სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცმა ცოლი გაგუდა და ცხედარს სამი კვირა საკუთარ ავტომობილში ინახავდა

შემთხვევა რუსეთში მოხდა - ერთი შეხედვით, გალია და დიმიტრი ბევრისთვის საოცნებო წყვილი იყო. ქალი არასდროს ემდუროდა მეუღლეს, ყოველთვის მხიარული და ხალისიანი იყო. ისინი დიდი ხნის ნანატრ ბავშვს ზრდიდნენ. 35 წლის გალიას ჰქონდა კარგი სამსახური, ჰყავდა მზრუნველი მშობლები და მეგობრები, მის გარშემო იყო ყველა ის ადამიანი, ვინც ძალიან უყვარდა, თუმცა ერთ დღეს ეს ბედნიერება მოულოდნელად დიდი უბედურებით შეიცვალა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სიცოცხლით სავსე ქალს ვინმე სასტიკად მოკლავდა.

4 სექტემბერს ქალი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მეგობრები და მშობლები როდესაც გალიას ურეკავდნენ, მის მობილურ ტელეფონზე დიმიტრი პასუხობდა და ეუბნებოდა მათ, რომ მეუღლემ შვებულება აიღო და თურქეთში გაემგზავრა. ყველასთვის უცნაური ის იყო, რომ გალია გარდა იმისა, რომ მეუღლისა და ბავშვის გარეშე წავიდა დასასვენებლად საზღვარგარეთ, არც ერთ მეგობარსა თუ ოჯახის წევრს არ შეეხმიანა და მოსალოდნელი გამგზავრების შესახებ არაფერი უთხრა. არც სამსახურში იცოდნენ კოლეგებმა, რომ შვებულების აღებას აპირებდა.

ბარის ხელმძღვანელმა, სადაც გალია ბუღალტრად მუშაობდა, არ იცოდა, აპირებდა თუ არა ქალი დასასვენებლად წასვლას და გაოცებული დარჩა ასეთი „უყურადღებობით“, რადგან მას თავის მარჯვენა ხელად თვლიდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში გაუთავებელმა მიმოწერამაც არ გამოიღო შედეგი - გალია არავის პასუხობდა, რადგან ინტერნეტითაც აღარ სარგებლობდა.

ცოტა ხანში გარშემომყოფები დაეჭვდნენ - არ შეიძლებოდა გალია ასე უბრალოდ ამდგარიყო და გამგზავრებულიყო ისე, რომ ყველასთან კონტაქტი გაეწყვიტა. როდესაც დიმიტრი მიხვდა, რომ ტყუილით თავს ვეღარ დაიძვრენდა, მან მორიგი ისტორია შექმნა - გალია უკვე დაბრუნდა სახლში და ჯერ ვერავის პასუხობს ზარებზე, რადგან მას აკლიმატიზაციის პერიოდის გადალახვა სჭრდებოდა. სახლში სანახავად მისულ მეგობრებს კი გამოუცხადა, რომ რამდენიმე დღით საავადმყოფოში დაწვა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა.

- წარმოუდგენელია, დიმიტრი ისე ოსტატურად გვატყუებდა ყველას, ეჭვიც არ შეგვიტანია მის სიტყვებში. ჯერ გვითხრა, რომ თურქეთში წავიდა, თუმცა უცნაური იყო ის, რომ საკუთარ მშობლებსაც კი არ გააგებინა ამის შესახებ, შემდეგ თითქოს რთული პერიოდი ჰქონდა „აკლიმატიზაციის“ გამო, იქ მისულებს გამოგვიცხადა, რომ საავადმყოფოში დაწვა, ისიც კი გვითხრა, თუ რომელი წამლებით გადიოდა მკურნალობას, ამდენი საშინელი ტყუილი ერთად და ჩვენ ეს ყველაფერი გვჯეროდა - ამბობს ჟურნალისტებთა საუბარში გალიას ერთ-ერთი მეგობარი.

დიმიტრიმ მოახერხა და მეუღლის სიკვდილის ამბავი სამი კვირა დამალა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ქალი საკუთარი მეუღლის ხელით იყო მოკლული და მისი ცხედარი დიმიტრის ავტომობილში, „გაზელის“ მარკის თერმოფურგონში იყო დამალული. ამ ავტომობილს მამაკაცი ტვირთის გადასაზიდად იყენებდა და ძირითადი მისი შემოსავალიც სწორედ აქედან ჰქონდა.

ტრანსპორტმა ხალხის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც შიგნიდან გამოსულმა სუნმა ყველა შეაწუხა. ის დღითი დღე უფრო მძაფრად იგრძნობოდა და მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ფურგონის კარი გატეხეს და შიგნით პოლიეთილენის დიდ ცელოფანში გახვეული ქალის გვამი აღმოაჩნეს - ეს დიმიტრის მეუღლე გალია იყო.

- ამ ისტორიაში კიდევ უფრო ცუდი ფაქტი ის არის, რომ სანამ გალია „ვითომ შვებულებაში“ იმყოფებოდა, დიმიტრიმ სიდედრს სთხოვა ბავშვის მიხედვა, რადგან თავად მუშაობდა. მიუყვანა პატარა გალიას დედას და მან უყოყმანოდ დაიტოვა შვილიშვილი, ამ დროს კი თავისი ქალიშვილი სწორედ ამ ბავშვის მამის მიერ იყო მოკლული - აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი სამი კვირის მოკლული იყო, დიმიტრიმ ის გაგუდა. გამოძიების თანახმად კი მკვლელობა სწორედ იმ სახლში მოხდა, სადაც წყვილი საკუთარ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვს ამ დროს ეძინა და არაფერი გაუგია. მეზობლების თქმით, მათ დიმიტრისთვის უცნაური არაფერი შეუმჩნავიათ, რადგან ჩვეულებრივ ისე იქცეოდა, როგორც ცოლის მკვლელობამდე.

დაკითხვაზე ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, თუმცა ვერ ახსნა გვამის დამალვის მიზეზი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100