სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

50 წლიანი დიალოგი უცნაურ სიყვარულზე

-მენატრებოდითქო, რომ გითხრა დაიჯერებ?

-რატომაც არა..

-შეცვლილი ხარ!

-მართლა? როგორ?

- წლების წინ მხოლოდ თვალები იყავი, ახლა კი ყველაფერი ხარ თვალების გარდა...

-ახლა თვალებს მუქი სათვალის უკან ვმალავ

-წლების წინ მხოლოდ სიყვარული შეგეძლო, ახლა კი ყველაფერი შეგიძლია სიყვარულის გარდა...

-სიყვარული? სასაცილოა!

-წლების წინ მხოლოდ ოცნებები გქონდა, ახლა კი ბევრი რამ გაქვს, მაგრამ ოცნებები აღარ...

- მაშინ ღრუბლებში დავფრინავდი ახლა კი მიწაზე ვდგევარ.. მიწაზე კი გეგმების ქონა უფრო ამართლებს, ვიდრე ოცნებების

-ნუთუ არაფერი შემოგრჩა იმ ადამიანისგან მე, რომ ვიცნობდი

-არ ვიცი, შენ რომელს მიცნობდი

-ქალაქის ქუჩებში სეირნობა და წვიმა, რომ უყვარდა იმას

-აღარ მიყვარს

-ნაყინი ზამთარში?

-აღარც ზაფხულში

-ზღვა?

-მზე თავს მატკიებს, ზღვა კი უმზეოდ მოსაწყენია

-შექსპირი?

-ახლა ბეგბედერი მირჩევნია

-ის ხომ ცინიკოსია

-რეალისტიც

-ინვალიდი მეზობელი, რომ გყავდა ისევ დადიხარ მასთან ნარდის სათამაშოდ?

-აღარ მცალია

-როცა ხელფასი მექნება 10%-ს მათხოვრებს დავურიგებო, მახსოვს ასე ამბობდი სტუდენტობის დროს..

-მართლა ვამბობდი მაგას?!

-წლების წინ მართლა სხვა, რომ იყავი ხვდები?

-ვხვდები

-წლებითქო ვამბობ, მაგრამ ნუთუ 10 წელი ბევრია? ასე სწრაფად როგორ მოასწარი საკუთარ თავში საკუთარი თავის ჩაკვლა?

- სიკვდილს წლები კი არა წამი სჭირდება

-როდის დადგა შენთან ეგ წამი?

-მაშინ!

-ყველაზე ცუდი ალბათ ისაა, რომ შენ შენი დღევანდელი სახე უფრო მოგწონს, შენი ჩაკეტილი სული და გაყინული გული გეამაყება.. გგონია, რომ სუსტი აღარ ხარ და გიხარია, მე კი ახლა ყველაზე სუსტი მგონიხარ ვიდრე ოდესმე..

-...

-სად არის ის ვინც, სადღაც მიყრუებული სოფლის ქოხშიც კი იცხოვრებდა სიყვარულთან ერთად... რატომ იწყება დღეს შენი ბედნიერება ძვირადღირებული „ჟეშტით“ და რატომ გახდა ქაღალდის კუპიურები შენი ცხოვრების ხერხემალი?

-ფულით იმ ბედნიერებას ვყიდულობ, რომელიც შენმა სიყვარულმა ვერ მომიტანა

-მთელი ეს წლები იმდენს ვოცნებობდი, შენს ნახვაზე... ახლა კი, გიყურებ და ვხედავ, რომ აქ არ ხარ, აქ კი არა არსად არ ხარ, შენ საკუთარი თავი მოკალი და ახლა ახალგაზრდა გვამი ხარ...

- და შენ ეს გულს გტკენს?

-რათქმაუნდა

-მეც მეტკინა მაშინ...

*************************************************************

კიდევ 5 წლის შემდეგ...

-როგორ ხარ?

-კარგად

-შეცვლილი ხარ, დაღლილი სახე გაქვს

-ხო, ბევრს ვმუშაობ

-მედიდურიც

-ჩემს შრომას შედეგი მოაქვს

-ხო, ხშირად მესმის შენი სახელი, ამასწინათ გაზეთშიც ვნახე შენი ფოტო... გულის სიღრმეში მეამაყები

-გმადლობ

-შენს თვალებში რაღაც ახალი გაჩნდა

-ალბათ, ჩემი შვილი

-სიყვარულის უნარიც დაგიბრუნდა?

-უბრალო კი არა ზებუნებრივი სიყვარულის

-ოცნებაც დაიწყე?

-კი, მის ნათელ და ბედნიერ მომავალზე ვოცნებობ

-გამიკვირდა აქ შენი ნახვა, სეირნობა ხომ აღარ გიყვარდა

-ჩემს პატარასთან ერთად მოვდივარ ხოლმე აქ, აი ხედავ იმ ანგელოზს წითელი ბურთით ხელში? ჩემი შვილია

-მეუღლე?

-მზრუნველია, მოსიყვარულე, ჩემზე უზომოდ შეყვარებული, მოკლედ ისეთი როგორიც შენ ვერასოდეს იქნებოდი

-გიყვარს?

-სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს..

-მე და შენ, ხომ გვიყვარდა ერთმანეთი?

-გვიყვარდა, ოღონდ სხვადასხვა დროს


**************************************

კიდევ 5 წლის შემდეგ:

-გავიგე შენი ამბავი და არ შემეძლო არ მოვსულიყავი

-უნდა დამცინო? თუ გიხარია სულ ტყუილად ზეიმობ, მე თავს უბედურად არ ვგრძნობ

-არა, რას ამბობ მე ხომ...

-კარგი მაპატიე, ნერვებს ავყევი

-რატომ დაშორდით?

-დაიღალა ჩემი სიყვარულით და ჩემი უსიყვარულობით

-საბოლოოდ დაშორდით?

-კი

-მართლა კარგად ხარ?

-მე კი, მაგრამ ბავშვზე ვნერვიულობ მხოლოდ. მას ხომ დედაც სჭირდება და მამაც

-მე შემიძლია რაიმეთი დაგეხმარო?

-მაგრად ჩამეხუტე

-...

-...

-...

-ახლა კი წადი, ბევრი საქმე მაქვს, დაგირეკავ, როცა მოვიცლი

****************************************

კიდევ 30 წლის შემდეგ:

-რატომ მოხვედი?

-არ შემეძლო არ მოვსულიყავი

-ეგ შენი მედიდური სახე ახლა მაინც დაგეტოვებინა კართან

-გძულვარ?

-არც შენ გიყვარვარ!

-აბა აქ რატომ ვარ ახლა?

-დასამშვიდობებლად მოხვედი ალბათ

-მე და შენ ვერასოდეს დავემშვიდობებით ერთმანეთს, იმიტომ, რომ ყოველთვის ერთი მთლიანობა ვიყავით... გაგირბოდი, მაგრამ მაინც შენთან ვიყავი მუდამ

-რატომ არ დამირეკე მაშინ?

-ხომ გითხარი გაგირბოდითქო

-რატომ გარბოდი?

-გსჯიდი, ხან შენ გსჯიდი და ხანაც საკუთარ თავს

-რისთვის?

-რომ მიყვარდი იმისთვის... სიყვარული სისუსტეა, ეს სამყარო კი სისუსტეებს არ პატიობს ადამიანს

-მე შენი სისუსტე მიყვარდა, გჯერა?

-ჩემი სისუსტის ფონზე შენ ძლიერი ჩანდი, სინამდვილეში კი ყოველთვის სუსტი იყავი და მე მძულდა ჩემი თავი შენისთანა სუსტის სიყვარულისთვის

-მე დამღუპა ჩემმა სისუსტემ, მაგრამ არც შენ აუშენებიხარ შენს სიძლიერეს

-ცდები!

-არ ვცდები, შენ შენი ცხოვრება ფულის, სახელისა და ძალაუფლების მოპოვებას შეალიე, მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ მოგცა ის რისი მოცემაც მე შემეძლო. მთელი ცხოვრება სხვაგან ეძებდი იმას რაც ჩემთან გელოდა

-ცდები მეთქი

-აბა რატომ მოხვედი ახლა? რატომ გაღრმავდა შენს სახეზე ნაოჭები? რატომ აივსო შენი თვალები ტკივილით? ცრემლებს არ მაჩვენებ, მაგრამ ვიცი მთელი შენი არსება ტირის ახლა... ტირის რადგან მე შენ ისევ გტოვებ, გტოვებ ზუსტად ისე, როგოც წლების წინ... მე მიხარია, რომ ვკვდები, მიხარია, რომ პირველი მივდივარ და გტოვებ... ეს ჩემი შურისძიებაა, სამაგიეროს გიხდი, სიჯიუტისთვის, შენს ლოდინში გატარებული წლებისთვის, შენს გარეშე გასული ყოველი წამისთვის გსჯი... მიხარია, რომ ვკვდები, რადგან შენ ახლა იმაზე მეტად გტკივა გული ვიდრე მე მტკიოდა მთელი ამ წლების მანძილზე

-სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს.. ჩვენ კი ეს თამაში არ ვითამაშეთ... ჩვენს სიყვარულში ხან ერთს უყვარდა, ხან მეორეს... ჩვენს სიყვარულში ხან ერთი არ აძლევდა სიყვარულის უფლებას, ხან მეორე...

-თუ სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს, მაშინ ჩვენი სიყვარული სიყვარულზე მეტი იყო, რადგან ჩვენ ერთმანეთის ცალმხრივი სიყვარულისგან დაცვა გვინდოდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100