სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ, რატომ და რამდენი ადამიანი დააკავა შსს-მ 12 დეკემბერს

შსს-მ დღეს 5 პირი დააკავა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ:

კასპში სამართალდამცავებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული გიორგი მ. დააკავეს, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, კასპის 33-ე უბანზე, საარჩევნო ურნაში წინასწარშემოხაზული, ყალბი ბიულეტინების ჩაყრას შეეცადა. დანაშაულის ჩადენის დროს, გიორგი მ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა (ის 2011 წელს ქურდობისთვის სსსკ-ის 177-ე მუხლით გასამართლდა და ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა). დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება.

11 დეკემბერს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 19:00 საათზე , ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „აუდის" მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს, უკრაინის მოქალაქეს, საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომელს, ლუდმილა ვოიტუკს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „აუდის" მძღოლი, 1968 წელს დაბადებული ივანე ბ. ამჟამად დაკავებულია და გადაყვანილია თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურში. ავარიის შედეგად დაშავებული ლ. ვოიტუკის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის, 1972 წელს დაბადებული კახაბერ ჭ. და რუსეთის მოქალაქე, 1972 წელს დაბადებული მამუკა ე. დააკავეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამუკა ე. ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია. რაც შეეხება კახაბერ ჭ-ს, სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 5 აბი ,, სუბოტექსი", 66 ამპულა ,,მორფინი" და ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მოპოვებული 2000 ლარი ამოღეს. დანაშაული 7 დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქუთაისში, ხათუნა გელხვიიძის კუთვნილი ოქროს ნივთების ქურდობის ფაქტზე, დაწყებულმა გამოძიებამ დადგინა, რომ 11 დეკემბერს, ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია ,,საფილოსთან", ხათუნა გელხვიიძემ ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, კუთვნილი ოქროს ნივთები ვეღარ იპოვა. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გაირკვა, რომ აღნიშნულ ნივთებს, დაკარგვის შემდეგ, 1985 წელს დაბადებული სულხან რ. დაეუფლა. ნაპოვნ ოქროულს ის სამუშაო ავტომანქანის სალონში ინახავდა, რომლის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაახლოებით, 350 გრამი 50 დასახელების სხვადასხვა ოქროს სამკაული ამოიღეს და პატრონს, ხათუნა გელხვიიძეს დაუბრუნეს. დამნაშავის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებაში არაფერია ნათქვამი. თუმცა, როგორც შსს-ს პრესსამსახურმა droni.ge-ს განუხადა სულხან რ. დაიკითხა და გამოძიების დასრულებულებამდე ხელწერილით გაათავისუფლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100