ხოხობი "პირველი თბილისელი“ არ არის
არქეოლოგებმა აბანოთუბანში უნიკალური ნივთები იპოვეს, რომელიც კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ ლეგენდას თბილისის დაარსების შესახებ და მიანიშნებს, რომ თბილისის ადგილას ჯერ კიდევ მე-5 საუკუნემდე ჩქეფდა ცხოვრება და იმდენადაც კი, რომ ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ამ დასახლებულ პუნქტში მონეტებს ხმარობდნენ და კლასიკური რომაული აბანოების მსგავსად, თერმულ წყლებს იყენებდნენ.
ბოლო აღმოჩენა, რომელიც ლეგენდას თავდაყირა აყენებს, აბანოთუბანში ნაპოვნი ქვევრია. ამჟამად მისი რესტავრაცია მიმდინარეობს და როგორც არქეოლოგები ამბობენ, ქვევრი ძალიან დიდი ზომისაა და ამ მხრივ უნიკალურია.
შეგახსენებთ, რომ არქეოლოგებმა უნიკალური აღმოჩენები ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში გააკეთეს: მეტეხის ხიდთან, 40 მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის დროს არქეოლოგებმა უძველესი დედა-ციხის ნაშთებს მიაკვლიეს.
აღმოჩენილია ციხის გალავანი, რომელიც ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდისაა, ასევე სასახლის უფრო ძველი ფენები, რომელიც გორგასლის მოღვაწეობამდე ბევრად ადრინდელ პერიოდს მოიცავს.
კომენტარი