სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ოქრუაშვილი მოსკოვში დასატუქსად დაიბარეს?

ვისაც ეეჭვებოდა, ვისაც დაჯერება არ სურდა, ვისაც დღემდე ეპარებოდა ეჭვი, ვისაც ეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლება „რუსულ საფრთხეს“ ყურადღების გადასატანად იგონებდა – ყველასთვის აშკარა ხდება, რომ რუსული სცენარი „დაანონსებულ“ გამოსვლებამდე რამდენიმე დღით ადრე ამუშავდა. როგორც ყოველთვის, საქართველოს ყველა დროის განაწყენებულების საყვარელი თავშეყრის ადგილი ისევ რუსეთი და, უფრო კონკრეტულად, ამ ქვეყნის დედაქალაქია.

დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვს ირაკლი ოქრუაშვილი ეწვია. წინასწარი ინფორმაციით, ის რამდენიმე საიდუმლო შეხვედრის გასამართადაა ჩასული. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, ოქრუაშვილი რუსეთის დედაქალაქიდან მიადევნებს თვალს 21 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ხვალვე უკან, პარიზში გაბრუნდეს.

ერთ–ერთი ვერსიით, ირაკლი ოქრუაშვილი მოსკოვში ახსნა–განმარტებებისსთვის დაიბარეს და ანგარიში უშუალოდ მათ უნდა ჩააბაროს, ვისგანაც დაფინანსება მიიღო და ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანის პირობა დადო. ჯერ კახეთის და აჭარის ტურნეების, შემდეგ კი თბილისური გამოსვლების სრულმა კრახმა კრემლი, როგორც ჩანს, გააღიზიანა, განსაკუთრებით კი იმან განარისხა, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირმა ბათუმში ჩატარებულ აქციას, რომელიც ხალხმრავალი უნდა ყოფილიყო, „რუსეთიდან მართული ჯგუფის მიერ მოწყობილი ექსკურსია“ უწოდა.

მუსიკას ის უკვეთავს, ვინც ფულს იხდის, მაგრამ, წესით, გადამხდელს შეუძლია ცუდად შესრულებული მუსიკისთვისაც მოგთხოვოს პასუხი, ასე რომ, შესაძლოა, ირაკლი ოქრუაშვილს თავის მართლება მოუწიოს. თუმცა, როგორც ჩანს, კრემლი „ოქროს“ მკაცრად დატუქსვას არ პირებს, რათა ისედაც დაშინებული ექს–მინისტრი კიდევ უფრო არ დააფრთხოს. შესაძლოა, ოქრუაშვილს სარეზერვო გეგმაც მიაშველონ.

პოლიტიკურ მსოფლიოში დროს და პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როცა ახალ წელს ცხინვალში შეხვედრის პირობას დებდა, მოსკოვს კი ფეკალურ მასაზე მიანიშნებდა, ირაკლი ოქრუაშვილი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, თუკი ასე მოკლე დროში სიტუაცია შეიცვლებოდა და მოსკოვის ქუჩებში თავისუფლად გაინავარდებდა. არამარტო ქუჩებში – ფართო კაბინეტებშიც. როგორც ჩანს, მოსკოვს მაინც სჯერა ცრემლების და იმისაც, რომ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მუდმივი მხოლოდ ინტერესებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100