სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როინ აბუსელიძის ლექსი მღვდლების ცოლებზე

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან ფოფოდიები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და მათი ცოლები,
დგებიან ადრე და კაბებით იმოსებიან.

თუმც პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და
ღმერთის სურნელი იბადება ანუ პურიდან,
ცოლებს მოძღვართა, ყოველ დილით, ყოველ საღამო
მათხოვრები და მტრედები რომ ეობლებიან,
ისმის სიცილი და ტირიან ფოფოდიები,
ფოფოდიები მკერდმოჭრილი დედოფლებია...

ნუ შეგვიყვანებ განსაცდელსა გვიხსენ არამედ,
მალე ღამდება, ასე ჩანს და ვამბობთ გარედან,
ფოფოდიები მიჰყვებიან მოძღვრებს კარამდე,
ან მოჰყვებიან და დაღლილნი ვნებას მოწოლილს,
დაიოკებენ, თან იძინებს მთელი პლანეტა,
როცა კოცონთან სხდებიან და თბება კოცონი -

მათი აურით, მივუტევებთ ვითარცა ჩვენ და
სუნთქავენ მანამ, ჰაერს ღეჭავს სანამ სატანა,
სანთლის შუქზე კი ჩრდილები და ღამე კანკალებს,
იზრდება სითბო ბინაში და ბინაც იზრდება,
დღეს დაღლილები დაწვებიან ფოფოდიები,
დაწვებიან და ღვთისმშობელი დაესიზმრებათ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან მღვდლების ცოლები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და ფოფოდიები,
დგებიან ასე და კაბებით იმოსებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100