას წერს სტანისლავ ბონდარენკო ქართველებზე
სტანისლავ ბონდარენკო თბილისში ჩამოდის!!!
სტანისლავ ბონდარენკო ქუთაისელი გოგონების დახვედრამ შეაშინა
რას წერს, რას ჭამს, როგორ ამთქნარებს, ტუალეტში რამდენ ხანს ყოვნდება, ვინ მოსწონს, როგორ ცეკვავს… ბონდარენკო, ბონდარენკო, ბონდარენკო!!!!
მის გვერდზე შეიხედავ და აწ უკვე უთავმოყვარეო გოგონების აღლუმი გაშფოთებს, სადაც ღიად და საჯაროდ ემუდარებიან მეგობრებში დამატებას, შეხვედრას, ა.შ. (!)
დამტვრეული რუსულით და ინგლისურით შრიფტით დაწერილი კომენტარებიც ცალკე შოუა:
– ia tibia liublu
– saidu suma
– nauchis gruzinskoe tosti I budesh nastoiashem gruzinam (ამაზე ოცნებობს სტანისლავიც, ვიცი)
– ან კიდევ ქართულად ახსნილი სიყვარულ-ები (დარწმუნებული ვარ, ზის და გუგლ თრანსლეითით თარგმნის ბონდარენკო)
მოკლედ, მოვიკითხე, ვინ ბრძანდება ბატონი სტანისლავი და რა როლი აქვს ფილმში, როგორც მაცნობეს, რომ მისი გმირი ვლად ორლოვი – ქალებზე თავგადაკლული კაცია, რომელიც მზად არის ფეხქვეშ გაეგოს, ყველაფერი გააკეთოს, დაემონოს და ა.შ.
მერე ერთ-ერთ კლუბში გადავაწყდი, სადაც საერთოდ ვერ დაჩრდილა ქართველი ბიჭების გარეგნობა (ნუ თუ გაგიხარდებათ, იყოს: ჩემი დაჩრდილა მხოლოდ), აშკარად მასზე უკეთესი მამაკაცები იყვნენ იქ და მასზე ბევრად უკეთაც ცეკვავდნენ, ქართველი ქალები კი მაინც მასზე გიჟდებიან.
რაკი მაინც ვერ მივხვდი, იმიტომ, რომ ამ სერიალს არ ვუყურებ, ვკითხე ერთ, მეტად კომპეტენტურ გოგონას, რაზეც შემდეგი პასუხი მივიღე:
„ჩვენს ქალებს ეს ყველაფერი აკლიათ. დღეს საქართველოში იშვიათია მამრი, რომელიც საყვარელი ქალის გამო ყველაფერს უკან დახევს და მასთან ყოფნისთვის თუნდაც იმის ნახევარს იბრძოლებს რაც ვლად ორლოვმა იბრძოლა სერიალში „დამიბრუნე ჩემი სიყვარული“
ქართველ ქალებს სწორედ ეს მოეწონათ და არა მისი გარეგნობა ან რაიმე განსაკუთრებული ქარიზმა. ამიტომ მგონია თუ ქართველი მამაკაცები ოდნავ მაინც დაემსგავსებიან ბონდარენკოს გმირს მაშინ ქალების ყურადღება და კეთილგანწყობა სლავური წარმოშობის ღმერთკაციდან ისევ მათზე გადმოერთვება.“
მე კიდევ, მიზეზი უფრო ის მგონია, რომ დღემდე „არასწორ“ მამაკაცებს ხვდებოდით და ნათელ მხარეზე გადმოსვლის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ გაქვთ…
კომენტარი