„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის სასკოლო ბიბლიოთეკა მოეწყო
თბილისი, 2 მარტი, 2016 – ფონდი „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, „მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიურ სკოლაში“ ბიბლიოთეკა მოეწყო. „სიცოცხლის ხემ“ ბიბლიოთეკა აღჭურვა ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. ბიბლიოთეკას, ასევე, საჩუქრად გადასცა 200-მდე სპეციალური საგანმანათლებლო, მხატვრული და სასწავლო წიგნები. შეიქმნა აუდიო ბიბლიოთეკაც, რომელიც საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო ტექნიკით და თვალსაჩინო მასალებით აღიჭურვა.
თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ფუნქციონირებს როგორც სკოლა, ასევე დღის ცენტრი და ბაღი, რომლებითაც ჯამში 110 ბენეფიციარი სარგებლობს. „სიცოცხლის ხის“ მიერ მოწყობილი ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს სამუშაო დღეებში და ხელმისაწვდომი იქნება სკოლის, დღის ცენტრისა და საბავშო ბაღის ბენეფიციარებისთვის, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის.
ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამში 23 პროექტი განახორციელა, რისთვისაც 506,051 ლარის დაფინანსება საქართველოს ბანკმა გამოუყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფონდმა ჯამში 1 047 992 ლარამდე გაიღო შშმ ბავშვების მხარდასაჭერად, 506 შშმ ადამიანს კი საჩუქრად ეტლი გადასცა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge
###
„სიცოცხლის ხის“ ფონდის შესახებ
ფონდი „სიცოცხლის ხე“ საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა. ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორები. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას კი ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tree.ge
კომენტარი