სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„კაცს ჩვენ გამოგიგზავნით, ბაზარი არაა, მაგრამ ცემაში არ ამოხადოთ სული...“ (ვიდეო)

საზოგადოების მოლოდინი იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ მაკომპრომეტირებელი მასალები დღეს გამოქვეყნდებოდა, გამართლდა. შსს-მ საგანგებო განცხადება გააკეთა და გამოამზეურა საჯარო მოხელეების, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტები. განცხადებას თან დაერთო ფარული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით, საიდანაც აშკარად მტკიცდება უკვე დაკავებული პირების ბრალეულობა. დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, ერთი პოლიციელი.

იმის გამო, რომ ერთ-ერთ სამხილში ფიგურირებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე და მას იცავს დეპუიტატობის კანდიდატის იმუნიტეტი, საქმე განსახილველად და შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში.

ფარული ჩანაწერები აშკარად სკანდალურია და ადასტურებს საზოგადოებაში ადრე გაჩენილ ეჭვებს იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან რეგულარულად მიდიოდა პოლიციელების, საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობა, რათა მათი „საგანგებო პროტესტი“ და სახელმწიფო სტრუქტურებიდან „ქართულ ოცნებაში“ გადასვლა წინასაარჩევნო პერიოდს დამთხვეოდა. კადრებში კარგად ისმის შეთავაზება: „არჩევნებამდე სამი-ოთხი დღით ადრე“, სხვა მასალაში კი დაინტერესებული პირი მოსასყიდ ობიექტს პირდაპირ სთავაზობს, რომ ბრალდებებს, რომელიც საჯარო მოხელემ უნდა გაახმაუროს, თავად ჩამოუწერს...

რაც მთავარია, პირველ ვიდეომასალაში ფიგურირებს თავად მილიარდერის ძმისშვილი, ემზარ ივანიშვილი, რაც სპობს იმის საფუძველს, რომ ვინმემ ე.წ. სპექტაკლზე ილაპარაკოს, თუმცა, ვინ იცის...

ვიდეომასალაში საუბარია ე.წ. სტავკებზეც და იკვეთება, რომ იგი საკმაოდ მაღალია: ასე მაგალიტად, პოლიციელის მიერ პატიმრის წამების ამსახველი კადრის გადაღება 50 ათასი ლარი ღირებულა, ოფიცრის მიერ ახალწვეული ჯარისკაცის სამხედრო ნაწილში ცემის გადაღება - 50 ათასი დოლარი. მეოცნებეები ყველაზე გულუხვები იმ შემთხვევაში იქნებოდნენ, თუ ვინმე მოახერხებდა მოსამართლის ჩაწერას, რომელიც განაცხადებდა, რომ პროკურატურა უკანონო განაჩენების გამოტანას ავალებდა.

ეს ჯერაც არაა ყველაფერი: შეთავაზებაში ნათლად ფიგურირებს, რომ დამკვეთი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ იმისთვისაც მზად იყო, პოლიციელებისთვის წამების ობიექტად თავიანთი აქტივისტი გაეგზავნა. „კაცს ჩვენ გამოგიგზავნით, ბაზარი არაა, ოღონდ მთლად ცემაში ნუ ამოხდით სულს“, - ეუბნება დამკვეთი პოლიციელს.

სტატიას ვიდეომასალა თან ერთვის, მაგრამ უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის შემოგთავაზებთ ვიდეოს ერთი ფრაგმენტის ტექსტურ ვარიანტსაც:

„...29-ში გვაქვს დიდი აქცია თბილისში. აი, ძმაო, რაც წინათ ვილაპარაკეთ მე და შენ, მაგის 7.500 ლარია აქ. თქვენ რომ მოხვალთ მიტინგზე და იტყვით, რომ პროტესტის ნიშნად წამოხვედით პოლიციიდან, რადგან დავალებული გქონდათ "ოცნების წევრების დედის ტ**ნა და ასე შემდეგ, მეორე 7.500 ჯიბეში მედება და მიიღებ, როგორც კი ამას იტყვი.

ახლა კიდე... აი, ძმაო, ახალი ტელეფონია. გადაიღებ პოლიციაში დაკავებულის ცემის კადრებს? შეიძლება თვითონაც სცემოთ - ბახ-ბახ და ამაში ვიხდით 50 ათას ლარს. თქვენ მაინც მიგიწვდებათ ხელი, ყველგან ხართ და თუ გადაიღებთ ჯარში აი, პრიზივნიკს რომ სცემდეს ოფიცერი, ამაში არის 50 ათასი დოლარი, ძმაო! მოსამართლეს თუ ჩაწერ, ვინც იტყვის, რომ მე პროკურატურიდან ზეწოლა მქონდა და გამომქონდა უკანონო განაჩენი, ეგ საქმეა ასი ათას დოლარიანი..."

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ბოლო ვიდეოჩანაწერში დამკვეთი მოსასყიდ პირს ქვეყნის დატოვებას სთავაზობს და მხოლოდ ამის შემდეგ ჰპირდება მისი განცხადების გამოქვეყნებას. ქვეყნის დატოვების ერთ-ერთ ვარიანტად გალში გადასვლის შეთავაზებაცაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოცნებეებს, ალბათ, გალი აღარ მიაჩნიათ საქართველოს ნაწილად. ეს რომც არ იყოს, ფაქტია, რომ დღეს გალში რუსი ოკუპანტების ნებართვის გარეშე ვერავინ გადავა...

რასაკვირევლია, ვისაც ლოგიკა მხოლოდ საპირისპირო შემთხვევების დროს სჭირდება და სხვა ლოგიკას, უბრალოდ, არ აღიარებს, იმისთვის სულ ერთია და სოციალურ ქსელებში „მეოცნებეები“ და მათი მხარდამჭერი ჟურნალისტებიც კი „ხელისუფლების მორიგ სპექტაკლზე“ საუბრობენ, მაგრამ მოდით, ცივი გონებით მოვუხმოთ ლოგიკას:

ის კაცი, ვის ბინაშიც საუბარი მიმდინარეობს და ვინც კონკრეტულ გარიგებებს სთავაზობს მეორე პირს, როგორც ირკვევა - პოლიციელს, ანფასით მთლიანად ჩანს, რაც გამორიცხავს იმას, რომ პოლიციის აგენტია.

აგენტი რომ იყოს, მას სახეს დაუფარავდნენ, როგორც ბოლო კადრის შემთხვევაშია. არცერთი შს სტრუქტურა არ დაუშვებს თავისი აგენტის გაშიფვრას, ამის საწინააღმდეგოს მტკიცება, უბრალოდ, აბსურდია.

რახან სახე ჩანს, რახან მოსყიდვა სახეზეა, რახან კადრებიც გავრცელდა, ეს ნიშნავს, რომ პირი იდენტიფიცირებულიცაა და დაკავებულიც. ყოვლად წარმოუდგენელია, ვინმე წავიდეს ამგვარ სიყალბეზე ისე, რომ თავისი სახე ჩანდეს. მსგავს სიყალბეში მონაწილეობას რომელი ჭკუათმყოფელი მიიღებს, რამდენიც უნდა გადაუხადონ?

ასევე, რეალურად არსებული პიროვნებები არიან ისინი, ვინც შემდეგ ვიდეოებში ჩანან და არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ ისინი "ქართული ოცნების" წევრები არიან.

ქართული საზოგადოების სენმა აქაც იჩინა თავი: ლაპარაკი, რომ ეს სპექტაკლია, იმას ჰგავს, ზოგიერთები რომ ამბობდნენ, პატიმრების წამების კადრები სპექტაკლიაო და დანარჩენები აღშფოთდნენ, კაცს სახით ატრიალებენ კამერისკენ, ცოცხის გამოყენებით ასეთ პოზაში, აბა, რომელი ჭკუათმყოფელი დადგებაო. როგორც ჩანს, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ იმდენად დაიბნენ, რომ ისიც ვერ მოიფიქრეს, განეცხადებინათ, - ისეთი ნაძირლები, როგორებიც სასჯელაღსრულებაში აღმოჩნდნენ, "ქართულ ოცნებაშიც" არიანო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100