სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი სტუდენტი, რომელმაც პუტინის ეროტიკული კალენდრის შემოწირულობა არ მიიღო, გარდაიცვალა

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც უარი თქვა ვლადიმირ პუტინის ეროტიკული კალენდრის დამაარსებელთა შემოწირულობით მკურნალობაზე, კიბოთი გარდაიცვალა.

მსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთა ეროტიკული ჟურნალის: „ვლადიმირ ვლადიმირის ძევ! თქვენ საუკეთესო ხართ და გვიყვარხარ!“ პროდუსერმა განაცხადა, რომ ისინი ადრე აპირებდნენ საქველმოქმედო აუქციონის მოწყობას და შემოსავლის გადარიცხვას ავადმყოფი სტუდენტის ანგარიშზე, მაგრამ კატეგორიულ წინააღმდეგობას წააწყდნენ ჯერ თავად გოგონას, მერე კი დედამისის მხრიდან, იმის მიუხედავად, რომ საუბარი რამდენიმე მილიონ რუსულ რუბლზე მიდიოდა.

კალენდრის გამომცემმა სტუდენტებმა კერძო პირებისგან მაინც შეაგროვეს 423 ათასი დოლარი, რაც სრულიად საკმარისი თანხა იყო ელენა სადიკოვასთვის ძვლის ტვინის გადასანერგად. ისინი უჩუმრად აპირებდნენ ამ თანხის გადახდას, მაგრამ სანამ ოპერაციას დაგეგმავდნენ, გოგონა გარდაიცვალა.

„სწრაფად მოქმედებაში იმან შეგვიშალა ხელი, რომ ელენა მზად იყო, მომკვდარიყო, ოღონდ ამ გზით მიღებული თანხით არც მკურნალობა და არც ოპერაციის ჩატარება არ უნდოდა“, - თქვა კალენდრის პროდუსერმა.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აწ უკვე გარდაცვლილმა სტუდენტმა სპეციალური საიტი შექმნა, სადაც ოპერაციისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერა ითხოვა:

„მე ჯერ 22 წლის ვარ და ძალიან ბევრი რამ მინდა, მოვასწრო. ძალიან მინდა, ბოლომდე მივიყვანო ფილმი დედაჩემის მოსწავლეების შესახებ. ისინი 8-10 წლისანი არიან. მინდა, მათ მშობლებს ვაჩვენო, რამდენად ჭკვიანნი და საყვარლები არიან ისინი და როგორ სჭირდებათ პატარებს მათი მზრუნველობა. და კიდევ, მინდა, რომ დედამ ისევ გაიღომოს...“ - წერდა ის ერთი წლის წინ.

ცოტა ხნის წინ გოგონამ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიჩივლა, რომ დონორის მოძებნა ჭიანურდება ბიუროკრატიული მექანიზმის გამო, რომელიც უცხოეთიდან ბიორესურსის შემოტანას და გატანას კრძალავს: გოგონას საკუთარი სისხლის ნიმუში ამერიკელი ექიმებისთვის უნდა გაეგზავნა. საბოლოოდ, სისხლის ნიმუშის გაგზავნა მხოლოდ საზღვარზე არალეგალური გადატანით გახდა შესაძლებელი.

ელენა სიდიკოვამ სკოლა ექსტერნად დაამთავრა და მსუ-ში ჩააბარა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემდეგ მან ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლებისთვის გრანტი მოიპოვა. უნივერსიტეტში სწავლის პირველ წლებში ელენა ჟურნალში მოდის რუბრიკას უძღვებოდა, მონაწილეობდა უნივერსიტეტის სილამაზის კონკურსში და მოდის პროფესიონალურ კვირეულში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100