15 წლის გოგონამ დედა ყოფილი საყვარლისგან მოკვლას გადაარჩინა, რომელიც ქალს დანით დაესხა თავს
36 წლის ბეატა კარჩნაკოვა სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ყოფილი საყვარელი საფეტ გასანოვიჩი დანით დაესხა თავს და მისი მოკვლა სურდა - იუწყება გამოცემა The Sun.
ბეატა ორ ქალიშვილთან ერთად ინგლისის ქალაქ დერბიში ცხოვრობდა. თავდასხმის დროს მამაკაცმა იგი დანით დაასახიჩრა. ქალმა ყვირილი დაიწყო და შველას ითხოვდა. მის ხმაზე უფროსი ქალიშვილი გამოვარდა და მამაკაცს წინ გადაუდგა, დედას გადაეფარა და სთხოვდა, რომ არ მოეკლა. 15 წლის გოგონას საქციელმა საფეტს გული აუჩუყა და დანა დააგდო. უმცროსი შვილის ძიძამ, რომელიც სხვა ოთახში იმყოფებოდა, ჩუმად პოლიციაში დარეკა. საპატრულო ეკიპაჟის დანახვისას საფეტმა ხელმეორედ სცადა ქალზე თავდასხმა, თუმცა ამჯერად მისი შეჩერება პოლიციამ შეძლო, რომელიც ფანჯრიდან შეიპარა სახლში.
ბეატას დასახიჩრებული ხელებიდან, ფეხებიდან და კისრიდან სისხლი სდიოდა. მან პოლიციას ქალიშვილის სიმამაცის შესახებ უამბო, რომლის წყალობითაც ცოცხალი გადარჩა. შერიფი იმდენად აღაფრთოვანა 15 წლის გოგონას საქციელმა, რომ სიმამაცისთვის სახელმწიფო პრემია 500 ფუნტი სტერლინგი გადასცა.
აღნიშნული ინციდენტი ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავს, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს, თუმცა ის რეალურად მოხდა - თავდამსხმელს 10 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით.
კომენტარი