სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს

2016 წლის 24-26 ივნისს, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, ახალგაზრდული კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო 2016“ ჩატარდება, რომელშიც 13-დან 18 წლამდე ასაკის, 6 ქვეყნის 350 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას (საქართველო, იტალია, მაკედონია, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი).



კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდა თაობის თავისუფალი აზროვნების ხელშეწყობა და კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, ასევე კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდა თაობების ურთიერთკომუნიკაციის ხელშეწყობა და კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბება. კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, სემინარებს და სხვა აქტივობებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ანიმაციის, სცენარის წერის, კადრირების, კინოპოსტერების შექმნის ვორკშოფებში.



საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი „ჯიფონი“ იტალიაში 1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო კინოფესტივალია. 2016 წელს მას 50 ქვეყნის 3900 მონაწილე ეყოლება, რომლებიც ჟიურის წევრების რანგში იქნებიან პროექტში ჩართულები. ჯიფონის კინოფესტივალს აქვს შექმნილი მსოფლიო ქსელი, რომლის წევრიც არის საქართველო.



აღსანიშნავია, რომ ჯიფონის კინოფესტივალის ქართული ანალოგი პირველად 2014 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა და მასში მთელი საქართველოდან 250-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. 2015 წელს 4 დღიანი ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც 500 მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ რეგიონში მხოლოდ ჩვენი ქვეყანა ფლობს ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას.



„ჯიფონი-საქართველო 2016“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალი 24-26 ივნისს (11:00 -დან 20:00 საათამდე) კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება (მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი 240).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100