სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია ყაზბეგის გამზირზე - დაკავებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი

ავარია ყაზბეგის გამზირზე და გარდაცვლილი 19 წლის ბაიკერი - საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.

უწყების ცნობით, საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპოლიციო ღონისძიების, დევნის პროცესში შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, რევი დემეტრაშვილი გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ მოტოციკლის მძღოლს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აედევნა და მას გზა ჩაუკეტა.

ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, ერთ-ერთი, რომელმაც ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, პოლიციამ დააკავა. შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალა გიკა მოდებაძეს აქვს გადაღებული. ვიდეოში თვითმხილველი ყვება, რომ პოლიცია ადგილზე მტკიცებულების განადგურებას ცდილობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100