სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან ქალთა ორგანიზაცია დაარსდა

საქართველოში ერთი ქალთა ორგანიზაციით მეტი გახდა – დაარსდა ედპ–ს ქალთა ორგანიზაცია. მის პრეზენტაციაზე ედპ–ს პრესმდივანმა და ქალთა ორგანიზაციის ლიდერმა, ეკატერინე შინდაგორიძემ აღნიშნა: „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დღიდან მისი არსებობისა, ეფუძნება ქვეყნისათვის აუცილებელ ტრადიციულ ეროვნულ ფასეულობებს და ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლის დამკვიდრების გარეშეც შეუძლებელია გავხდეთ დასავლური ცივილიზებული საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი. თუკი ჩვენ გვსურს ქვეყანაში რეალურად არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება, უნდა ვაცნობიერებდეთ კიდეც მისი ჩამოყალიბების უმთავრესი ინსტრუმენტებს და პოლიტიკურ ცხოვრებაში ადამიანის უმთავრესი უფლების - თავისუფლების და თანასწორობის გათვალისწინებას.

თუ ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ სრულფასოვან, თავისუფალ სახელმწიფოში; თუ გვსურს მომავალი თაობები აღიზარდონ ეროვნულ ფასეულობებსა და დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებზე, ვალდებულნი ვართ გამოვავლინოთ ნება და სურვილი ჩვენი შესაძლებლობები გამოვიყენოთ ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და განსაკუთრებით კი პოლიტიკურ საქმიანობაში.

ზემოხსენებული პირობებიდან და ერთიანი იდეოლოგიური ხედვებიდან გამომდინარე, აუცილებელ პირობად მივიჩნიეთ, შექმნილიყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქალთა ორგანიზაცია, რომლის უპირველესი მიზანია პარტიის ფარგლებში თუ მის გარეთ იმ დიდი პასუხისმგებლობის განაწილება, რამაც უნდა მიგვიყვანოს ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოს საბოლოო ფორმირებამდე.

ქვეყნის სრული განვითარება და კეთილდღეობა მოითხოვს ყევლა სფეროში ქალის მაქსიმალურ მონაწილეობას, იქნება ეს ქვეყნის მასშტაბით თუ პარტიის შიგნით. ამიტომაც ვუსვამთ ხაზსს პასუხისმგებლობის განაწილებას, რადგან ქალზე ორიენტირებული პოლიტიკა არანაკლებ სისტემატიზირებულია. შესაბამისად ქალი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებში ბევრად უფრო ორიენტირებულია სოციალურ და უსაფორთხოების საკითხებზე როგორც ოჯახში, ასევე ქვეყნის მასშტაბით.

ნებისმიერმა უახლოესმა კვლევამ უჩვენა, რომ საზოგადოების განწყობა ქალის პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობაზე არის საკმაოდ მაღალი და მოთხოვნადი. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, დაახლოებით 57% მიიჩნევს რომ ქალი არის საუკეთესო მომრიგებელი, საიმედო გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ის უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული პოლიტიკაში.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ დასახული მიზნის რეალიზებისთვის საკმარისი არ გახლავთ მხოლოდ სურვილების დეკლარირება, არც ქალთა ორგანიზაცია გახლავთ ნოვაცია საქართველოს რეალობისთვის; ჩვენთვის ამოსავალია ერთის მხრივ ქალთა აქტიური ჩართვა მმართველობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მეორეს მხრივ, სრულად განაწილება და გათავისება პოლიტიკური პასუხისმგებლობისა, რასაც მოითხოვს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის უახლოესი პოლიტიკური დღეები და ზოგადად სახელმწიფოს ინტერესები.

ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ახლოვდება წინასაარჩევნო ეტაპები და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქალთა ორგანიზაცია დღეიდან სრულ მზადყოფნაშია, რათა საქართველოს თითქმის ყველა ოჯახში მივიდეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური პოზიცია; ჩვენ უნდა გავხდეთ იმ პრობლემების სწორად დამნახავი, რაც დაგროვილია თითოეულ ქალში, თითოეულ მათ ოჯახში, მზად ვართ მოვისმინოთ ყველა დედის თუ სხვადსხვა სოციალური ფენის ქალბატონის პოზიცია და მათი ინტერესები.

ჩვენ უნდა შევძლოთ ვიყოთ არა მხოლოდ მომსმენი პრობლემის, არამედ ვიყოთ გადაწყვეტილების მიმღებნი; ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომლისთვისაც ტრადიციულ ჩარჩოებს სცილდება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა, პირიქით, ჩვენი მიზანია რეალურად დავამკვიდროთ და განვამტკიცოთ აზრი, საქართველოში ქალის განსაკუთრებული როლის შესახებ, და არა მხოლოდ ოჯახში, არამედ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ამიტომაც ჩვენი მიზნების განხორციელებას ვიწყებთ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფარგლებში, რადგან ჩვენ ამ პარტიასთან ერთად გვაერთიანებს ერთი იდეური ხედვა ქვეყნის განვითარების, რომელიც გამოიხატება პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მიდგომასა და ქართული სახელმწიფოს დასავლური ვექტორით განვითარებაში.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100