სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუკრი ხუხუას ციხის დირექტორად დაბრუნების მოთხოვნით რამდენიმე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

სასჯელაღსრულების სამინისტრო ვარაუდობს, რომ ქსნის #15 დაწესებულების დირექტორმა ნუკრი ხუხუამ თანამდებობა გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევის გამო დატოვა , რაც პატიმრის შეურაცხყოფას უკავშირდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა.
ამასთან, კორძაია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნუკრი ხუხუას თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით რამდენიმე პატიმარმა ქსნის დაწესებულებაში თვითდაზიანება მიიყენა. მისი განცხადებით, პატიმრებს ჩაუტარდათ სამედიცინო დახმარება და ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს #6 სასჯელაღსრულების დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭანტურია. მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურებრივი შემოწმება მსჯავრდებულ ვალტერ ჭკადუას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #15 დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. კორძაიას განცხადებით. შემოწმებით დადგინდა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს მსჯავრდებული ჭკადუა მისივე განცხადების საფუძველზე #6 დაწესებულებიდან #15 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"მსჯავრდებულის განმარტებით, ამ დაწესებულების თანამშრომლები იმის გამო, რომ არ სურდა სხვა საკანში გადასვლა, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. გენერალური ინსპექციის შემოწმების შედეგად ასევე ირკვევა, რომ 2013 წლის 2 მარტს ვალტერ ჭკადუა შესაბამისი ბრძანებისა და პირადი საქმის გარეშე, კვლავ უკან, #6 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ექთანმა მსჯავრდებულის სხეულზე მრავლობითი დაზიანების არსებობა დაადასტურა, დაწესებულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭანტურიამ ხელმძღვანელობას ეს საკითხი დაუმალა", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.
მისი თქმით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მოპოვებული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას. პრესსპიკერის ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულების დირექტორი ირაკლი ჭანტურია სისტემიდან დაითხოვეს, რადგან მან არ მოახდინა რეაგირება მომხდარი ფაქტთან დაკავშირებით და არ აცნობა ხელმძღვანელობას. შესაბამისად, ვერ უზრუნველყო დაკისრებული მოვალეობა.
სასჯელაღსრულების მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, გენინსპექციის დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადაეგზავნა და მიეცა მითითება, რომ მომავალში ანალოგიური დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციული ღონისძიებები გაატაროს. ასევე, დასკვნის ასლი საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100