სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით აქუბარდია დღეს პირდაპირ ეთერში იტყვის, მიჰყიდის თუ არა "კავკასიას" ივანიშვილს

მიჰყიდის თუ არა "კავკასიის" ერთ-ერთი დამფუძენებელი დავით აქუბარდია ტელევიზიას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, დღეს, 19:20 საათზე გაირკვევა, როცა იგი ამ თემაზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

ასე გამოეხმაურა აქუბარდია "პირWელთან" საუბარში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, იგი მზადაა, რომელიმე ქართული ტელევიზია შეიძინოს.

"დღეს, 19:20 საათზე "კავკასიის" ეთერში სტუმრად შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეყოლება და ტელეკომპანიის ივანიშვილისთვის მიყიდვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სწორედ მაშინ გავაკეთებ", - განაცხადა აქუბარდიამ.

მისგან განსხვავებით, ტელევიზიის გაყიდვა-არგაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება უკევ მიღებული აქვთ "მაესტროში", რომლის დამფუძნებელი ტელეკომპანიის გაყიდვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს რომელიმე ტელევიზიის შეძენის სურვილი გამოთქვა.

მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის"“მზადაა, ნებისმიერი ქართული ტელევიზია შეიძინოს, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია".

"შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია. იმისთვის, რომ მეპატრონეს (თუკი ასეთი არსებობს, სააკაშვილის გარდა) გაყიდვის რეალური ინტერესი გაუჩნდეს, ვთავაზობ შემდეგს: 1. გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას. ღირებულება მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთმა უნდა შეაფასოს; 2. შეძენიდან მაქსიმუმ, ორი წლის შემდეგ მის დღევანდელ მფლობელს ტელევიზიას სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დავუბრუნებ. იურიდიულად ეს ვალდებულებები გაყიდვის კონტრაქტთან ერთად გაფორმდება. იმავდროულად გაფორმდება ვალდებულება, რომ ტელევიზიის დღევანდელი ძირითადი საშუალებების ღირებულება დაბრუნების მომენტში მინიმუმ, 15%-ით იქნება გაზრდილი; 3. ტელევიზიის ახლანდელ მფლობელს უფლება ექნება (ეს გაყიდვის მომენტში გარანტიის სახით აისახება), საეთერო დროის 50% შეინარჩუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ "მაესტროს" და "კავკასიის" დღევანდელ მფლობელებს შეეძლებათ, დღევანდელი გადაცემები პრაქტიკულად მთლიანად შეინარჩუნონ (ამ ტელეარხების საეთერო დრო ამჟამად 50%-ითაც კი არ არის დატვირთული)", - აცხადებს ივანიშვილი და დასძენს, რომ "თუ მის შეთავაზებას არ გამოეხმაურებიან, ამ ტელევიზიების დანიშნულება მართლდება".

ამასთან, ცნობილი ბიზნესმენისა და მომავალი პოლიტიკოსის მტკიცებით, "საქართველოში ყველა ტელევიზიას, მათ შორის "მაესტროსა" და "კავკასიას" ხელისუფლება აკონტროლებს".

მის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში, რომელშიც ივანიშვილი პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიზეზებს ხსნის, "მაესტროსა" და "კავკასიას" "სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს" უწოდებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100