როგორ არჩევენ კადრებს შსს-ში: ღარიბაშვილი და მეგობართა აღზევების ზეობა
"ინტერპრესნიუსის" მიხედვით
ახალი ხელისუფლება სხვადასხვა სტრუქტურებში თანამდებობებს პირადი ნაცნობობის გათვალისწინებით არიგებს. ასე ხდება ისეთ სპეციფიკურ სტრუქტურაშიც კი, როგორიც შსს-ა. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, მხოლოდ მინისტრებსა და მინისტრთა მოადგილეებს შევცვლით, დანარჩენები კი თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენო, „სააკაშვილის კადრების“ დათხოვნის ისტერია გრძელდება.:
„ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ეცადა, შევენარჩუნებინე საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად, მაგრამ მისი თქმით, წამყვან თანამდებობებზე მეგობრების დანიშვნის მითითება აქვს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სალომე მახარაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე არ წასულა, იმის მიუხედავად, რომ მინისტრისგან ამგვარი შეთავაზება მიიღო. "ირაკლი ღარიბაშვილს ჩემი გათავისუფლების განკარგულებაზე ხელის მოწერა ძალიან უჭირს. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ძალიან კომფორტულია პიარის სამუშაო. ის ძალიან ეცადა, მე ვყოფილიყავი. ბევრი მადლობა გადამიხადა პროფესიონალიზმისთვის, თუმცა, ვერ შეძლო, შევენარჩუნებინე. მინისტრმა მითხრა, რომ პირდაპირი პოლიტიკა და მითითებაა ასეთი, რომ წამყვან თანამდებობებზე უნდა იყვნენ მეგობრები", - განაცხადა სალომე მახარაძემ.
მისივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, მისთვის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაც შეეთავაზებინა, თუმცა "მინისტრი მიხვდა, რომ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით ეს თანამდებობა ჩემთვის შეურაცხცმყოფელი იქნებოდა".
როგორც მახარაძემ განმარტა, სისტემაში სხვა თანამდებობაზე დარჩენის შეთავაზებაც მიიღო, თუმცა, დათანხმებას არ აპირებს, რადგან მისი პროფესია პიარია.
"ჩემი განცხადების საფუძველზე არ წამოვსულვარ. არ ვიცი ამ ფაქტს იურიდიულად რა ფორმით მოიყვანენ სისრულეში, რადგან აბსურდულ რაღაცებს არ ვაკეთებ და ვერ მოვიტყუები, რომ სამსახურის დატოვება ჩემი სურვილი იყო, რადგან ეს სიმართლე არ არის. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის ძალაც ირაკლი ღარიბაშვილს არ შესწევდა. მე მას ვუთანაგრძნობ. ძალიან რთულია, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ, როდესაც დინების წინააღმდეგ მიდიხარ და იძულებული ხარ, პროფესიონალები გაუშვა მხოლოდ იმიტომ, რომ მითითება გაქვს მეგობრების დანიშვნის შესახებ", - აღნიშნა სალომე მახარაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ჟურნალისტი ნინო გიორგობიანი უხელმძღვანელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგობიანმა განუცხადა, ახალ სამსახურში მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება.
კომენტარი