მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სექსის პრევენციაზე კანონი იზრუნებს
ამერიკელმა სკოლის მასწავლებელმა, კრისტინა ტომასმა აშშ–ის შტატ მისურის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა იმ კანონის მიღებისთვის, რომელიც მასწავლებლებს სოცქსელებში თავიანთ მოსწავლეებთან დამეგობრებას უკრძალავს. ტომასის აზრით, ეს კანონი მის უფლებებს ზღუდავს, რადგან უკრძალავს საკუთარ შვილებთან დამეგობრებასაც, რომლებიც ასევე, მისი მოსწავლეები არიან.
შტატის ხელმძღვანელობამ კანონი პედოფილიასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო და მისი მიზანია, ნულამდე დაიყვანოს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არაფორმალური კონტაქტები. აკრძალვა ნებისმიერ ონლაინ–კომუნიკაციას ეხება: თუ სასკოლო დავალებებსზეა საუბარი, მაშინ მიმოწერაზე წვდომა სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებსაც უნდა ჰქონდეთ, ხოლო ქსელების მეშვეობით ურთიერთობა არასასკოლო საკითხებზე საერთოდ აიკრძალა. სხვათა შორის, შეზღუდვა ეხება არამხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ კურსდამთავრებულებთან ურთიერთობასაც.
ამერიკაში ამ თემაზე – პედოფილიის თავიდან აცილებაზე ბევრს მსჯელობენ, მაგრამ საბოლოო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა აღმოფხვრან მასწავლებლისა და მოსწავლის არაფორმალური დაახლოება, მაინც არ არსებობს. სხვათა შორის, თუ ისტორიას გადავხედავთ, ეს პრობლემა ახალი ნამდვილად არ არის.
ძველ საბერძნეთში მოსწავლესთან სექსი ჩვეულებრივ ისტორიად იყო მიჩნეული. იგი ინტელექტუალური და ემოციური სიახლოვის ლოგიკურ გაგრძელებად აღიქმებოდა, თუმცა, სასამართლო განხილვის საგანიც ხშირად ხდებოდა. მხოლოდ სოკრატეს გახსენებაც იკმარებდა, რომელიც ყმაწვილთა “დაუძინებელი მტერი” იყო. რაც შეეხება სსრკ–ს, იდეა, რომ მასწავლებელი, შესაძლოა, მოსწავლის სექსუალური პარტნიორი გამხდარიყო, არ არსებობდა არათუ კანონის, არამედ ყოველდღიური სასაუბრო თემის დონეზეც კი.
დისტანცია მაშინ მთავარი პედაგოგიური იარაღი იყო და ამიტომაც, სტანდარტული საბჭოთა მასწავლებელი ქალი – ეს იყო არცთუ გემოვნებიანად ჩაცმული, 50 წელს გადაცილებული მანდილოსანი, რომელსაც თმები „ხნით“ ჰქონდა შეღებილი. რა თქმა უნდა, ასეთი ქალები ვერც იქნებოდნენ სექსუალური ლტოლვის ობიექტები ან სუბიექტები. თუმცა, აქა–იქ უფრო ახალგაზრდა, ვნებიანი ქალებიც გამოერეოდნენ, განსაკუთრებით, 80–იანი წლებიდან. თუმცა, ეს ვნებიანობა მათი სახის გამომეტყველებაში და ჩაცმულობის დროს ამობურცულ ქალურ ღირსებებში თუ აისახებოდა, რადგან ყოველგვარი გამომწვევი ჩაცმულობა, თვით მუხლზემოთ კაბა ან ჩახსნილი ტანსაცმელი (დეკოლტეზე რომ არაფერი ვთქვათ) მკაცრად დაიგმობოდა ხოლმე.
მასწავლებელი ქალი ისე უნდა ყოფილიყო ჩაცმული, რომ “სისხლაჩქეფებულ” ყმაწვილში ვნება არ აღეძრა და იგი მთლიანად გაკვეთილზე ყოფილიყო ორიენტირებული. რამდენად ხერხდებოდა ეს – სხვა საუბრის თემაა.
მაგრამ ამავდროულად, სსრკ–ს სხვა რესპუბლიკებში თუ არა, რუსეთის თითქმის ყველა კარგ სკოლაში იყვნენ მასწავლებელი კაცები, რომლებიც უფროსკლასელ გოგონებთან უყოყმანოდ აბამდნენ რომანს – არა იმდენად ოფიციოზისადმი ოპოზიციური განწყობის გამო, რამდენადაც იმიტომ, რომ ეს რომანი მაინც არ გახმაურდებოდა – ამაზე არავინ ლაპარაკობდა ხმამაღლა.
იმ დროებაში ტელევიზიით ერთი ფილმი გადიოდა “ორშაბათამდეც მივაღწევთ”, სადაც ახალგაზრდა მასწავლებელი ქალი, რომელიც ყოფილ კლასის დამრიგებელზე, იმ დროს კი უკვე კოლეგაზეა შეყვარებული, იმაზე სწუხს, როგორ დაიცვას დისტანცია. მიუხედავად იმისა, როგორ რეაგირებდნენ სხვადასხვა დროს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სექსზე, ეს პროცესი არასდროს და არსად ყოფილა ლეგიტიმური. სწორედ ამიტომ იქცა სექსი მასწავლებელთან კლასიკური პორნოგრაფიის თემად: სტატუსების ცვლილება და დაქვემდებარების როლების გაცვლა ფრიად შთამბეჭდავია სექსუალური ფანტაზიის გასაღვივებლად...
პრობლემის წინაშე – როგორ დაიცვას დისტანცია და რა მანძილი აირჩიოს, ნებისმიერი მასწავლებელი დგება, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი ამას არად დაგიდევთ. მით უმეტეს, უცხოელები. მსგავსი მაგალითი ქართულ რეალობაშიც გვქონდა, როცა ინგლისურის მასწავლებელი, რომელსაც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” უამრავი მეგობარი–მოსწავლე ჰყავდა, ლამის იყო, ბავშვების გარყვნაში დაადანაშაულეს, მისსავე პროფილის ალბომში გამოქვეყნებული ფოტოების გამო, რომელსაც პირობითად, ინტიმური ან ინტიმურობასთან ასოცირებული მაინც შეგვიძლია ვუწოდოთ. მაგრამ საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც მასწავლებელს სოცქსელებში საკუთარ მოსწავლესთან დამეგობრებას აუკრძალავს.
ზოგიერთი თვლის (და სრულიად სამართლიანადაც), რომ პირადი პროფილი სოციალურ ქსელში – მასწავლებლის პირადი ცხოვრებაა, მისი საქმეა და ამ საქმეში ნებისმიერი ჩარევა უკანონობად აღიქმება. რაც შეეხება იმ პრობლემას, რომ მოსწავლეები მათი მასწავლებლის ინტიმურ ფოტოებს ნახულობენ და, შესაბამისად, აქედან გამომდინარე უყალიბდებათ მასზე წარმოდგენა – მოსწავლეებთან დამეგობრების აკრძალვა ვერაფერს შეცვლის: ბოლოს და ბოლოს, მოსწავლეები სხვა სახელითა და გვარით დარეგისტრირდებიან და მასწავლებელთან ისე “იმეგობრებენ”.
რაც შეეხება ამერიკელებს, იქ საკითხი ცოტა სხვაგვარად დგას: აშშ–ში მასწავლებელი არასდროს ყოფილა ისე გაიდეალებული და ლამისაა, ცამდე აყვანილი, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო – საბჭოეთში მოსწავლეებს ისიც კი უკვირდათ, როცა მასწავლებელს ბუფეტში, ჩაის ხვრეპის პროცესში ნახავდნენ და კიდევ უფრო უკვირდათ, თუ პედაგოგთა საპირფარეშოდან გამოსულს წააწყდებოდნენ – მასწავლებელი ერთგვარ, უხორცო არსებად იყო მიჩნეული, რომელსაც არ შეიძლებოდა, ისეთივე მოთხოვნილებები და ყოველდღიური ყოფა ჰქონოდა, როგორიც რიგით მოკვდავებს ჰქონდათ.
ამიტომაც მასწავლებელთან სექსი და, მით უმეტეს, მასთან სერიოზული რომანის გაბმა მუდამ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა და მხოლოდ მდიდარი ფანტაზიის მქონეთა წარმოსახვაში იკვალავდა გზას – ეს ისეთი თემა იყო, რაზეც კლასში შენს უახლოეს მეგობართან საუბარიც კი, უხერხულთან ერთად, სარისკოც იყო...
კომენტარი