საბერძნეთის პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავა
რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავა, თუმცა, მისი ვინაობა არ დაუსახელებია, იტყობინება "რია ნოვოსტი".
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც, სავარაუდოდ, დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ხელმძღვანელობდა, მოქმედებდა ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ავსტრიაში, - იტყობინება საბერძნეთის პოლიცია.
მისივე ცნობით, ეჭვმიტანილ კრიმინალურ ავტორიტეტზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული ესპანელ სამართალდამცველებსა და ინტერპოლს, 2009 წელს განხორციელებული მკვლელობის მცდელობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.
ქართველი „კანონიერი ქურდი“ ჯერ კიდევ პარასკევს, ათენის ზღვისპირა გარეუბან ვულიაგმენში მოხდა. 51 წლის „კანონიერი ქურდის“ გარდა, დაკავებულია მისი პირადი მცველიც, რომელიც, ისევე როგორც "კანონიერი ქურდი", საქართველოს მოქალაქეა.
დაკავებამდე კრიმინალური ავტორიტეტი ყალბი პირადი დოკუმენტებით ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობდა. ნომრიდან ამოღებულია 45 მმ კალიბრის პისტოლეტი 10 ვაზნით.
მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის პოლიცია დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს, "დრონი.ჯი"-ს ინფორმაციით, დაკავებული ქართველი ავტორიტეტი - ლაშა შუშანაშვილია.
საბერძნეთის პოლიცია ამზადებს სანქციას დაკავებულისთვის და არაა გამორიცხული, იგი ესპანეთის ხელისუფლებას გადასცენ.
კომენტარი