ვანუატუ: აღიარებს თუ არ აღიარებს?..
აღიარებს თუ არა ვანუატუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ამის შესახებ ვანუატუს მთავრობის წარმომადგენელმა ახალზელანდიურ "Radio New Zealand International"-ს განუცხადა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კი უარყოფს, რომ ვანუატუს მთავრობამ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.
"აფხაზეთსა და ვანუატუს შორის შეთანხმება არსებობს, მაგრამ ვანუატუ დიპლომატიურ ურთიერთობებში ჯერ-ჯერობით არ არის ჩართული. ჩვენ აფხაზეთთან დიპლომატიური კავშირის დამყარების საკითხს განვიხილავთ და როცა ეს პროცესი ოფოციალურ დონეზე ავა, რაც უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი, ჩვენ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ"- აცხადებს ვანუატუს მთავრობის წარმომადგენელი ალფრედ კარლოტი.
შეგახსენებთ, რომ ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ინფორმაცია პირველად მაისის ბოლოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაახმოვანეს. მოგვიანებით ვანუატუს წარმომადგენელმა გაერო-ში აღნიშნული ინფორმაცია უარყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კი წინა პრემიერის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა. თუმცა რამდენიმე დღის წინ ვანუატუს პარლამენტმა ქვეყნის პრემიერად კვლავ სატო კალმანი აირჩია, რომელმაც მაისის ბოლოს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ სერგეი შამბასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. კვლავ აღიარებს თუ არა ახლადარჩეული პრემიერი სოხუმის დამოუკიდებლობას, ჯერ-ჯერობით უცნობია.
კომენტარი