სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიეგო მარადონა: „ევროპელებმა ფეხბურთის თამაში არ იციან“

უღიმღამო მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც აქამდე მხოლოდ რამდენიმე მატჩით გამოირჩეოდა, მერვედფინალიდან გამძაფრდა, გამწვავდა და დარჩენილმა გუნდებმა შესანიშნავი ფეხბურთი უჩვენეს.
პირველი ნახევარფინალისტი ჰოლანდიის ნაკრები იყო, რომელმაც ბრაზილიელებს სძლია. რობინიომ პირველ ტაიმში კი დააწინაურა სამხრეთამერიკელები, მაგრამ მეორე ტაიმი დაიწყო და ფილიპე მელომ საკუთარ კარში მეტად კურიოზული გოლი გაიტანა – 1:1. მეორე კი ვესლი სნეიდერმა შეუგდო მეტოქეს და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი შინ გაისტუმრა, მოგვიანებით, ფილიპე მელოს საკუთარ კარში გატანილი გოლი, ფიფა-ს ოფიციალური განცხადებით, სნეიდერს დაეწერა – სწორედ მისი დარტყმული შეაგდო მელომ თავის კარში. თუმცა ბრაზილიელთათვის სულერთია, ვის დაეწერა ეს გოლი – სნეიდერისთვის კი სულერთი არ არის – მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილ გოლებს ერთი ფასი აქვს.
მუნდიალს შემორჩენილი ერთადერთი აფრიკული გუნდი, განის ნაკრები ურუგვაელებმა გაისტუმრეს შინ. თუმცა განამ ჩინებულად ითამაშა, პირველი გოლიც გაიტანა (მონტანი), მაგრამ დიეგო ფორლანმა გაუთანაბრა ანგარიში. ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა, დაინიშნა დამატებითი ნახევარი საათი. ამ დამატებითი დროის ბოლო, 120-ე წუთზე განელები უტევდნენ, კარში დაარტყეს და სუარესმა ხელით გამოიტანა ბურთი კარიდან. მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ასამოა გიანმა ვერ გაიტანა. არადა, ყველას ეგონა, რომ განა უკვე ნახევარფინალში იყო. ურუგვაის იღბალი სწყალობდა აშკარად. დაინიშნა პენალტების სერია – საფეხბურთო ლატარეა. აქაც ურუგვაელებს გაუმართლათ. თუმცა საკუთარი ოსტატობის ხარჯზე – მათმა გოლკიპერმა მუნსელამ ჯონ მენსას და ადიას დარტყმული ბურთები მოიგერია. მართალია, ერთი პენალტი მაქს პერეირამაც ააცილა, მაგრამ საბოლოოდ ურუგვაიმ მეტი გაიტანა და ნახევარფინალში გავიდა. განელები ბევრს შეეცოდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრაც დიდი მიღწევა იყო მათთვის და განის ფეხბურთის ფედერაციამ ბლომად პრემიები დაურიგა თავის შავტუხა ბიჭებს.

როცა იტალიის, საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს და მერვედფინალიდან მათ სხვა ევროპული გუნდებიც მიჰყვნენ, არგენტინის ნაკრების თავკაცმა, დიეგო მარადონამ მედიას განუცხადა: ევროპელებმა ფეხბურთის თამაში არ იციან, ფეხბურთი ჩვენი, ლათინოსების თამაშიაო. ეტყობა, ლეგენდარული ფეხბურთელის ეს ტრაბახი, გამორჩეულად გულზე გერმანიის ნაკრების თავკაცს, იოახიმ ლიოვსა და მის ფეხბურთელებს მოხვდათ – არგენტინელებს ევროპელებმა ბრწყინვალე გაკვეთილი ჩაუტარეს თემაზე – როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი – ტომას მიულერმა და არნე ფრიდრიხმა – თითო, მორისლავ კლოზემ კი ორი გოლი გაუტანა ბაქია სამხრეთამერიკელებს და 4:0 მოუგეს. მარადონას კი კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს _ 35 წლის სებასტიან ვერონის წაყვანას, ძანეტი, კანბიასო და სხვა ვარსკვლავები წაეყვანა, ერთია – გუნდი პირადი სიმპათიების საფუძველზე დააკომპლექტა და არა ღირსეული ოსტატებითო. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა – ლეო მესიმ ჩემპიონატი ისე დატოვა, ერთი გოლიც ვერ გაიტანა. მოკლედ, არგენტინამ დიდად გაუცრუა იმედი თავის ფანებს.

ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრა კი მეტად ტრაგიკული გამოდგა _ ესპანეთი-პარაგვაი. პარაგვაის ნაკრებთან ბევრი ესპანელთა იოლ გმარჯვებას ელოდა, მაგრამ პარაგვაელებმა ჩინებულად ითამაშეს, გასაქანი არ მისცეს მეტოქეს. სანახაობრივად დიდი ვერაფერი მატჩი იყო, თუმცა გვატემალელმა რეფერიმ, კარლოს ბატრესმა შესძინა მატჩს ინტრიგა. ჯერ პარაგვაელთა სასარგებლოდ დანიშნა პენალტი, მაგრამ კარდოზიმ ვერ გაიტანა. ზუსტად ერთ წუთში, დავით ფილა ალკარასმა წააქცია და ახლა, პარაგვაის კარში დაინიშნა პენალტი. ხავი ალონსომ დაარტყა, გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა – წესი დაირღვაო. განმეორებით ისევ ხავი ალონსომ დაარტყა, მაგრამ ამჯერად, პარაგვაის მეკარემ, ხუსტო ვილარიმ აიღო. მოკლედ, გამარჯვების შანსი ორივე გუნდმა ხელიდან გაუშვა, თუმცა ბოლოს დავიდ ვილას გოლის წყალობით ესპანეთი გავიდა ნახევარფინალში. საუკეთესო 4 გუნდს შორის 3 ევროპული – ესპანეთი, ჰოლანდია და გერმანია მოხვდა და ერთიც სამხრეთამერიკული – ურუგვაი. მოკლედ, მარადონას სიხარული ნაადრევი გამოდგა.
ფეხბურთელებსა და ნაკრებს ვინღა ჩივის, ჩვენი მსაჯებიც არ უქნია ღმერთს.
პირველი ნახევარფინალური შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა. მართალია, ჰოლანდიის ნაკრებმა პირველ ტაიმში აშკარად აჯობა ურუგვაის (ვანბრონხოსტისა და ვესლი სნეიდერის ორ გოლს დიეგო ფორლანმა მხოლოდ ერთით უპასუხა), მაგრამ მეორე ტაიმის ბოლოს ურუგვაი გააქტიურდა. ამ დროს ისინი 3:1 აგებდნენ – არიელ რობენმაც გამოიღო ხელი. ურუგვაელებმა, როგორც იტყვიან, შტურმი მოუწყეს მეტოქის კარს, ჰოლანდიელები მართლა საკუთარ კარს მიაჯაჭვეს და მაქსიმილიანო პერეირამ გოლიც გაიტანა – 3:2, ჰოლანდია ერთ გოლს იგებდა ამ დროს, მაგრამ ურუგვაის დრო აღარ ეყო მესამე გოლის გასატანად და შეხვედრის დამატებით დროში გადასატანად. აღსანიშნავია, ვან ბრონხოსტისისა და ფორლანის ულამაზესი, შორიდან, დაახლოებით, 30 მეტრიდან გატანილი გოლები. ფინალში ჰოლანდიის ნაკრები გავიდა.

მეორე ნახევარფინალში კი გერმანია ესპანეთს დაუპირისპირდა. მართალია, გერმანელებს არ ჰყავდათ ახალგაზრდა ვარსკვლავი, ტომას მიულერი, მაგრამ რომც ჰყოლოდათ, არა მგონია, მათთვის ბევრი რამ შეცვლილიყო. ესპანეთის ნაკრებმა პირწმინდად დაჯაბნა მეტოქე. ამის დასტურად, სტატისტიკაც კმარა – გერმანელებმა მხოლოდ 3-ჯერ დაარტყეს კარში, ესპანელებმა კი გერმანელთა დაცვასა და მეკარე ნოივილს გასაქანი არ მისცეს, ორი ტაიმი უტევდნენ, უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს და ერთი გაიტანეს – კარლეს პუიოლმა თავით შეუგდო ნოივილს. ესპანელებს ყველაფერი გამოსდიოდათ მინდორზე, მეტიც – შეეძლოთ გაეტანათ, მაგრამ ხან არ უმართლებდათ, ხან გერმანული დაცვა და ნოივილი თამაშობდნენ თავგამოდებით. პედროს ერთ მომენტში ბურთიანად რომ არ მოესურვებინა კარში შესვლა და დროულად დაერტყა, შეხვედრის ბედი მსაჯის საფინალო სასტვენამდე გადაწყდებოდა. თუმცა, ესპანელებმა, მართალია, 1 გოლის უპირატესობით, მაგრამ ძალზე დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

ცალკე უნდა აღინიშნოს უზბეკი რეფერი, რავშან ირმატოვი. უზბეკეთი არასდროს ყოფილა საფეხბურთო ქვეყანა, მაგრამ ირმატოვი ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი იყო ჩემპიონატზე. მან სხვა შეხვედრებთან ერთად, არგენტინა-გერმანიისა და ჰოლანდია-ურუგვაის შეხვედრებიც იმსაჯა, თანაც უმაღლეს დონეზე. ფეხბურთელებსა და ნაკრებს ვინღა ჩივის, ჩვენი მსაჯებიც არ უქნია ღმერთს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100