"თუ მენტორის ფავორიტი არ ხარ, ვარსკვლავებს რომ წყვეტდე არ გაგიმართლებს" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ "დრონი.ჯი"-სთან
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოებამ პირველად „ვოისიდან“ გაიცნო. ბრმა ქასთინგზე მისულ კონკურსანტს ქეთა თოფურია პირველივე წამებზე შემოუბრუნდა. სწორედ აქედან გახდა მისი ფავორიტიც. პროექტის დასრულების შემდეგ მომღერალი „ა სტუდიოს“ სოლისტისა და ნატო დუმბაძის დახმარებით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კონცერტები გამართა. "ბრწყინვალე მუსიკოსი და არტისტი" - ამ სიტყვებით ხვიჩა თავის დროზე ფილიპ კირკოროვმაც შეაქო. სამშობლოში დაბრუნებულმა კი კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო. მივიდა “X ფაქტორიში“ და მისი სიმღერით ჟიურის ოთხივე წევრი მოხიბლა. კონკურსანტი პროექტის ერთ-ერთ ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა გუშინ ორი სკამის ტური ვერ გადალახა. ელოდა თუ არა ასეთ შედეგს და რამდენად კმაყოფილია საკუთარი ნამღერით, ამაზე ხვიჩა კვარაცხელია „დრონი.ჯი“-ს ესაუბრა:
გუშინ „X ფაქტორი“ დატოვე, არადა ერთ-ერთი ფავორიტი იყავი, მოულოდნელი იყო შენთვის ასეთი შედეგი?
ჩემი არჩევანი არ იყო ეს სიმღერა მემღერა. სოფო ნიჟარაძემ პროდუსერებთან ერთად შემირჩია. იმის შემდეგ, რაც გავიგე, რა რეპერტუარი მქონდა, მოულოდნელი აღარ ყოფილა. როცა მომცეს, მივხვდი, რომ სულ სხვა ჟანრი იყო. სხვა სიმღერაში უკეთ გამოვავლენდი ჩემს შესაძლებლობებს.
როგორ ფიქრობ, გუშინდელი შენი ნამღერიდან გამომდინარე იყავი ღირსი პროექტი დაგეტოვებინა? შენი ნამღერით თუ ხარ კმაყოფილი?
ამ სიმღერით და ჩემი მონაცემებით კმაყოფილი ვარ, მაქსიმალური გავაკეთე. მეტს ვერ გავაკეთებდი, ეს ქალის სიმღერაა, ქალს სხვა დიაპაზონი აქვს, ბიჭს კი სხვა. მგონია, რომ თავი კარგად გავართვი. მე მონაწილე ვარ და მინდოდა რომ დავრჩენილიყავი.
სოფოზე ხომ არ ხარ გულდაწყვეტილი?
გულდაწყვეტული სოფოზე არა, უბრალოდ თავიდანვე თუ გახდი მენტორის ფავორიტი, პირველი არჩევანი, პირველი ემოცია, ვისზეც ამყარებს იმედებს, მაშინ გაგიმართლებს. თუ არადა ვარსკვლავებს რომ წყვეტდე, არ გაგიმართლებს. ასეთი ფავორიტი ორი უკვე შეარჩია.
რომელს უგულშემატკივრებ განსაკუთრებით ბიჭებიდან?
ორივე ჩემი მეგობარია და ორივეს თანაბრად ვუგულშემატკივრებ.
რა მოგცა ამ პროექტმა?
გამახსენა ხალხის სიყვარული. პროფესიული თვალსაზრისით გამზარდათქო ვერ ვიტყვი, როგორიც მოვედი ისევ ისეთი ვარ. სატელევიზიო პროექტში მონაწილეობის გამოცდილებაც უკვე მქონდა. ხალხის სიყვარული და ახალი მეგობრები მომცა.
უკან რომ დაგაბრუნა ახლა თუ მიიღებდი მონაწილეობას?
კი რატომაც არა. ჩვენი, კონკურსანტების, მიზანი იყო რომ დიდხანს ვყოფილიყავით პროექტში. გულდასაწყვეტია, რომ აღარ ვარ, მითუმეტეს, ასეთი გამოსვლის შემდეგ, რაც არ იყო სრულიად ჩემი. ვისურვებდი დამემტკიცებინა, მემღერა ის, რაც მე მინდოდა და მომეგო მაყურებლის გული.
პროექტში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?
„ვოისის“ შემდეგ მოსკოვში წავედი, შემდეგ ვიზა დამიმთავრდა და ერთი თვე თბილისში დავბრუნდი, დრო მქონდა რომ რამე გამეკეთებინა. კასტინგის ბოლო დღე იყო და გავალთქო ვიფიქრე. შემდეგ ჩამითრია პროექტმა, შევედი აზარტში და ვფიქრობ, რომ გაამართლა ჩემმა გამოსვლამ, კარგი გამოსვლები მქონდა და ხალხს კარგი დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ.
ახლა რა გეგმები გაქვს, რას აპირებ კარიერის მხრივ მომავალში?
ვმუშაობ საკუთარ სიმღერებზე, კლიპსაც გადავიღებ. მყავს საკუთარი ბენდი, რომელზეც ზაფხულშ მოსკოვში კონკრეტული გეგმებიც მაქვს. ქეთასთან მაქვს კონტაქტი, გვერდში მიდგას და მუდამ მზადაა დამეხმაროს. სწორედ მისი დახმარებითაა ეს ზაფხულში მოსკოვში გამგზავრების გეგმაც. ვნახოთ როგორ წავა აქ საქმეები. თუ საქართველოში სარფიანი პროექტი არ გამოვა, უკან დასახევ გზად მოსკოვს ვიტოვებ და ისევ იქ წავალ.
კომენტარი