ირმა ნადირაშვილი: ღარიბაშვილი იტყუება!
საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებსა და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე რამდენიმე წუთის წინ კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.
„ჩვენს ქვეყანას ყავს სამარცხვინო პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დღეს მან პირველი სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ივანიშვლს. მას ეს დაპირისპირება და დესტაბილიტაცია უნდოდა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, მას სურს, რომ დედაქალაქში იყოს ისეთივე ქაოსი, როგორიც დღეს რეგიონებშია.
მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტის გამოსვლაზე მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსი და ყველამ კარგად ნახა რაც მოხდა იქ. დიპლომატიური კორპუსი გააკეთებს კომენტარს“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ნადირაშვილმა ღარიბაშვილის განცხადებასაც უპასუხა.
ირმა ნადირაშვილი: „შსს მინისტრი ჩვეულებრივი მატყუარაა, თქვენ ჟურნალისტებმა და ათეულობით კამერამ, ხომ დააფიქსირეთ, რომ არ იყო არანაირი კორიდორი. არავის შემოუთავაზებია არც კორიდორი და არც არანაირი უკანა შესასვლელი. არ იყვნენ იქ არც პოლიციელები.
პრეზიდენტიც კი მზად იყო შესულიყო უკანა შესასვლელიდან, მაგრამ ესეც ვერ მოხერხდა. ამიტომ არის ღარიბაშვილი მატყუარა. მე მესმის, რომ ღარიბაშვილი იძულებულია, თავი იმართლოს, მაგრამ ის ვერ აიცილებს თავიდან პასუხისმგებლობას.
ეს ივანიშვილის დადგმული სპექტაკლი იყო, მათ თავისი აქტივისტები მოაგზავნეს. მატყუარა ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა გადადგეს სამარცხვინო ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ.“
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შემდეგ განაცხადა, რომ ნაცმოძრაობის წევრებისთვის გამოყოფილი იყო სპეციალური კორიდორი, რომლის მეშვეობითაც უმცირესობის წარმოამდგენლებმა არ ისარგებლეს. „ჩვენი ოპონენტები შენობაში კორიდორიდან, რომ შესულიყვნენ და არა მთავარი შესასვლელიდან, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა“-განაცხადა ღარიბაშვილმა
კომენტარი