სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძეს საკუთარი ღირსება ახლა გაახსენდა

ნინო ბურჯანაძემ დანაპირები აასრულა და "დრონი.ჯი"-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბურჯანაძე რედაქციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მოყვანილი ფაქტების უარყოფას მოითხოვს და შელახული ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის აღდგენას ლამობს.
ნინო ბურჯანაძე "დრონი.ჯის" უჩივის 19 ივლისს გამოქვეყნებული სტატიისთვის – "რა საიდუმლო ინფორმაცია გაუმხილა ბურჯანაძემ კრემლს?". აღნიშნულ პუბლიკაციაში მოთხრობილი იყო იმის შესახებ, რომ იური ლუჟკოვის გარემოცვამ და კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ბიზნესმენმა 1 800 000 აშშ დოლარი ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ერთ-ერთ მეგობარს გადაურიცხა. "დრონი.ჯი" წერდა, რომ აღნიშნული თანხა ბადრი ბიწაძემ მიიღო. წერილის ავტორის ინფორმატორის ცნობით, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნული თანხა მიიღო რუსეთისთვის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების საფასურად.

რამ გააწიწმატა ნინო ბურჯანაძე? რომელ ღირსებაზე და საქმიან რეპუტაციაზე ლაპარაკობს იგი? მოდით, გადავხედოთ მის წარსულს, ქართველი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეთა მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და ჯერ ის გავარკვიოთ, საერთოდ თუ აქვს ამ ქალბატონს ღირსება. ღირსება ისეთი რამეა, ან გაქვს და ან – არა. ღირსება, არ მოდის და არ მიდის. არ შეიძლება, ხელისუფლებაში ყოფნისას იყო უღირსი და ოპოზიციაში გადასულმა შეიძინო ის.
ვარდების რევოლუციამდე, როცა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ვარსკვლავი პირველად გაბრწყინდა და ზურაბ ჟვანიასა და მისი გუნდის მოწადინებით პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. მაშინ შევარდნაძის მომხრეებმა ამოუქექეს ანზორ ბურჯანაძეს ძველი ცოდვები – პურპროდუქტების კორპორაციაში ნაკეთები მილიონები, ხალხისთვის ნაჭამი კუ-ბაღლინჯოიანი პური... სულ სულგაყიდულ მაფიოზს, უსინდისო ადამიანს, გათახსირებულს, უნამუსოს, ხალხის მტერსა და დამაქცევარს ეძახდა შევარდნაძის პოლიტ-ბომონდი ანზორ ბურჯანაძეს.

რატომღაც, მაშინ ნინო ბურჯანაძეს ხმა ჩაკმენდილი ჰქონდა. მის ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას არ შეხებია მამის ცოდვები. არადა, ანზორ ბურჯანაძის დანაშაულებრივი ქმედებები, არა მარტო კონტროლის პალატის დასკვნებით, პროკურატურისა და შ.ს.ს-ს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოძიებული მასალებით იყო გამყარებული. მამის "ქურდობა, ყაჩაღობა, აღვირახსნილობა და არაკაცობა" (თემურ შაშიაშვილის პოლიტ-ლექსიკიდან), შეირგო ნინო ანზოროვნამ. არადა, ნორმალურ ქვეყანაში, იმ ბრალდებების მერე, რაც "დონ ანზორს" წაუყენა პრესამ და პოლიტიკოსებმა, ნინოს ღირსება და თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, ან საერთოდ წავიდოდა პოლიტიკიდან, ან საკუთარი ოჯახის ღირსების, საკუთარი საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, სასამართლოს მიმართავდა. ნინა ანზოროვნა ასე არ მოქცეულა. ეს ყველაფერი შეირგო და ვითომც არაფერიო, ბიუჯეტიდან მამამისის მიერ მოპარული მილიონებით, "მიაწვა" პოლიტიკურ კარიერას. აქედან დავასკვნათ – ამ დროს ნინო ბურჯანაძეს არც ღირსება, არც საქმიანი რეპუტაცია არ გააჩნდა, თორემ სასამართლოს მიმართავდა.

შემდეგ იყო "ვარდების რევოლუცია". ნინო ისევ გასპიკერდა. სწორედ რევოლუციის რიჟრაჟზე, ახლადარჩეულმა პარლამენტმა, ფინანსთა მინისტრის ინიციატივით, ანზორ ბურჯანაძეს ის თურქული კრედიტი ჩამოაწერა, რომელიც მისმა კორპორაციამ აიღო, აღარ გადაიხადა და თავდებად სახელმწიფო იდგა. მაშინვე ატყდა ერთი ამბავი – ნოღაიდელსა და ბურჯანაძეს შორის პოლიტიკური გარიგება შედგა, ნოღაიდელი ბურჯანაძეს ათვალწუნებული ჰყავდა და მის კარიერას წერტილი რომ არ დასმოდა, სწორედ ამიტომ ჩამოაწერა ნინო ბურჯანაძის მამას 15 მილიონზე მეტი ვალიო. რა აღარ ეძახეს მაშინ ნინო ბურჯანაძეს – ფულის მონაო, ბიუჯეტის ქურდი და აფერისტიო... რესპუბლიკელები, ძიძიგური – დავითაშვილი – კუკავას ტრიო, თემურ შაშიაშვილი, რევაზ მიშველაძე, დავით გამყრელიძე, ფიქრია ჩიხრაძე, რევაზ ამაშუკელი, მამუკა კაციტაძე აქტიურობდნენ ძალიან და ეს და სხვა, უარესი გამონათქვამებიც მათ ეკუთვნით. ჰო, შალვა ნათელაშვილი და მისი გუნდი დაგვავიწყდა ლამის. შალვამ ბრძანა: – ბურჯანაძეების ოჯახი ჩვეულებრივი, მაფიოზური ოჯახია, მაგათ სისხლში აქვთ გამჯდარი სახელმწიფო ქონების მოპარვა და სრულწლოვანი თუ ვინმეა მაგ ოჯახში, ყველა იპარავს ბიუჯეტიდან, ნინო ბურჯანაძეს და მამამისს სინდის-ნამუსი კარგა ხნის გაყიდული აქვთ და არც ამ 15 მილიონის ჩამოწერა გამკვირვებიაო.

რატომღაც, ნინო ბურჯანაძეს არც ამ ლანძღვა-გინების კორიანტელის გამო აუტეხავს განგაში, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია არ შელახვია, ქურდი, უსინდისო, ნამუსგაყიდული, ყაჩაღი, ქვეყნის დამანგრეველი, ბიუჯეტისჭამია, შუბლის ძარღვგაწყვეტილი და სხვა "ეპითეტები" დედის რძესავით შეირგო.

თავის დროზე, როცა ნინო ბურჯანაძე ქუთაისის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, მას თემურ შაშიაშვილი დაუპირისპირდა არჩევნებში. მაშინ, შაშიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბურჯანაძეს ხალხი დადიოდა მოსახლეობაში და ამომრჩეველს ფულს ურიგებდა, ხმებს ყიდულობდნენ – თითოს 20 ლარად. სულგაყიდული, ქუთაისისა და ქუთაისელების მტერი, ქართველი ქალის სახელის შემარცხვენელი, "მაფიოზი მამის ღირსეული მაფიოზი ქალიშვილი"... ეს მცირე ჩამონათვალია, რაც ენაკვიმატმა თემურ შაშიაშვილმა მიუძღვნა ნინო ბურჯანაძეს. არც მაშინ გატოკებულა ანზოროვნა, სასამართლო კი არა, ერთი პატარა საპროტესტო წერილი არ დაუწერია რომელიმე ჟურნალ-გაზეთში და არ გაუგზავნია, არ უარყვია, რომ მაფიოზი, სინდისგაყიდული არ იყო. ღირსება და საქმიანი რეპუტაცია მომავალ დეპუტატსა და პარლამენტის სპიკერს არც კი გახსენებია.
ახლა ის დრო გავიხსენოთ, როცა "ახალი მემარჯვენეები" შიმშილობდნენ ნინო ბურჯანაძის მისაღებში, გავიხსენოთ "მემარჯვენეთა" ლიდერთა გამონათქვამები, ბრალდებები ბურჯანაძის წინააღმდეგ. "პარლამენტის ნოტარიუსი, კაბიანი გიგა ბოკერია, ქართველი დედის სახელის შემარცხვენელი, უპრინციპო პოლიტიკოსი – პოლიტიკანი "მამის ფულებით ნაყიდი პარლამენტის სპიკერი, უგულო, უსინდისო, სააკაშვილის მონა, მიშას ხელის გოგო"... "მემარჯვენეთა" ლიდერები ამ შეურაცხმყოფელი ფრაზეოლოგიის პარალელურად ბურჯანაძეს ბრალდს სდებდნენ კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევაში, მაგრამ მაშინ ნინოს მათი ლანძღვა-გინებაც ფეხებზე ეკიდა და კონსტიტუციაც, ის საკონსტიტუციო ცვლილებებიც, რომელიც მისი სპიკერობისას მიიღო ნაციონალურმა უმრავლესობამ და ბურჯანაძეს ეყო ნამუსი მოგვიანებით განეცხადებინა, სააკაშვილი კაბალური საარჩევნო კოდექსით ატარებს არჩევნებს, არადემოკრატიულია ეს კანონებიო, დიახ, საკუთარი სპიკერობისას მიღებულ და ჩასწორებულ კანონებზე იძახდა. აი, ასეთი "ღირსეული" ქალბატონია ნინო ბურჯანაძე. რატომღაც, დავით გამყრელიძისა და მისი გუნდის წევრთათვის არ უჩივლია ბურჯანაძეს და რაც ზემოთ მოგახსენეთ, ეს ყველაფერი "გადაყლაპა", ვითომც არაფერი.

ვიდრე ოპოზიციაში გადავიდოდა, ნინო ბურჯანაძეს, პირდაპირი უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ გოგა ხაინდრავა, ლევან გაჩეჩილაძე, ცრუპენტალასა და მატყუარას ეძახდა ლევან ბერძენიშვილი, თამარ ხიდაშელმა არაერთგზის, ტელე თუ ბეჭდვითი მედიით, სულ მუხლობრივად – პუნქტობრივად, "ჩამოუყარა" ყველა ის კანონდარღვევა, რაც ბურჯანაძეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაუდენია. მთელი ოპოზიციური სპექტრი – ახლა ბურჯანაძის "პოლიტ-ამხანაგები", საქვეყნოდ აცხადებდნენ, რომ ნინო ბურჯანაძე და მისი ოჯახი აკონტროლებდა ფქვილის ბიზნესს საქართველოში, აგრეთვე, მარმარილოს და სხვა, ძვირფასი სამშენებლო მოსაპირკეთებელი ქვების ბიზნესს და მათ არაერთი კარიერი ეკუთვნით ტყიბულში. ქუთაისში, ბურჯანაძის საკუთრებად აცხადებდნენ სავაჭრო ცენტრ "მეგალაინს", კაფე "დელმარის", ამავე სახელწოდების საცხობს. ჯართის ბიზნესში, ყველა ამტკიცებდა, ბურჯანაძეების ოჯახის დიდი წილიაო. ბურჯანაძეს ადანაშაულებდნენ პარლამენტის თავმჯდომარეობისას უამრავ კანონდარღვევაში, ამბობდნენ, ეს ეს პრესაშიც, მათ შორის, "დრონი.ჯი"-შიც მრავალგზის დაიწერა, რომ ნინო ბურჯანაძე ლობირებდა კონკრეტულ ფირმებს და პარლამენტს საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს, კანონის დარღვევით, მის მიერ დალობირებული ფირმები ამარაგებდნენ, დაიწერა მრავალგზის, რომ ბურჯანაძე ტენდერებში ბადრი ბიწაძის საძმაკაცოს ფირმებს ამარჯვებინებდა. ამ ტენდერების, შესყიდვების შესახებ "დრონი.ჯი"-მ კონტროლის პალატის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც უამრავ კანონდარღვევაზეა მითითებული. ამ ყველაფერს მაშინ ბურჯანაძის თანაგუნდელები, ამჟამად მისი პარტიის ლიდერები განაგებდნენ – გოჩა მარტინენკო, ვალერი ცერცვაძე და სხვები.
ნინო ბურჯანაძემ, როცა პრეზიდენტობის მოვალეობას ასრულებდა, დრო იხელთა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციას, რუსთავში 30 ჰა მიწის ფართი აჩუქა – სიმბოლურ ფასად მიჰყიდა. ვინმემ არ იფიქროთ ახლა ბურჯანაძეს საქართველოში საავტომობილო სპორტის განვითარება ადარდებდაო. თქვენც არ მომიკვდეთ, ეს ფიქრადაც არ გაუვლია. საქმე იმაშია, რომ ფედერაციის პრეზიდენტი მაშინ შალვა ობგაიძე იყო, ვიცე-პრეზიდენტი მისი ვაჟი – ანზორ ბიწაძე. პრინციპში, შვილს საჩუქარი გაუკეთა. მაშინაც, ამ საქციელის გამო ნინო ბურჯანაძეს უკადრებელი მრავლად აკადრეს, მაგრამ სასამართლოსკენ არ გაუხედავს. არც მაშინ გახსენებია ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, როცა პრეზიდენტმა სამთავრობო აგარაკი აჩუქა (1 ლარად – სიმბოლურ ფასად მიჰყიდა), "უსინდისობის აპოთეოზი – ეს ნინო ბურჯანაძეა – "ირწმუნებოდა მაშინ გია თორთლაძე. უარესებიც ითქვა მაშინ ბურჯანაძეზე, მაგრამ "გადახუხა" ყველა უკადრებელი ანზოროვნამ.

ნინა ანზოროვნა როცა პუტინთან შესახვედრად გაიქცა, მაშინ "სამშობლოს მოღალატე, სერგო ორჯონიკიძე-2, ფილიპე მახარაძის იდეური მემკვიდრე, პუტინის დაკრულზე მოცეკვავე, ქართველი ხალხის გამყიდველი"... რა ვიცი, რა აღარ ეძახეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა. სინდისს და ღირსებას არც მაშინ შეუწუხებია იგი, აქა-იქ პრესით თავს იმართლებდა – მოღალატე არა ვარ, ქართულ-რუსულ ურთიერთობას ვალაგებო. რა დაალაგა ბურჯანაძემ, კაცმა არ იცის. ერთი ეგაა ცნობილი – პრესით გავრცელებული ინფორმაციით, ბურჯანაძეს პუტინთან ოპოზიციის დაფინანსებასა და სააკაშვილის ხელისუფლების დამხობაში მხარდაჭერაზე ჰქონდა საუბარი. ამის საფასურად ბურჯანაძე პრეზიდენტი გახდებაო, ხოლო საქართველო რუსეთის კოლონია.

აქ დავასრულებთ, თორემ კიდევ უამრავი ფაქტის გახსენება შემეძლო, როცა ბურჯანაძე სინდისს უნდა შეეწუხებინა, მაგრამ არ შეუწუხებია, ღირსება უნდა შელახვოდა, მაგრამ რატომღაც, ვერ იგრძნო ღირსებაშელახულად თავი. საკითხავია, გააჩნდა თუ არა მაშინ ღირსება ნინო ბურჯანაძეს?
ისე კი, ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერებს მაინც მოსალოცად აქვთ საქმე! მრავალი წლის შემდეგ, მაგრამ მაინც გაიღვიძა მასში ღირსებამ, ქართველი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიერ მრავალგზის გათელილმა, ფეხქვეშგაგდებულმა, გადაქელილმა ღირსებამ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, აი ამაზეა ნათქვამი.
გიხაროდენ, ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერებო!
"დრონი.ჯი" მოხარულია, რომ უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ მადლიან საქმეში – ნინო ბურჯანაძეს ღირსება და თავმოყვარეობა ჰქონია და ეს სწორედ ჩვენი წყალობით შეიტყო საზოგადოებამ. ჰო, ბურჯანაძეს საქმიანი რეპუტაციაც ჰქონია და არც ეს ვიცოდით აქამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100