სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ იყვნენ სამანელები და რატომ ერჩოდა მათ სტალინი?

ზემო ალვანში სტალინის ძეგლის აღდგენა-არ აღდგენის გარშემო ატეხილი ხმაურის შემდეგ, droni.ge ალვანის ყოფილ გამგებელს თამაზ ალვანელს გაესაუბრა. ბატონი თამაზი სოფელ ალვანის გამგებელი 90იან წლებში გახლდათ და ამჟამად ის აშშ-ში ცხოვრობს. Droni.ge-სთან სუბრისას ბატონი თამაზი მკითხველისთვის საინტერესო სხვა საკითხებსაც შეეხო.



1.ბატონო თამაზ, "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა კახეთში, ზემო ალვანში სტალინის ძეგლის აღდგენას. მომეჩვენა, რომ ეს თქვენ ყველაზე ახლოს მიიტანეთ გულთან. ამის მიზეზი მხოლოდ თქვენი, როგორც მოაზროვნე ადამიანის დამოკიდებულებაა სტალინის პერსონასთან თუ სხვა მიზეზიც არსებობდა?

ალბათ ადეკვატური რეაქცია იყო ჩემი მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ თუში ვარ თუშეთიდან, სადაც თითქმის არ დარჩენილა არავინ, ვის ახლობელსაც სამანელთა მოღვაწეობის გამო სტალინისტური რეჟიმის რეპრესიული მანქანა არ შეეხო. გამონაკლისი არც ჩემი ახლობლები დარჩნენ - ბებიაჩემი კიტოშვილების ქალი იყო, არჩილის ალალი ბიძაშვილი და მასთან ერთად იზრდებოდა. ბებიაჩემის და კი ასევე სამანელთა ერთერთი ხელმძღვანელის, გიგო ქააძის მეუღლე იყო, რომელიც დახვრიტეს, ხოლო მეუღლე და შვილები ციმბირში გადაასახლეს. ბებიაჩემი და მისი ოჯახი კი გადარჩა, მაგრამ როგორც ცხონებული დედაჩემი იხსენებდა, მათაც გადასახლება ემუქრებოდა სამანელთა დახმარების გამო და ყოველღამე დიდ-პატარა შიშით ვიძინებდითო (ხუთი მცირეწლოვანი შვილის გამო ისინი დაინდეს)...

და ვთვლი, რომ ნებისმიერი ალვანელის რეაქციაც ისეთი უნდა ყოფილიყო როგორიც ამ შემთხვევაში ჩემი რეაქცია იყო.

2. ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ იქნება მკითხველისთვის, თუ "სამანელებზე" უფრო ვრცლად მოგვიყვებით.

სამანელთა ისტორია საკმაოდ ვრცელია, მაგრამ შევეცდები კითხვა-პასუხის ფორმატიდან გამომდინარე მხოლოდ მნიშვნელოვან მომენტებზე გავამახვილო ყურადღება.

საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები (სამანი)- ასე იშიფრება ეს აბრევიატურა, რომლის უმთავრესი მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და საქართველოს დამოუკიდებლობა.

ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების იდეა 40-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა და სულ მალე იდეა უკვე რალობად იქცა. ამ ჯგუფის ერთერთი აქტიური წევრი იყო თუში გიორგი ქადაგიძე-უნივერსიტეტში მიხეილ ზანდუკელის ასპირანტი. მისი მეშვეობით კი ორგანიზაციის საქმიანობაში ჩაებნენ ადამ ბობღიაშვილი (პოეტური ფსევდონიმი "ალვანელი") და მიხეილ (ფანცალე) იმედიძე. მათ სხვებიც შეუერთდნენ.

უკვე 1941 წლის დეკემბერს საბჭოთა უშიშროებამ ამ ორგანიზაციის არსებობა შეიტყო და ჯგუფის წევრების დაპატიმრება დაიწყო. დააპატიმრეს ორგანიზაციის 40-მდე წევრი და მათ შორის გიორგი ქადაგიძეც. დაპატიმრებულები დახვრიტეს, მაგრამ ორგანიზაციას არსებობა არა თუ არ შეუწყვეტია არამედ ფართოდ გაიშალა და მთლიანი თუშეთი მოიცვა. ორგანიზაციის მთავარი ცენტრი ზემო ალვანში მდებარეობდა.

1942 წლის შემოდგომაზე ადამ ბობღიაშვილი, გიგო ქააძე და ფანცალე იმედიძე ალვანიდან თუშეთში ავიდნენ ორგანიზაციის ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად და წინააღმდეგობის ფრონტის გასაშლელად, პარალელურად კი ჩეჩნეთში არსებულ წინააღმდეგობის მოძრაობასთან დასაკავშირებლად რომ ერთობლივად დაეწყოთ აჯანყება და ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

სამანელებმა შემოიარეს თუშეთის ყველა სოფელი მხარდამჭერების მოსაზიდად. სულ მალე მოიწვიეს სრულიად თუშეთის კრება სადაც თუშეთის სოფლების ყველა მამაკაცმა ხელი მოაწერა და შეუერთდა სამანელთა წესდებას. ამის შემდეგ ამ სოფლებში საბჭოთა ხელისუფლება დამხობილად და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადეს. ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი და მოვლენა საქართველოს ისტორიაში!!!

სამანელების მთავარი შტაბი სოფ. დოჭუში მდებარეობდა (გომეწრის ხეობა). შტაბს ხელმძღვანელობდნენ: ადამ ბობღიაშვილი, გიგო ქააძე, არჩილ კიტოშვილი და ფანცალე იმედიძე.

თუშეთში მყოფი შტაბი პარალელურად ცდილობდა ბარში დარჩენილ სამანელებთან დაკავშირებას კოორდინირებულად მოქმედებისთვის. თუშეთსა და ბარს შორის კავშირის დამყარება გოგალე ხოხიაიძეს, ვახტანგ ცისკარიშვილსა და გიორგი რაინაულს დაევალათ, მაგრამ თელავში ჩასულებს, სამანელთა აქტიური წევრი კიმო ლაგაზიძე, რომელსაც კავშირი უნდა დაემყარებინა თბილისში არსებულ ჯგუფებთან, დაპატიმრებული დახვდათ. ამის გამო მეკავშირეებმა კავშირი ვერ დაამყარეს და უკან გაბრუნდნენ თუშეთში.

არც უშიშროება და მისი ჯარი იჯდა გულხელდაკრეფილი და დაღესტნის მხრიდან ალიოშა კვაშალის მეთაურობით შინსახკომის ჯარი შევიდა. კვაშალმა მიმართა ეშმაკურ ხერხს და გამოაცხადა, ვინც სამანელებს გაემიჯნებოდა მისცემდა ხელშეუხებლობის გარანტიას. ზოგმა ეს ირწმუნა და უშიშროებასთან თანამშრომლობა დაიწყო. ორგანიზაციის სამოქმედო არეალი ჯერ შეიზღუდა ხოლო შემდეგ კი ნელა-ნელა რკალმა შევიწროვება იწყო.

სამანელებმა იგრძნეს მოახლოებული საფრთხე და კახეთში ჩასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ უშიშროების მიერ გადაბირებული ადამიანის მეშვეობით შეიტყვეს მათი გამგზავრების დღე და გზაში ჩაუსაფრდნენ დასაპატიმრებლად და გასანადგურებლად. სამწუხაროდ და საუბედუროდო, ჩასაფრებულთა 12-კაციან ჯგუფში ნახევარს თუშები შეადგენდნენ (შეგნებულად ვერ დავასახელებ მათ ვინაობას რადგან მათ შთამომავლები დარჩათ და არ მინდა ვისმეს გული ვატკინო-ისინი ისედაც განიცდიან საკუთარი წინაპრების უგუნურ საქციელს)...

კახეთისკენ მომავლებს, ჩასაფრებულებმა სროლა აუტეხეს და ამ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა ადამ ბობღიაშვილი, ფანცალე იმედიძე, დევანოზ ამირანიძე. გიგო ქააძე და პეტო კიბორჭაიძე დაიჭრნენ ხოლო არჩილი ტყვედ აიყვანეს...

სტალინისტური რეჟიმის გამოზრდილმა ლეკვებმა ეს არ აკმარეს და დახოცილებს თავები დააჭრეს - ეს იყო გაუგონარი სისასტიკე, მხეცობა და ამავდროულად დიდი სირცხვილი თუშისათვის...

პარალელურად კვაშალი კრებას იწვევს თუშეთში, ალყას არტყავს და იარაღის ქვეშ 50-ზე მეტ ადამიანს აპატიმრებს, რომლებიც მარტის ბოლოს უკვე კახეთისაკენ გაუყენა. ყველას სხვადასხვა ზომის სასჯელი შეუფარდეს. ყველაზე ლმობიერი 10-წლიანი სასჯელი აღმოჩნდა, მრავალი გადაასახლეს და გადასახლებაში ამოხადეს სული, ზოგიც უგზოუკვლოდ დაიკარგა, ერთეულები კი გადასახლებიდან დაბრუნდნენ დაინვალიდებულნი და წელშიგატეხილნი....

ასე ჩაიწერა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ეს საამაყო და ამავდროულად სევდიანი ფურცელი ჩვენს ისტორიაში!

3. "სამანელებიდან" დღეს არის თუ არა ვინმე დარჩენილი? საზოგადოებაში ასეთი წარსულის მქონე ადამიანები მუდამ ავტორიტეტით სარგებლობდნენ, მათ სიტყვას დიდი წონა ჰქონდა, რჩევებს ეკითხებოდნენ, ითვალისწინებდნენ მათ დამოკიდებულებას…

დღესდღეობით, როგორც მე ვიცი, არცერთი სამანელი ცოცხალი აღარაა. ბოლო სამანელი, გოგალე ხოხიაიძე სულ რამდენიმე წლის წინ დაიღუპა.
სტალინური რეპრესიების შემდეგ, როცა სამანელები მთლიანად გაანადგურეს, მათზე ტაბუ იდო და მათი ხსენებაც კი დადებით კონტექსტში საფრთხეს წარმოადგენდა-ისინი ხომ ხალხის მტრები და ქვეყნის მოღალატის იარლიყს ატარებდნენ, თუმცა თუშეთში ხალხმა მათი ლექსები სიმღერებად აქცია და ამით გამოხატავდნენ მათ მიმართ პატივისცემას. არცერთი ლხინის სუფრა თუშეთში არ მთავრდება სამანელი პოეტების ლექსებზე შექმნილი სიმღერების გარეშე.

4. თქვენი ინფორმაციით, რა იყო ალვანელთა მთავარი არგუმენტი სტალინის ძეგლის დაბრუნებისთვის?

ვფიქრობ მთლიანი ალვანელების სურვილით დადგმულ ძეგლზე ლაპარაკი სიმართლეს არ შეეფერება. ლოგიკურად, სტალინისტური რეჟიმის მიერ სამანელთა გამო რეპრესირებული თუშეთი ვერანაირად ვერ მოისურვებს ცენტრალურ ადგილას ედგას „დიდი ბელადის“ ძეგლი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია სისხლი, ცრემლი და უბედურება. ეს არის საბჭოური ცხოვრების წესით ნოსტალგიაშეპყრობილი ადამიანების სურვილი მხოლოდ! მათ არგუმენტად მოჰყავთ „ეს ჩვენი ისტორიაა“... შევახსენებ ამ სუსტი არგუმენტის მქონე ადამიანებს, რომ ისტორიას სწავლობენ წიგნებით და არა დასახლებული პუნქტის შუაგულში წამუჭიმული დრომოჭმული ძეგლებით! ასეთი არგუმენტი სინამდვილეში საკუთარი შინაგანი ბუნების შესანიღბადაა გამოყენებული.

5. როგორც ვიცი, ძეგლი უცნობმა პირებმა დააზიანეს მას შემდეგ, რაც ის სოფლის ცენტრში დააბრუნეს. რა თქმა უნდა, პერსონალურად არ მოგთხოვთ დასახელებას, მაგრამ თუ გიფიქრიათ იმაზე, ვის, რა კატეგორიის ადამიანებს უნდა ჩაედინა ეს და ფიქრობდით თუ არა, როცა ეს ამბავი გაიგეთ, რომ ყველაფერი მთლად დაღუპული არ არის?

პერსონალურად ვინ დააზიანა ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრი ალვანელი რომ სამანელთა მოღვაწეობიდან გამომდინარე ანტისტალინელია და საბჭოთა რეჟიმის შეურიგებელი, ეს კი ნამდვილად ვიცი.
თუნდაც ერთ პატარა ეპიზოდს გავიხსენებ. 1990-იან წლებში ფართოდ გაშლილ ეროვნულ მოძრაობას დიდი ბიძგი მისცა 1988 წლის გაზაფხულზე სსრკ-ს ჯარში ნაწამები და ოფიცრების მიერ დახრჩობილი მამუკა არაბულის სიკვდილმა (იგი ჩემი ბიძაშვილი იყო, ჩემს ხელში გაზრდილი და მისი სიკვდილი ძალიან განვიცადე), რომელიც ძალზე მძლავრ საპროტესტო ტალღად გადაიქცა და პირველი აქციაც, მის დაკრძალვის დღეს, 3 მაისს ბერიკონთან - უარი საოკუპაციო ჯარში სამსახურს, სწორედ ამის გამო დაიწყო (ბევრ მაშინდელ ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმულ ადამიანს ეს ფაქტი ემახსოვრება. ამაზე სპეციალური სტატიაც კი დაწერა მერაბ კოსტავამ- „რატომაა საჭირო ნაციონალური არმია“). ამ შეურიგებელი წინააღმდეგობის ფლაგმანად კვლავ ალვანელი ახალგაზრდები იქცნენ და 1988 წლის შემოდგომაზე, 20-იოდე ალვანელმა ახალგაზრდამ თავიანთი წვევამდელთა მოწმობები სსრკ-ს თავდაცვის მინისტრ იაზოვს პროტესტის ნიშნად გაუგზავნეს და უარი განაცხადეს საოკუპაციო ჯარში წასვლაზე. ესეც უპრეცედენტო ფაქტია საქართველოს ისტორიაში.

და ეს ეპიზოდი მოვიყვანე იმის დასტურად, რომ ალვანში არ არის სტალინისადმი სიყვარული და არც საბჭოთა წყობილებისადმი ტრფიალია ახალგაზრდებში. სტალინისადმი სიყვარული მხოლოდ ისეთებს გააჩნიათ ვინც საბჭოთა ხანაში სხვადასხვა თანამდებობებზე და პრივილეგირებული იყო. ვიდეოკადრებში, რომლებიც გავრცელდა ქსელებში, მე ვერ ვნახე ვერცერთი ისეთი გვარის წარმომადგენელი, ვინც 40-იან წლებში სტალინისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა.

6. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზემო ალვანის ამბები სტალინის ძეგლთან მიმართებაში "ქართული ოცნების" ხსენებისას წარსულის დაბრუნებაზე მუდმივმა აქცენტირებამ განაპირობა ყოფილი ხელისუფლების მხრიდან? თუ ამისთვის ნოყიერი საფუძვლები თვითონ კოალიციის რიტორიკამ შექმნა? კონკრეტულად დაასახელებთ ამ რიტორიკის მაგალითებს?

დიახ, ასე მიმაჩნია. სტალინის ძეგლის აღდგენაც „ჩვენი დრო მევიდა, სიმონ“-კატეგორიას ეკუთვნის და მას სრულიად ლოგიკურად შეიძლება ვუწოდოთ „ქართული ოცნების“ რუსულ-საბჭოური ნოსტალგია.

ჩემს ზედა პასუხებში ცოტა ვრცლად ვისაუბრე სამანელთა მოღვაწეობის შესახებ და მოვიყვანე საბჭოთა საოკუპაციო ჯარში მოკლული მამუკა არაბულის მაგალითიც (სხვათაშორის მამუკასთან ერთად აწამეს მხოლოდ კავკასიელები: ქართველები და ჩეჩნები) და ალვანელი ახალგაზრდების მხრიდან საბჭოთა არმიაში სამსახურის ბოიკოტის შესახებაც მოგიყევით. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ თუშები, თავისი ხასიათიდან გამომდინარენი არიან თავისუფლებისმოყვარენი და ამორალურია მათ სტალინის ძეგლს უდგამდე! ეს ნიშნავს, როგორც ბატონმა მერაბ ქათამაძემ ბრძანა, „სამანელების კიდევ ერთხელ ჩახოცვა და მათთვის „კანტროლკის“ დახლა“....

მორალურ მხარესაც რომ დავანებოთ თავი, სტალინის ძეგლის დადგმა არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან ქვეყანაში მოქმედებს კანონი ოკუპაციის შესახებ და კანონი საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ. ამ კანონების თანახმად, სტალინის ძეგლის აღდგენა არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და იგი დასჯადია!!!

7. მაშინ, როცა თქვენ იყავით სოფლის თავკაცი, როგორი დამოკიდებულება იყო თუნდაც, იგივე სტალინის პერსონის მიმართ? არ ფიქრობთ, რომ საზოგადოება მაშინ უფრო მწირ ინფორმაციას ფლობდა "ბელადის" ავკაცობაზე და საფუძველიც უფრო მეტი ჰქონდა, რომ მის მიმართ უფრო ლოიალური ყოფილიყო? და თუ მაშინ პანტაპუნტით ავიღეთ სტალინის ძეგლები საქართველოს მასთაბით, ახლა რა ჭირი გვჭირს?

როცა 1990 წელს სახელმწიფოს სათავეში ეროვნული ძალები მოვიდნენ, სიტუაცია ამ კუთხით დიამეტრალურად შეიცვალა, სამანელთა საკითხსაც ტაბუ აეხსნა. მე მახსოვს, ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლამდე სამანელთა შესახებ იგი რომ ხშირად სტუმრობდა ქართული ლიტერატურის მასწავლებელს, ალექსი ბახტარიშვილს. შემდეგ კი, კვლავ ამ საკითხზე სტუმრობა უკვე მერაბ კოსტავასთან ერთად.


მაშინდელი არჩევნების შემდეგ, როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ასევე სამანელთა სახელების უკვდავყოფა ხელისუფლებამ პრიორიტეტად დაისახა და დაიწყო მათი მოღვაწეობის ძირფესვიანად შესწავლა. ამ საკითხზე მრავალი ადამიანი მუშაობდა. ასევე ბატონი ზვიადის დავალებით შედგა ექსპედიცია თუშეთის სოფ. დოჭუში (სადაც სამანელების შტაბი იყო), სადაც სამანელთა მიერ მიწაში ჩამარხული დოკუმენტაციის პოვნა გვევალებოდა... სამწუხაროდ, უშიშროებას, სამანელთა დაპატიმრების შემდეგ მაშინვე მიეგნო სამალავისათვის და გათხრების დროს მხოლოდ შუშის ჭურჭლის ნამსხვრევებსღა წავაწყდით სადაც სამანელთა დოკუმენტაცია ინახებოდა...

მე, როგორც, ალვნის გამგებელი 1991 წელს, ვაცხადებ, რომ ეს ძეგლი მთელი ამ ხნის განმავლობაში მაგ ადგილას იდგა უკანონოდ. ალვნის საკრებულოს იმ წლებში გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი ალვნის ცენტრალურ ხეივანს (ბულვარს) ეწოდოს სამანელების სახელი, ალვნის პირველსა და მეორე საშუალო სკოლებს ეწოდათ ადამ ბობღიაშვილისა და არჩილ კიტოშვილის სახელები (შესაბამისად) რათა ამით მომხდარიყო მათი სახელების უკვდავყოფა.

ამასთან, საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო ბულვარის კეთიმოწყობისათვის, სახლ-მუზეუმის გასაკეთებლად თანხების გამოყოფის შესახებ და სამუშაოების დაუყოვნებლივ ჩატარების შესახებ. ამ კონტექსტში, იმ ადგილას, ალვნის ცენტრში აბსოლუტურად შეუფერებელი იყო სტალინის ძეგლი და აქვე საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ძეგლის სხვაგან გადატანის თაობაზე.

საკრებულოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თქვენმა მონა მორჩილმა, შეთანხმებას მიაღწია სამშენებლო ფირმასთან (ვახტანგ ჩარხოშვილი), გაიზომა მოსაპირკეთებელი ფართობი (ძირითადად ტროტუარები, ალვნის მთლიანი ცენტრი), შეირჩა ადგილი სახლ-მუზეუმის გასაკეთებლად და სრული თანხა იქნა გადარიცხული ფირმის სახელზე. გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და ადგილობრივი მიუჯეტიდან კონპენსაციის სახით 20 ათასი მანეთი, სათანადო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ გადაეცა რეპრესირებულ ევა ჭყოპიშვილს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ მისი სახლის ჩამორთმევისა და მისით სარგებლობის გამო.... ეს ყველაფერი ხდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე და ალვნის ბიუჯეტს მაშინ დიდი შესაძლებლობები გააჩნდა (დაახლოებით 360 ათასი მანეთი)

ეს ხდება 1991 წლის ნოემბრის ბოლოს. იმის გამო რომ დეკემბერში უამინდობამ და სულ ორიოდე კვირაში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება დაიწყო და გამგებელი გაგდებული იყო გამგებლის თანამდებობიდან პოლიტიკური მოსაზრებებით, ეს საქმე ჩაიძირა, ფული გადარიცხული დარჩა ფირმის ანგარიშზე და უკვე ეს საქმე აღარც გახსენებიათ და არც ბოლომდე მიუყვანიათ...

იმაშიც ვარ დარწმუნებული რომ საკრებულოს წევრებს ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუუქმებიათ, რადგან იქ უმრავლესობა თავისი მსოფლმხედველობით ანტიკომუნისტი და ანტისტალინისტი იყო.

8. ზოგადად, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რას იტყვით, ვინ აირჩია 1 ოქტომბერს და და რა მიიღო, ვთქვათ, 1 დეკემბერს საქართველომ? შედგება თუ არა კოჰაბიტაცია, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა უკვე შესთავაზა პირდაპირი მოლაპარაკება ბიძინა ივანიშვილს? საერთოდ, გვეშველება რამე?:)

ის რაც ახლა საქართველოში ხდება, ძალზე სახიფათოა ქვეყნისთვის და მისი განვითარებისათვის. პიროვნულ დონემდე დაყვანილმა სიძულვილმა პათოლოგიური ხასიათი მიიღო და იგი ვლინდება კოალიციის აბსოლუტურად ყველა ლიდერის მოქმედებებში. სიძულვილი კი ადამიანს ნორმალური აზროვნებისა და განსჯის უნარს უკარგავს და ამიტომაცაა ასეთი უგუნური გადაწყვეტილებები. ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებს. აშშ-ს, დასავლეთის ქვეყნების, ევროსტრუქტურებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალი პირების არაერთგზის შენიშვნებისა გაფრთხილებების მიუხედავად, ივანიშვილის ხელისუფლებას არ შეუცვლია არც რიტორიკა და არც პოლიტიკური დევნა-დაპატიმრებები. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება ამას მიზანმიმართულად აკეთებს რომ ქვეყანა განვითარების დასავლურ გზას ჩამოსცილდეს და ჩრდილოეთის მიმართულება აირჩიოს.

კოჰაბიტაცია დასავლური დემოკრატიის ერთერთი უმთავრესი ნიშანია და ნატოსკენ და ევროსტრუქტურებისკენ მსწრაფ საქართველოსაც ეს მოეთხოვება, მაგრამ სამწუხაროდ პრემიერ-მინისტრის გუნდს ეს, როგორც ჩანს ნაკლებად აწუხებს. კოჰაბიტაციის საუკეთესო მაგალითია სულ ახლახანს აშშ-ში ჩატარებული არჩევნები როცა საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ხოლო კონგრესში კი აბსოლუტურ უმრავლესობით ირჩევენ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს.

პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს მოუწევს დასავლეთისთვის ანგარიშის გაწევა და რევანშისტული და სახელმწიფო სისტემის ნგრევის პოლიტიკის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გაიზიარებს ბელორუსიის ლიდერის ბედს და ქყვეყანა მასთან ერთად მოექცევა იზოლაციაში რაც საქართველოსთვის კატასტროფით შეიძლება დამთავრდეს და მაშინ უკვე აღარაფერი აღარ გვეშველება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100