სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის სახელზე, 30-მდე სისხლის სამართლის საქმის მასალები მიიტანეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ მთავრობის ადმინისტრაციაში 30-მდე სისხლის სამართლის საქმის მასალები მიიტანეს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე დატოვეს.

მათი თქმით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეები ერთი კვირის განმავლობაში შეგროვდა.

როგორც კუპრავა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საქმეების ნაწილზე სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, დაზარალებულებს უსამართლობის განცდა აქვთ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს იმის გარანტი, რომ ყველა საქმე სათანადოდ და სრულფასოვნად იქნება გამოძიებული.

ეს არის სისხლის სამართლის საქმეები კონკრეტული დაზარალებული პირების, ადამიანების, ვინც დაჩაგრა სახელმწიფომ. იმედი მაქვს, პრემიერი გაეცნობა აღნიშნულ საქმეებს, აიყვანს პირად კონტროლზე და გადაეღობება ამ ადამიანების მიმართ მახინჯ სისტემას, რომელიც ჩაგრავს ამ ხალხს, გვჩაგრავს ჩვენ და ჩაგრავს ზაზა სარალიძეს, განაცხადა კუპრავამ.

ზაზა სარალიძის შეფასებით, აღნიშნული საქმეების გამოძიება სახელმწიფოს ვალდებულებაა.

რეაგირებას არ ველოდები, ეს არის მათი პირდაპირი ვალდებულება, გამოიძიონ საქმეები და დადგეს სამართლებრივი განაჩენი. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, რომლის წინაშე მეც ვდგავარ, განაცხადა ზაზა სარალიძიემ.

ამასთან, სარალიძის თქმით, თუ პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნება მზაობა, ის მზადაა მამუკა ბახტაძეს შეხვდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100