სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქალებს სწორედ იმიტომ კლავენ, რომ ისინი ქალები არიან" - “ქალთა მოძრაობის” პეტიცია ფემიციდის წინააღმდეგ

"ქალთა მოძრაობის" პეტიცია ფემიციდზე

ქალების მკვლელობის შემაძრწუნებელი ფაქტები სულ უფრო გახშირდა საქართველოში. ეს მკვლელობები ჩვეულებრივი მკვლელობები არ არის. ქალებს სწორედ იმიტომ კლავენ, რომ ისინი ქალები არიან - ასეთ მკვლელობას ფემიციდი ჰქვია. ფემიციდი სხვა მკვლელობისაგან განსხვავდება. ხშირად ფემიციდის დროს მკვლელი მიიჩნევს, რომ ქალს სიკვდილით სჯის ისეთი საქციელისთვის, რომელიც ქალს არ შეეფერება მისი ქალობის/გენდერის გამო; ზოგჯერ მკვლელი მიიჩნევს, რომ ქალის მკვლელობით აღიდგინა საკუთარი ღირსება. ფემიციდი თავისი არსით დისკრიმინაციული დანაშაულია, ეს არის ქალების სიკვდილით დასჯა “ცუდი ქალობისათვის”.


ოჯახური დანაშაულების უმეტესობა ქალების წინააღმდეგ არის ჩადენილი და ამით ვლინდება დანაშაულის გენდერული ხასიათი. საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ფემიციდს. ფემიციდი ისჯება ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერი მკვლელობა.


რადგან დღეს საქართველოში ქალები განიცდიან მრავალმხრივ ჩაგვრას და დისკრიმინაციას, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული და დღეს ქალებს სიკვდილით სჯიან, ამ პეტიციის ხელისმომწერნი მივმართავთ:


საქართველოს პარლამენტს - მიიღოს სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის აკრალვის შესახებ, ან გამოყოს გენდერულად მოტივირებული მკვლელობა დამამძიმებელ გაერმოებად და განსაზღვროს ამ დანაშაულისთვის 13-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში უვადო პატიმრობა.


პროკურატურას- უკვე ჩადენილ ფემიციდის შემთხვევებში პროკურატურამ გამოყოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რათა მოსამართლემ შეძლოს სანქციის დამძიმება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს - დროულად შეიმუშაოს და ეფექტურად აღასრულოს რისკების შეფასება, რათა პოლიციელებმა ადეკვატურად განსაზღვრონ საფრთხეები და წინასწარ დააკავონ პირები, რომლებიც საშიში არიან საზოგადოებისათვის.


საქართველოს პრეზიდენტს -არ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100