სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე - კობახიძე
სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შოვში მედიასტან განაცხადა.
კობახიძემ ახსნა, რომ როდესაც "ტვ პირველის" ჟურნალისტმა მას ფოტო აჩვენა, ის არ იყო საკითხში გარკვეული და არც ის იცოდა, თუ რა იყო ფოტოზე ასახული და კიხვა დასვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს იქ აღწერილი მოცემულობა.
კობახიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ ის გაერკვა სინამდვილეში და პირადად შეხვდა დათო ჯელაძეს.
მქონდა სატელეფონოი საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ შევხდი მას. გულიანი რაჭველი კაცია. დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რაც გადახდა მას, წარმოუდგენელი ისტორიაა, თავის თავს აჯობა, ისეთი გზა გაიარა მან თავის დისშვილთან ერთად. ამაში მისი დიდი დამსახურებაა.
მინდა განვმარტო რაზე იყო საუბარი. იყო ბრიფინგი, რომელზეც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები. მე არც ვიცოდი ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ამ ფოტოზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს თვითონ ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა.
რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში - რომ ეს ფოტო დათოს მიერ იყო დადებული და ასევე გავიმეორებ, რომ მან პირადად მე დეტალურად მომიყვა ისტორია იმასთან დაკავშირებით თუ რა გადახდა.
მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა. გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად.
სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე". -თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ სამი საათი ღვარცოფში გზას ვერავინ გაიკვლევდა და ვინც ამას ამბობს, იტყუება.
კომენტარი