სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაბურძანიას თერგდალეულები, ლეიბორისტების მიმართვა და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 11 მარტს საქართველოში მიმდინარე იმ მოვლენებსა და ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

ხაბურძანიას თერგდალეულები - უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია პარტიას ქმნის, რომელსაც სავარაუდოდ, "თერგდალეულები" ერქმევა და თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. ხაბურძანია პოლიტიკაში დაბრუნების სურვილს ქვეყანაში რუსული ორიენტაციის პარტიების ნაკლებობით ხსნის. მედიასთან საუბრისას ხაბურძანიამ სავარაუდო პარტნიორებად კახა კუკავას, ზურაბ ნოღაიდელის, მინდია გულუასა და ნინო ბურჯანაძის პარტიები დაასახელა.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა - "ქართუ ჯგუფის" ოფისში კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე საათს გაგრძელდა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შუალედური არჩევნები იყო. "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატებზე იმსჯელა, თუმცა მათი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით, მათი კანდიდატების ვინაობა მალე გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები 27 აპრილს სამ ოლქში: ბაღდათში, სამტრედიასა და ნაძალადევში ტარდება.

"ლეიბორისტული პარტია" დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების პრემიების სახით გაცემის წინააღმდეგ გამოდის. პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ მცირე დროში მივლინებებში, პრემიებსა და ლობისტური ჯგუფების დაქირავებაში 100 მილიონი ლარი დახარჯა. გუგავას თქმით, ეს თანხა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისთვის იქნებოდა საკმარისი. "ლეიბორისტები" მთავრობას მიმართავენ და წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებენ.

ბაჩო ახალაია მერვე საპყრობილეში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გლდანის ციხეში გუშინ საღამოს მოათავსეს. ე.წ. მატროსოვიდან სხვა დაწესებულებაშია გადაყვანილი გაგა მკურნალიძეც, რომელიც ციხის სკანდალური კადრების საქმეშია ბრალდებული. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მათი გადაყვანა მატროსოვის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას უკავშირდება. სოზარ სუბარის თქმით, ბაჩო ახალაია გლდანის #8 საპყრობილეში უფრო დაცული იქნება.

ვაზიანის დასახლებაში ხუთსართულიანი კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა არსებული მომაცემებით, სავარაუდოდ ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რაც შეეხება კორპუსის ნგრევის გამომწვევ მიზეზებს, ადგილობრივები ამის მიზეზად კორპუსის ავარიულ მდგომარეობას ასახელებენ. შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც საცხოვრებელი კორპუსიდან მობინადრეების ევაკუირება ოპერატიულად მოახდინეს.

ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში ცეცხლი გაუხსნეს - საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონს ავღანეთში სოფელ შაბანში გეგმიური ქვეითი პატრულირების დასრულების შემდეგ, ქვეითი პატრულის ბაზაზე დაბრუნებისას, ერთ-ერთი გამოქვაბულიდან ქართველ ჯარისკაცებს მცირე კალიბრიანი იარაღიდან პირდაპირი ცეცხლი გაუხსნეს. სავარაუდო ცეცხლის მიმართულების დადგენის შემდეგ, ბრძოლაში ჩართვის წესების შესაბამისად, ქართველმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმე წუთიანი ინტენსიური სროლების შედეგად, ამბოხებულებმა საცეცხლე პოზიციები დატოვეს და მიიმალნენ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თელავში, კახეთის პრობაციის ბიუროს ოფისში ვიდეოპაემნების სერვისი ამოქმედდა. ის ნებისმიერ პირს საშუალებას აძლევს, მსჯავრდებულთან დაამყაროს პირდაპირი, ვიზუალური და ხმოვანი კავშირი. ვიდეოპაემნების სერვისი, რომელიც საზოგადოებასთან მსჯავრდებულის ინტენსიური კონტაქტის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ამ ეტაპზე უკვე ხორციელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და დღეიდან უკვე თელავის პრობაციის ბიუროში, საიდანაც შესაძლებელია დაკავშირება რუსთავის მე-16, მე-17, ქსნის მე-15 და არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებთან. ვიდეოპაემნების სერვისით სარგებლობა ერთდროულად შეუძლია სამ პირს. მისი ხანგრძლივობა 15 წუთით განისაზღვრა. ვიდეოპაემნების სერვისის ამოქმედებას დღეს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო.

დაცვის მხარეს ისეთი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება ეძლევა, როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებში ცვლილებების განხორციელების ინიციატივით მთავრობა პარლამენტში უკვე შევიდა. ცვლილებები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" აისახება. დღეს მოქმედ კოდექსში წერია, რომ დაცვის მხარე არ არის უფლებამოსილი, ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს. ახლა მას ეს უფლება ეძლევა და ამავე პროექტის გათვალისწინებით, ექნება შესაძლებლობა, მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება სახელმწიფო ორგანოებიდან და კერძო დაწესებულებებიდან. "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, სიახლე იქნება ისიც, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობით საგამოძიებო მოქმედება არ შეიძლება იმ გამომძიებელმა ჩაატაროს, რომელიც მოცემულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს. ამასთან, დაუშვებელი ხდება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას პროკურორის დასწრებაც.

საპროტესტო აქცია კანცელარიასთან - "ქალთა ერთიანობის ასოციაციამ", სოციალურად დაუცველებთან ერთად, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართა. სოციალურად დაუცველები გოძიაშვილის #7-ში საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების შეჩერებას მოითხოვენ. ყოფილი გეოფიზიკის ინსტიტუტის კუთვნილ შენობაში 60 სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ისინი მთავრობას ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ან გამოსახლების შეჩერებას სთხოვენ.

ყოფილი "ზაკვოს" შენობაში "თი-ბი-სი ბანკმა" დაცვა დააყენა. აღნიშნულ ფაქტს იქ მცხოვრები მოსახლეობისგან პროტესტის სახით გამოხმაურება მოჰყვა. როგორც იქ მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, ის პირები, ვინც ღამით შენობიდან გასულები იყვნენ, დილით დაცვამ აღარ შეუშვა. მოსახლეობის თქმით, "თი-ბი-სი ბანკი" მათ არამარტო შენობაში უკანონოდ შეჭრაში, არამედ ნარკოტიკების მოხმარებასა და პროსტიტუციაში სდებს ბრალს. მოსახლეობის აღნიშნულ პრობლემას არასამთავრობო ორგანიზაცია "უსახლკარო დევნილთა და სოციალურად დაუცველთა კავშირის" წარმომადგენელი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა და ისინი "თი-ბი-სი ბანკის" წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ. ეგრეთწოდებულ "ზაკვოს" შენობაში დევნილთა 35-მდე, ხოლო სოციალურად დაუცველთა 70-მდე ოჯახი 19 ოქტომბერს დაბინავდა. შენობა ამჟამად "თი-ბი-სი ბანკის" მფლობელობაშია და ბანკი მოსახლეობას შენობის დატოვებას სთხოვს.

საქართველოში "მუსულმანურ-დემოკრატიული მოძრაობა" დაფუძნდა. "მუსულმანურ-დემოკრატიული მოძრაობა" სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რომელიც სახელმწიფოებრივ თვითშეგნებაზე, დემოკრატიულ ფასეულობებსა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ეფექტურ ჩართვაზე იქნება დაფუძნებული. ორგანიზაციაში გაწევრიანება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ის არ წარმოადგენს რომელიმე უმცირესობის ინტერესებს, არამედ სახელმწიფო შეგნების გამყარებას ემსახურება. მოძრაობის ფარგლებში აზიის თავისუფალი სკოლა შეიქმნება, სადაც სამი თვის განმავლობაში ცნობილი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ლექციევბის მოსმენა იქნება შესაძლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100