ირაკლი ლექვინაძე: "საინვესტიციო პროექტების ხარჯზე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება სახიფათო ტენდენციაა"
"ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში ინვესტიციების მხარდაჭერა, კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოწვევაა. თავის მხრივ სწორედ კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა განაპირობებს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას და ინვესტორთა აქტიურობას. მთავრობა არის როგორც ინვესტორის პარტნიორი და ინვესტიციების დაცვის გარანტორი, ასევე მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი, ყველაზე მძლავრი და სანდო შუამავალი მოსახლეობასა და ინვესტორს შორის." _ აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე.
ექსპერტთა ოთხეული: ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, გიორგი აბაშიშვილი და ლევან ალაფიშვილი ღია განცხადებას ავრცელებენ ბოლო პერიოდში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ სოფელ ღურტაში განვითარებულ მოვლენებზე და აცხადებენ, რომ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის მსგავსი ფორმის გამოვლინება, როგორიცაა გზის გადაკეტვა, კანონიერი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
"შესაძლოა სახიფათო ტენდენციად ჩამოყალიბდეს პოლიტიკური თუ სხვა ჯგუფების მცდელობები საინვესტიციო პროექტების ხარჯზე მოიპოვონ პოპულარობა თუ პოლიტიკური დივიდენდები, და რაც უფრო სამწუხაროა არაინფორმირებული მოსახლეობის გრძნობებზე თამაშით გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა. ეს სამწუხარო რეალობა უცხო არ არის დემოკრატიისთვისაც, მაგრამ საჯარო ხელისუფლების ფუნქცია კანონის სადარაჯოზე დგომა, მოსახლეობის ჯეროვანი ინფორმირება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა, პრინციპულობა და თანმიმდევრულობაა.
როგორც ჩანს არ შევმცდარვართ, როდესაც აღვნიშნეთ, რომ ხუდონჰესის პროექტი მთავრობის პირველი სერიოზული გამოწვევაა როგორც საინვესტიციო, ფინანსური და ეკონომიკური კუთხით, ასევე კანონის უზენაესობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მედიით გავრცელებული ცნობების მიხედვით, აჭარაში ბოლო დღეების პროტესტის ორგანიზებისას სწორედ ხუდონჰესის პრეცედენტით მოხდა მოსახლეობის მასობრივი გამოსვლის ორგანიზება." _ აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მათ განცხადებას სხვებიც შეუერთდებიან.
კომენტარი