ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა
საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და დარწმუნებული ვართ, ის ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიაში ქართულ-გერმანული ბიზნესფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესებს შორის კონტაქტების გამყარებას, ასევე დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას.
შტაინმაიერმა პრემიერს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ევროპული კურსისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ გერმანია არ აღიარებს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ შეთანხმებას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გერმანიის მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური შინაარსის ე.წ დოკუმენტი ცხინვალის რეგიონთან მიმართებაშიც მზადდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა გერმანიის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსური დახმარების მიმართულებით.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობასა და ნატო-ს არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მექანიზმებზე.
კომენტარი