ფსიქიკურად დაავადებულები და „ჯანმრთელი“ საზოგადოება: რატომ დავცინით „გიჟებს?“
ალბათ, ყველას გვახსოვს ეპიზოდი „მარადისობის კანონიდან“, ქუჩაში მოდის ქალაქში ცნობილი „გიჟი მარგო“, ხელებგაშლილი, ღიღინით... გამვლელები კი თვალს ადევნებენ და თავს სინანულით აქნევენ... ფსიქიკურად დაავადებულისადმი საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება, თანაგრძნობის მასობრივად გამოხატვა, მწერლის და უბრალოდ, უსაზღვროდ კეთილი და გულწრფელი ადამიანის, ნოდარ დუმბაძის პირადი სურვილი უფრო იყო ალბათ, ან, რაც უფრო სარწმუნოა, მაშინ ხალხი იყო სხვანაირი...
რეალობა კი, როგორც წესი, გაცილებით სასტიკი და მკაცრია და ილიას „კაცია ადამიანში“ აღწერილ იმ სიტუაციას გაცილებით მეტად უახლოვდება, რომლის მიხედვითაც ადამიანები ფსიქიკურად და მორალურად განადგურებულ თანამოძმეს, უბრალოდ, აბუჩად იგდებენ. დიდი ილია თავისი გენიალური ნაწარმოების შესავალში ასკვნის, რომ ამის მიზეზი „თვალით ხედვაა“. თვალისათვის ეს მართლაც სასაცილოა, ხოლო გონებისთვის, რომელსაც „ძნელად თუ როდესმე გაეცინება“ – არა. ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო კი, გონებით გაცილებით ნაკლები ადამიანი იყურება.
21–ე საუკუნეში, თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, საქართველოში, საზოგადოების აზროვნებაში, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. ერთხელ ერთმა ცნობილმა ფსიქიატრმა თქვა: გიჟი არ არსებობს, არსებობენ ფსიქიკურად ჯანსაღი და ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანები. საზოგადოების უმრავლესობას ეს ჭეშმარიტება იგნორირებული აქვს. საქართველოში ფსიქიკურად დაავადებულების მიმართ სტიგმაა, ისინი საზოგადოებას არ უყვარს, ფაქტობრივად, მოკვეთილი და განდევნილი ჰყავს საკუთარი რიგებიდან, მეტიც, დასცინის, სძულს, ეშინია.
დღეს დილითაც შევესწარი შემთხვევას, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთმა სოლიდურად გამოწყობილმა მამაკაცმა, ამავე ტრანსპორტში მყოფ ავადმყოფ ქალბატონს, რომელიც ემოციებს ხმამაღლა, დაულაგებელი საუბრით გამოხატავდა, ჯერ იქვე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ, უკვე ქვემოთ ჩასულმა, საკმაოდ ინფანტილური ჟესტით, ფანჯრიდან „გააბრაზა“. ამის შემყურე, „კურიოზით“ აღფრთოვანებული საზოგადოება კი მთელი გულით ხალისობდა, ხოლო ორიოდე გამპროტესტებელის ხმა საერთო–საზოგადო ხარხარში, უბრალოდ, ჩაიკარგა.
ასეთი ფაქტების სიმცირეს ჩვენი რეალობა არ უჩივის. რაც ყველაზე გულდასწყვეტია, ფსიქიკურად დაავადებულების მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას მედიაშიც, „ინტელიგენიციაშიც“ ვხვდებით. ახალი თაობებიც მსგავსი განწყობით იზრდებიან, რომ „გიჟი“ ან სასაცილოა, ან საშიში, რომელსაც უნდა მოერიდო, რომელთანაც არ უნდა იკონტაქტო, დასცინო.
ძნელი სათქმელია, რატომ ვერ აცნობიერებს კულტურული და პატივცემული საზოგადოება იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი საკუთარ ქმედებებს სათანადოდ ვერ აკონტროლებს და ბუნებრივია, მისი საუბარი და მოქმედებებიც სწორედ ამ მიზეზით არის განპირობებული. ალბათ, ყველას ვერ მოვთხოვთ „გონებით ხედვას“, მაგრამ შუა საუკუნეების ველური მენტალიტეტის არსებობა, თანამედროვე საზოგადოებაში სრულიად შეთავსებელი მოვლენა რომ არის, ამ მოსაზრებას ალტერნატივა, უბრალოდ, არ შეიძლება ჰქონდეს.
ცნობილი ქართველი ფსიქიატრი, თბილისის სამედიცინო უნივერსისტეტის პროფესორი, ლია მენთეშაშვილი წერს: „საზოგადოებაში გაბატონებული შიში ამ ავადმყოფების მიმართ ნამდვილად გადაჭარბებულია. დაავადებულთა მიერ ჩადენილ სოციალურად საშიშ ქმედებათა რაოდენობა მკვეთრად ჩამორჩება ჯანმრთელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს. არცერთი ფსიქიკური დაავადების, მათ შორის, შიზოფრენიის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანი საშიშია.
გარკვეულ პერიოდში, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს სხვებს ან საკუთარ თავს, მკურნალობის დაწყებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებისას კი, დროული გაწერა აუცილებელია. სამწუხაროდ, ჩვენში თუ ამ ინფორმაციამ გაჟონა, მეზობლები, ნაცნობები, დაავადებულს კეთროვანივით უყურებენ და ისიც ყოველ ნაბიჯზე სირთულეებს აწყდება, რაც რამდენადმე, დაავადების პროგრესირებას უწყობს ხელს. ჩვენც უნდა შევიცვალოთ. უფრო შემწყნარებელნი უნდა გავხდეთ. სხვანაირების მიღება უნდა ვისწავლოთ. დაავადებულს მხარში ამოდგომა და დახმარება სჭირდება და არა გარიყვა“.
ფსიქიატრების ეს მოსაზრებები, როგორც წესი, ხმად მღაღადებლისა რჩება. საზოგადოებისაგან მოძულებელი ადამიანები კი, რომელთაც ყველაზე მეტად სწორედ თანაგრძნობა სჭირდებათ, კვლავ მეორე ნაპირზე რჩებიან, მარტოსულები და გარიყულები... საკუთარი შემზარავი ისტორიებით, თუ როგორ მივიდნენ აქამდე... დიკენსის „დავით კოპერფილდში“ აღწერილი კეთილი, ბავშვური და გულუბრყვილო მისტერ დიკივით, რომელიც ამ ავადმყოფობამდე საყვარელი დის გარდაცვალებამ მიიყვანა...
21–ე საუკუნეში, რთული ცხოვრების არანორალური დინამიკისას, უამრავი პრობლემებით დახუნძლული და გასასტიკებული საზოგადოებისათვის ალბათ რთულია ყველა შემხვედრი მოვლენის ანალიზი და მიზეზების ძიებისთვის სიღრმეებში ყვინთვა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნამდვილად არ არის საჭირო. სრულიად ელემენტარული აქსიომაა ის, რომ ეს კატეგორია საზოგადოებისაგან გაცილებით ცივილიზებულ დამოკიდებულებას იმსახურებს. ამ უკანასკნელის ქმედებები კი, მით უფრო, ალოგიკურია იმ ზღვარგადასული რელიგიურობის და ეკლესიურობის ფონზე, რომელიც ჩვენში უკვე ნორმად არის ქცეული...
კომენტარი