სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„იმედით, რომ ბითლზებმაც ასე დაიწყეს“- საქართველოში ყველაზე წარმატებული ჯგუფის, BEDFORD FALLS -ის განვლილი გზა და სამომავლო გეგმები

დღესდღეობით საქართველოში მზარდი პოპულარობით ინდი-როკ ჯგუფი BEDFORD FALLS სარგებლობს. ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა . ხარისხიანი მუსიკა,ზუსტად მორგებული ტექსტი, ბევრი თავისუფლება, ლირიკა და ქალაქს დამსგავსებული აბსტრაქცია. სწორედ ასეთია ერთგული მსმენელისთვის BEDFORD FALLS.

ჯგუფის განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე ბას-გიტარისტი, გიორგი მიგრიაული, გვესაუბრება :

- არც ისე დიდი ხანია რაც BEDFORD FALLS არსებობს, მაგრამ ამ მცირე დროში საკმაო პოპულარობას მიაღწიეთ და ეს პოპულარობა დღითიდღე იზრდება. რამ განაპირობა ჯგუფის შექმნა?

- ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დავით ჯიქიამ ჩვენმა ვოკალისტმა, სანდრო ქერაულმა, რომელიც იმ დროისთვის ბას-გიტარისტი იყო და ჩვენმა დრამერმა სანდრო დიასამიძემ გადაწყვიტეს ერთობლივი ჯგუფის შექმნა, რათა მათი იდეები, ამბიციები და მისწრაფებები მუსიკით გამოეხატათ. ასე შეიქმნა BEDFORD-ი.

-ჯგუფი სულ 4 წევრისგან შედგება. მოკლედ რომ მოგვიყვე როგორ შეიკრა ჯგუფი, მანამდეც იცნობდით ერთმანეთს თუ მუსიკამ გაგაერთიანათ?

- მე თავიდან ჯგუფში არ ვიყავი,მოგვიანებით შევემატე მათ,როცა სანდრომ, ბას-გიტარისტმა, დატოვა ჯგუფი.რაც შეეხება დანარჩენებს ისინი ადრევე იცნობდნენ ერთმანეთს, კურსელები იყვნენ.

-რატომ BEDFORD FALLS , რატომ ცნობილი ფილმის რეფერანსი. რით უკავშირდება ის თქვენს ჯგუფს ?

-ზოგადად ამ კითხვას დავითი პასუხობს ხოლმე ,რადგან ჯგუფის სახელწოდება მისი საყვარელი ფილმიდან გაჩნდა. ფილმში It’s wonderful life “ არის ასეთი უტოპიური ქალაქი, სახელწოდებით BEDFORD FALLS. და სწორედ ამ პატარა ქალაქთან გააიგივა მან ჩვენი ჯგუფი, რადგან უნდოდა მუსიკაც ისეთივე უტოპიური ყოფილიყო,როგორიც ეს ქალაქი იყო. ქალაქი, სადაც ყველა ყველას იცნობს.

-როგორ დაახასიათებდი ჯგუფის მუშაობის პროცესს?

--მუშაობის პროცესი ზოგადად ასეთია: დავითს მოაქვს გეგმა, სადაც წერია მისი მელოდია.შემდეგ უკვე რეპეტიციებზე ჩვენ ჩვენებურ ინტერპრეტირებას ვახდენთ.ვფიქობთ მისამღერზე და შემდგომ ყველას ნაფიქრალს ერთად ვაერთიანებთ, თუმცა, ძირითადად დავითი წერს სიმღერებს.

-ოთხი წევრი ხართ ჯგუფში და ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა იქნება, როგორ თანხმდებით ხოლმე ამ ყველაფერზე?

-აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არის ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვახერხებთ საერთოს გამონახვას ,ყველაფრისგან ცოტ-ცოტას ვიღებთ და ვაერთიანებთ შემდგომ.

-ვინ არის ჯგუფში ყველაზე ზარმაცი ?

- როცა საქმე ბენდს ეხება ზარმაცები ნაკლებად ვართ,მაგრამ როგორც პიროვნება ალბათ სანდრო.

-რატომ ინგლისურად და არა ქართულად ?

- როგორც დავითი ამბობს ხოლმე, არ უნდა, რომ მუსიკა,რომელსაც ჩვენ ვქმნით დაემსგავსოს ეთნო დაჯგუფების პროდუქტს და ამიტომ ცდილობს მუსიკა გახადოს აბსტრაქტული , ასე ვთქვათ world wide პროდუქტი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც. რომ ინგლისური ლირიკა ბევრად უფრო უკეთესად ჯდება, ვიდრე ქართული.

-რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სიმღერის ტექსტი ?

-ასე ვთქვათ უმნიშვნელოა, მხოლოდ ისეთ კონტექსტს ვიღებთ, რაც მუსიკას მოუხდება, ჩვენ შემთხვევაში მთავარი ისაა, თუ როგორი იქნება მუსიკა.

-რამდენად ეთანხმები იმ აზრს, რომ სიმღერის ტექსტმა ადამიანს სუიციდისკენ შეიძლება, რომ უბიძგოს ?

-შეიძლება, გააჩნია მსმენელს რამდენად უყვარს ბენდი და როგორი დამოკიდებულება აქვს მისი მუსიკის მიმართ.

-როგორც ვიცი წინა წელს TBILISI OPEN AIR-ზე დაუკარით.როგორ დაახასიათებდი ქართველ მსმენელს?

- ხო, შარშან იყო და წელსაც ვაპირებთ. ჩვენი მსმენელი ძალიან ერთგულია, მოსწონს ის,რასაც ვქმნით.

-რომელი სიმღერის შესრულება გიყვარს ყველაზე მეტად? რატომ?

-მე მიყვარს ისეთი სიმღერების დაკვრა სადაც ჩემი ბასს პარტიებია . მაგალითად: vietnam song, lucille ან icarus.

-საუკეთესო მუსიკალური ბენდი რომლისთვისაც ოდესმე მოგისმენია?

-ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ბენდია Stoned Jesus.

-სიმღერის სახელწოდება , რომლის ავტორიც ,რომ შეგეძლოს დიდი სიამოვნებით იქნებოდი.

-ძალიან ბევრი სიმღერის ავტორი მინდა რომ ვიყო. თუნდაც pantera -ს cowboys from hell.

-როგორ ფიქრობ რატომ მიიჩნევენ ადამიანები როკსა და მძიმე მეტალს სატანისტურ მუსიკად ?

- ეს ალბათ უფრო იმის ბრალია , რომ 80-იანებიდან მოყოლებული საზოგადოების მუსიკალური გემოვნება ჩარჩოშია მოქცეული.

-მუსიკა ,რომ არ არსებობდეს..

- ალბათ ცხოვრება ნაცრისფერი იქნებოდა.

-სიტყვა ,რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს ჯგუფს..

-წარმატებულები , წარმატებულები და ისევ წარმატებულები.

-ამჟამად რაზე მუშაობთ , სამომავლო გეგმები?

-სხვათაშორის ახლა ვიწყებთ ახალ პროექტს, გიორგი გვარჯალაძე გვეხმარება და ალბომის გამოშვებაზე ვმუშაობთ. საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია.

-რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ?

- ვურჩევდი,რომ მოძებნონ ისეთი ადამიანები,რომლებთანაც შეძლებენ საკუთარი ინტერესებისა და ამბიციების რეალიზებას. არ გაჩერდნენ სახლში, ეძებონ ყოველთვის თანამოაზრეები და შექმნან პროდუქტი,რომელიც მათ იდეებს რეალობად აქცევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100