სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკუთარ ქორწილში ალაქლაქებული ქართველი პატარძლები და „ცალტვინა“ კაცები (ვიდეო)

ამას წინათ პოპულარულ YouTube-ზე ატვირთული ეს საქორწილო ვიდეო ვნახე, სადაც მეგრელი პატარძალი მიკროფონითა და ღვინის ჭიქით ხელში მეგრულ ენაზე თამამად და უკომპლექსოდ უხდის მადლობას მობრძანებულ სტუმრებს, ახლადშეძენილ მეზობლებს, მულს, სახელად მანანას, ვინმე თამუნას და ვინმე დათოს, რომელმაც ახალდაქორწინებულებს, თურმე, სახლი გაურემონტა. ერთი შეხედვით, არაფერია ამაში განსაკუთრებული, ჩვეულებრივ, როგორც მსგავსი ტიპის საიტზე არსებული საქორწილო თუ საოჯახო ვიდეოების უმრავლესობა, ესეც სასაცილოა, აი, ისეთი სასაცილო, მხოლოდ რამდენიმე წუთს რომ გყოფნის კარგი განწყობისთვის და მერე აღარც გახსენდება.

თუმცა, განსხვავებით ვიდეოსგან, სასაცილო ნამდვილად არ არის მნახველთა ის შეფასებები, რომელიც მას თან ერთვის და რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება: „ასეთი ჩლუნგი ვინ გაზარდა“, „ამ მახინჯის მომყვანს ქორწილი კი არა, გლოვა უნდა ჰქონდეს“. ერთგან ასეთი აბსურდიც ეწერა: „მეგრელებმა არასოდეს იცოდნენ ქართული და სუფრებსაც მეგრულად ატარებენ“...

ვიდეოს შემფასებლებმა პატარძლის მისამართითაც არ დაიშურეს ეპითეტები: კეკელკა, გლეხუჭა, სოფლელი...

მოკლედ, კომენტარების ზოგადი შინაარსი ასეთია: როგორ შეიძლება, პატარძალი ამდენს ლაპარაკობდეს! ანუ იგულისხმება ის, რომ ქორწილის დღეს ამდენს ლაპარაკობდეს, თორემ მანამ ან მერე - რამდენიც გინდა.

ერთ-ერთი ქართველოლოგის, ჯორჯ დიუმეზილის მიერ ჩაწერილი ძველი ლაზური გადმოცემა მახსენდება, რომლის თანახმადაც უძველეს დროში საპატარძლოებს არა სასიძოები, არამედ სადედამთილოები არჩევდნენ. შეიკრიბებოდა ვაჟის „ნათესავთა საბჭო“ და მიდიოდნენ გასათხოვარი გოგოს სახლში, რომელსაც, გაგიკვირდებათ და, ერთი რამ ევალებოდა მხოლოდ: რაც შეიძლებოდა ცოტა ელაპარაკა და თუ საჭიროება არ მოითხოვდა, საერთოდ არ ამოეღო ხმა. ვინაიდან შეფასების ძირითადი კრიტერიუმი იმ დროისათვის ის იყო, საპატარაძლო საუბრისას რამდენად გაწითლდებოდა. ხოლო თუ არ გაწითლდებოდა, სასიძოს დედა იტყოდა: ეს როგორი ურცხვია, ჩვენ ასეთი რძალი არ გვინდაო და ე.წ. საოჯახო მოლაპარაკებაც უშედეგოდ ჩაივლიდა.

არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ საზოგადოებაში (და არა მხოლოდ ქართულში) არსებობს ასეთი გამოთქმა: „ქალივით ჭორიკანა“, რომლის ქვეტექსტშიც იგულისხმება ის, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით გაცილებით ბევრს ლაპარაკობენ. ამგვარ შეხედულებას მედიცინაც ამყარებს. სპეციალისტების შენიშვნით, ქალის ტვინი გაცილებით სწრაფად ანაწევრებს ბგერით სიგნალებს, ვიდრე მამაკაცის, გამომდინარე იქედან, რომ მის ამ ქმედებას ტვინის ორივე, მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებში არსებული სპეციალური სამეტყველო ზონა უზრუნველყოფს. ხოლო მამაკაცის ტვინში ამგვარი ზონური დაყოფა არ გაირჩევა და მთელი დატვირთვა მხოლოდ მარცხენა ნახევარსფეროზე მოდის. ამიტომაც, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე ადამიანს ესაუბრონ სწრაფად და უპრობლემოდ, მაშინ როცა კაცებს აზრის გამოსახატად ირგვლივ სრული სიჩუმე სჭირდებათ.

ქალთა მჭევრმეტყველებასა და ენამოსწრებულობაზე საუბრობს ამერიკელი ფსიქიატრი ლუი ბრიზენდაინი თავის წიგნში „ქალის ჭკუა“. ავტორის შენიშვნით, ქალებს გაცილებით მეტი აქვთ ის ნერვული უჯრედები, რომლებიც მეტყველების პროცესს უზრუნველყოფენ. საუბრისას კი ხდება ჰორმონთა გამოთავისუფლება, რაც შედეგად მოლაპარაკის კმაყოფილებასა და სიამოვნებას იწვევს. კაცის ტვინი კი ბიოლოგიურად პროგრამირებულია ისე, რომ მისთვის მეტყველება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემაა. ამიტომაც საუბრობენ ისინი ლაკონური ფრაზებით, რის გამოც ქალებისგან ხშირად უხდებათ ამგვარი შეფასებების მოსმენა: უყურადღებო, უინტერესო, სიტყვაძუნწი.

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ქალის მეტყველების ორი მესამედი წილი მოდის აზრის გამოხატვაზე, დანარჩენი კი უბრალოდ სათქმელის ფორმირების მცდელობაა. მაშინ როცა მამაკაცისთვის მეტყველება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემაა და არანაირი ფორმირებები მასში არ ჩანს. ამიტომაც, ფსიქოლოგები ურჩევენ ქალებს, ეს თავისებურებები არ დაივიწყონ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მკვლევართა ნაწილი დღეს სკეპტიკურად უყურებს ბრიზენდაინის თეორიას ქალისა და მამაკაცის ტვინებზე ჰორმონ ტესტოსტერონის განსხვავებული მოქმედების შესახებ და მიიჩნევს, რომ მთავარი და არსებითი მაინც არა ტვინის აგებულება, არამედ ის სოციალური პირობები და გარემოა, სადაც ადამიანი იზრდება და სადაც მისი ხასიათის ფორმირება ხდება.

რაც შეეხება იმ საკითხს, რითაც დავიწყეთ, ანუ პატარძლების თემას. მათთან და ზოგადად, ქორწილთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები მხოლოდ ქართულ საზოგადოებას არ აქვს. ამ მხრივ ყველაზე უცნაური და გამორჩეული მაინც ეგზოტიკური ქვეყნები არიან. მაგალითად, ახალ გვინეაში გოგომ არათუ ცოტა უნდა ილაპარაკოს, პირიქით, მან უნდა სთხოვოს ხელი ბიჭს და თანხმობის ნიშნად ორივემ ერთი ჯამიდან უნდა მიირთვან საჭმელი; პოლინეზიაში ბიჭმა უნდა უცეკვოს გოგოს და მანაც, თანხმობის ნიშნად, ცეკვით უნდა უპასუხოს; სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიაში, კერძოდ იბოს ტომში გოგოს ნათესავები ჯოხებით სცემენ სასიძოს, რათა შეამოწმონ, რამდენად მზადაა ის შექმნას ოჯახი და გადალახოს ცხოვრებისეული დაბრკოლებები.

მაგრამ ეს ყველაფერი ეგზოტიკურ ქვეყნებში, სხვაგან კი, საზოგადოებაში არსებული დაუწერელი კანონების თანახმად, პატარძალი სიმშვიდის, უმანკოების, ქალურობისა და სინაზის განსახიერება უნდა იყოს.

ასე რომ, ქალებო და განსაკუთრებით, მომავალო პატარძლებო, იყავით მშვიდები და თავდაჭერილები, ახლა შემოდგომაა, საქორწილო სეზონია და ეცადეთ, მაინცდამაინც ბევრი არ ილაპარაკოთ.

ვიდეოს სიტყვასიტყვით თარგმანი მეგრულიდან:

„დიდი მადლობა ყველას, ვინც მობრძანდით დღეს. ჩემს ახალ მეზობლებს არ ვიცნობ, მაგრამ გავიცნობ. ჩემს სტუმრებს, ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ყველაზე დიდ მადლობას მანანას ვეტყვი, ჩემს მულს, მთელი სამი თვე შრომობდა. თამუნა, შენც გმადლობ და დათო, შენც - ამ სახლში რემონტი რომ გამიკეთე. ყველანი დალოცვილი ყოფილიყავით და ბედნიერებას გისურვებთ ყველას. მადლობა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100