სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საშინელი მანიპულაცია – გოგონათა წინადაცვეთა

დღევანდელ ევროპაში შორეული აზიის, აფრიკისა და წარმართული ისტორიული ტრადიციების ექოდ ჟღერს ჯალათური მანიპულაცია, რომელიც ქალთა წინადაცვეთის სახელით არის ცნობილი.

წინადაცვეთა გოგონებში გულისხმობს გენიტალიებზე წარმოებულ ოპერაციას –კლიტორექტომიასა და, მთელ რიგ შემთხვევებში, მცირე ბაგეების ამოკვეთასაც. ჯერ კიდევ 2003 წელს ჩატარდა კაიროში კონფერენცია ქალთა წინადაცვეთის თემაზე. აფრიკის ქვეყნებისა და არაბული სამყაროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს ამ ადამიანთსაწინააღმდეგო პრაქტიკის დაგმობის დეკლარაცია.

ამის მიუხედავად, 2008 წლის მონაცემებით, 140 მილიონამდე ქალს ჰქონდა ეს ოპერაცია გაკეთებული, უპირატესად აზიაში და აფრიკის ჩრდილოეთში (ფილიპინები, მალაიზია, პაკისტანი, ინდონეზია, ეგვიპტე, ეთიოპია, მალი, არაბთა ემირატები, ომანი, ბაჰრეინი), აგრეთვე დასავლეთ ნახევარსფეროდან – ბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკაში და პერუში. მთლად შემაშფოთებელი იყო სტატისტიკა სუდანში და სომალიში – წინადაცვეთილ გოგონათა რიცხვი იქ აღწევდა 98%–ს!

ისტორიულად ქალთა წინადაცვეთას ისეთივე რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ვაჟთას – მაგალითად, ძველ ინკებში, რომლებიც თაყვანს სცემდნენ მორიელის მმუსვრელ გველეშაპს, კლიტორი მიიჩნეოდა სწორედ ამ მორიელის ნესტრის საბუდრად და ამიტომ ხდებოდა მისი ამოკვეთა.

ამ ოპერაციული ჩარევის დღევანდელი ადეპტები ოპერაციას აძლევენ უფრო ყოფით მორალურ მნიშვნელობას და თვლიან, რომ ამ გზით გოგონა შეინარჩუნებს თავის ზნეობრიობას და ჩანასახშივე აღკვეთს იმგვარ სექსუალურ აქტივობას, რომელმაც მასში შეიძლება გამოიწვიოს მასტურბირების მოთხოვნა; ამავე დროს, მათი წარმოდგენით, წინადაცვეთის შემდეგ ქალი გახდება თვინიერი და არ უღალატებს ქმარს.

ნიგერიაში თვლიან, რომ თუ მშობიარობისას ბავშვი თავით შეეხო დედის კლიტორს, ის აუცილებლად დაიღუპება. ზოგიერთ აფრიკულ ტომში არის რწმენა, თუ არ მოხდა კლიტორექტომია, კლიტორის ზომებმა შეიძლება გაუსწროს მამაკაცის ასოს ზომას. სომალიში და სუდანში მიაჩნიათ, რომ კლიტორის მოკვეთის გარეშე გოგონა ჩამოყალიბდება მსუბუქი ყოფაქცევის ქალად.

რეალობაში, წინადაცვეთას კოლოსალური ზიანი მოაქვს ქალის ჯანმრთელობისა და ფსიქიკისათვის. ფიზიკური პათოლოგიებიდან ეს არის ანთებითი პროცესები, სისხლის მოწამვლა, უშვილობა, მშობიარობის გართულებები, თვით მშობიარის სიკვდილის ჩათვლით. არადა, პრაქტიკულად არცერთი რელიგია არ მოითხოვს ქალთა წინადაცვეთას და, მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანები ამ რიტუალს კრძალავენ, სწორედ მუსულმანურ ქვეყნებშია ყველაზე მეტად კულტივირებული, როგორც უფრო ადრინდელი წარმართული ტრადიცია; თუმცა ამ წეს –ჩვეულებას უფრო ეთნიკური ფესვები აქვს და სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთანაც შემორჩა – მაგალითად, ქრისტიან კოპტებთან.

საინტერესოა, რომ დიდ ბრიტანეთში, სადაც ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ქალთა წინადაცვეთა ოფიციალურად აიკრძალა მხოლოდ 1985 წელს, მაგრამ ბევრი აფროაზიატური თემი დიდ ქალაქებში დღემდე აგრძელებს ზემოხსენებულ რიტუალს.

ამ თვალსაზრისით საგანგაშოა უკანასკნელი ფაქტები შოტლანდიიდან:

2012 წლის თებერვლის მონაცემებით, ორგანიზაციებმა, რომლებიც იკვლევენ ქალებზე ძალადობის პრობლემებს, განუცხადეს „Herald Scotland“ –ის გამომცემლებს ქალთა წინადაცვეთის გახშირებული პრაქტიკის შესახებ შოტლანდიის მუსულმანურ თემებში. როგორც წესი, აქამდე მუსულმან გოგონებს წინადაცვეთას უტარებდნენ დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე, ან ამ პროცედურის ჩასატარებლად გაჰყავდათ ისინი საზღვარგარეთ.

ელისონ დევისი, ედინბურგის ქალთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამის თაობაზე შენიშნავს: „ჩვენ განუწყვეტლივ ვაწყდებით გავრცელებულ ყალბ თვალსაზრისს, რომ ეს პრაქტიკა ერთეულ შემთხვევებს გულისხმობს შოტლანდიაში. სინამდვილეში საქმე გვაქვს დაახლოებით 2–3 ათას ქალთან, რომლებსაც წინადაუცვითეს შოტლანდიაში. მსგავსი პრაქტიკა თანდათან უფრო იკიდებს ფეხს. ამ ქალების შვილებიც რისკის ჯგუფში შედიან. აუცილებელია ხსენებული ფენომენის მიმართ ყურადღების საგანგებოდ გამახვილება, რადგანაც ეს არის ქალების ფსიქიკის დარღვევის სერიოზული მიზეზი, გამოწვეული მძიმე ფსიქიკური ტრავმითა და სხეულის ფიზიკური დაზიანებით. აუცილებელია ასეთი ტრავმირებული გოგონების გამოვლენა და მათთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და გინეკოლოგიური დახმარების ჩატარება.“

საზოგადოებისადმი მიმართვის ავტორი დასძენს, რომ სხეულის მთლიანობის ფიზიკური დარღვევა, სამედიცინო ჩვენების არარსებობის პირობებში, არაკორექტულია, იწოდებოდეს წინადაცვეთად!

საგულისხმოა, რომ არამარტო შოტლანდიაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, UNICEF–ი გამოჰყოფენ თანხებს, ადგენენ პროგრამებს მსგავსი პრაქტიკის დასაძლევად, მაგრამ იშვიათად აღწევენ ხოლმე მნიშვნელოვან წარმატებებს. წარმოუდგენლად ძნელი აღმოჩნდა ამ მავნე ტრადიციის აღმოფხვრა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100