საქართველოს პრეზიდენტი შობას გელათში შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საშობაო წირვა-ლოცვას გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო. საშობაო წირვა-ლოცვა გელათში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აღავლინა.
მეუფე კალისტრატემ საქართველოს პრეზიდენტი დალოცა და აღნიშნა, რომ „საქართველო შენდება“:
"...მე რომ ვამბობდი, მეორე აღმაშენებელი-მეთქი, აბა ნახეთ, თუ არ შენდება ყველაფერი... მე მადლობელი ვარ უფლის, რომ საქართველოს ამ უძნელეს ჟამს მოუვლინა ადამიანი, რომელიც აშენებს, ხალხო! რომელიც იცავს ქვეყანას..."
წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა კალისტრატემ საქართველოს პრეზიდენტს წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის მოოქროვილი ხატი უსახსოვრა, შემდეგ კი გელათის თაფლი გადასცა. „მინდა გაგატანოთ აქაური, გელათის თაფლი. მინდა გაგატანოთ სიტკბო გელათიდან და იმერეთიდან, რადგან მოხედეთ ამ დაქცეულ ქალაქს და მხარეს“, - მიმართა მან მიხეილ სააკაშვილს. „აწი ვერავინ გამამწარებს“, - ხუმრობით უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა.
ბმული ვიდეოზე: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი "ფეისბუქზე".
კომენტარი