სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირინა ზარნაძე: “ძალიან კარგია, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო“

ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას გეგმავს. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიზანია, რაც შეიძლება ცოტა პაციენტს დასჭირდეს ჰოსპიტალური თუ მაღალტექნოლოგიურ ჩარევები. ამის მიღწევის გზა კი დაავადებათა პროფილაქტიკაა. პირველადი ჯანდაცვის რგოლი ნებისმიერი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორ ირინა ზარნაძის აზრით, პირველადი ჯანდაცვა, ზოგადად, პრიორიტეტულია თანამედროვე მსოფლიოში. „რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ასეთი რეფორმა ტარდება ჯანდაცვის სისტემაში. 90-იანი წლებიდან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ამ კუთხით. განადგურებული იყო ინფრასტრუქტურა, ექიმების ანაზღაურება და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა არსებობდა. ნელ-ნელა ამ პრობლემების მოგვარება დაიწყო და ეს ძალიან კარგია. პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. პაციენტს, რომელიც მიდის ექიმთან და სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ვერ ეტყვი მას, რომ ვერ დაეხმარები, რადგან რეფორმა ჯერ დაწყებული არ გაქვს. ყველა რეფორმა ჯაჭვივითაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სწრაფად ვერ აღმოფხვრის ყველა ხარვეზს. ადამიანები წლების მანძილზე ვერ მიდიოდნენ ექიმთან უსახსრობის გამო, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი „ავადმყოფი“ დაგროვდა. პირველი რამდენიმე წელი სერიოზული მუშაობა იქნება საჭირო, თუმცა, დროთა განმავლობაში, დასტაბილურდება სიტუაცია“.

გარდა ამისა, ირინა ზარნაძე მიესალმება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დახმარება, რომელსაც საქართველო ამ კუთხით მიიღებს, ძალიან მნიშვნელოვანია. „თანამედროვე მსოფლიოში შიდსი და C ჰეპატიტი, მოგეხსენებათ, ძალიან გავრცელებულია. C ჰეპატიტის მკურნალობა კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, მივესალმები ნებისმიერ დახმარებას ამ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლას“, - აღნიშნავს ირინა ზარნაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100