სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სენსაცია მედიცინაში: ტრანსგენური კატები მსოფლიოს შიდს–ისგან იხსნიან (ვიდეო)

აქამდე კატა უსარგებლო ცხოველად ითვლებოდა. თვლიდნენ, რომ მას დღე–ღამეში 20 საათს სძინავს, დანარჩენ დროს კი მოითხოვს, რომ ეალერსონ ან ეთამაშონ. ასე, ზერელედ უყურებდნენ მეცნიერები ამ ცხოველს, სანამ არ აღმოაჩინეს, რომ არც მეტი, არც ნაკლები, კატებს მსოფლიოს გადარჩენა ძალუძთ.

უკვე 9 ათას წელზე მეტია, კატის მოშინაურებული სახეობები ადამიანთან ცხოვრობენ. როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდზე მეტი კატა არსებობს, რომლებიც იგივე დაავადებებით იტანჯებიან, როგორებითაც ადამიანები. მაგალითად, შიდს–ით.

„ადამიანები და კატები გენეტიკურად ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. გენომები Homo sapiens და Felis catus თითქმის 90%–ით იდენტურია. ამიტომაც, ორივე განიცდის იმუნოდეფიციტის მონათესავე სახეცვლილებებს. შინაური კატების 4,5% ამ ვირუსითაა დაინფიცირებული“, – ერთი შეხედვით სენსაციურ თვალსაზრისს აყალიბებს ბიოლოგი ერიკ პეიშლი, სპეციალური გამოკვლევების ინიციატორი და ხელმძღვანელი. მაგრამ სტატია უფრო სკანდალურად გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ კატებს იმუნოდეფიციტის ადამიანური სახეობის მიმართ მტრულად განწყობილი იმუნიტეტი აქვთ, ადამიანებს კი პირიქით – კატების სახეობის იმუნოდეფიციტის მიმართ გააჩნიათ იმუნიტეტი. ორივე ვირუსი ერთმანეთს ჰგავს და კატები თავიანთი, ადამიანები კი თავიანთი ვირუსების გამო იტანჯებიან. ამის მიუხედავად, სწორედ ამ ცხოველებს შეუძლიათ, 21–ე საუკუნის შავ ჭირად წოდებული შიდსი კაცობრიობას საბოლოოდ მოაცილონ. ოღონდ, აქ ერთი გარემოებაა: შიდსისგან გადარჩენა და გათავისუფლება ყველა ჩვეულებრივ კატას კი არ შეუძლია, არამედ გენეტიკური ინჟინერიის მიერ ოდნავ შეცვლილ მის ნაირსახეობას: მათ გენომებში იმუნოდეფიციტის მიმართ მდგრადი გენი ჩანერგეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ დასკვნას აკეთებენ ის სწავლულები და მეცნიერები, რომლებიც ამ თემაზე მაიოს კლინიკაში (აშშ) მუშაობენ. ამ სენსაციურმა ცნობამ თითქმის ყველა სერიოზული მედიასაშუალება მოიარა („სი–ენ–ენ“–ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ტრანსგენური კატების შესახებ „დრონი.ჯი“ ამ ამასალას ურთავს თან) და, რაც ყველაზე მთავარია, კომპეტენტური და ავტორიტეტული მეცნიერები ამბობენ, რომ კატის მიერ შიდს–ის დამარცხება აბსოლუტურად რეალურია.

რაც შეეხება ე.წ. „მწვანე კატას“, ანუ, გენური ინჟინერიის გამოყენებით შექმნილ ცხოველს, რომელიც ღამით, არც მეტი, არც ნაკლები – მწვანედ ანათებს და არამარტო თვალები უელავს, არამედ ბეწვიც.

მეცნიერებმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ გამოიყენეს გენი (TRIMCyp) , რომელსაც გააჩნდა მდგრადობა იმუნოდეფიციტის მიმართ. სწორედ ეს გენი, რომელიც პირობითად აღნიშნეს მწვანე, ფორსირებული ფერით, ექსპერიმენტატორებმა კატის კვერცხუჯრედში მოათავსეს. რასაკვირველია, მეცნიერებმა ყველა ხელოვნური, მეცნიერული ხერხით ხელი შეუწყვეს კვერცხუჯრედის განაყოფიერებას და საბოლოოდ, ექსპერიმენტში მონაწილე 22 კატიდან 5 დამაკდა. თერთმეტი ჩანასახიდან ათს ჰქონდა სწორედ ის გენი, რომელიც ექსპერიმენტის დასაწყისში კატის კვერცხუჯრედში ჩანერგეს.

ხუთი ემბრიონი ძვლოვან განვითარებამდე მივიდა, ერთი მკვდრადშობილი დაიბადა, მეორე კი დაბადებისთანავე მოკვდა.

ბიოლოგებმა გამოიკვლიეს ახალდაბადებული კნუტები და დაასკვნეს, რომ საექსპერიმენტო გენებმა მათი ქსოვილთა უჯრედი მთლიანად მოიცვეს. ტრანსგენური კნუტები ულტრაიისფერი სხივების ქვეშ მწვანედ ანათებენ.

მთავარი საექსპერიმენტო გენის TRIMCyp–ის ეფექტურობა და ქმედუნარიანობა ბიოლოგებმა პრაქტიკაში შეამოწმეს: მათ ახალდაბედული კნუტების ქსოვილებში სპეციალურად შეიყვანეს კატებისთვის დამახასიათებელი იმუნოდეფიციტის ვირუსი და აღმოჩნდა, რომ ტრანსგენური კნუტების ქსოვილები იმუნოდეფიციტის ვირუსის მიმართ მდგრადობას ავლენენ...

ტრანსგენური კატები მეცნიერებს დაეხმარებიან გენების ცალკეული კომბინაციის ეფექტურობის შემოწმებაში და სულაც არაა გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში მედიკოსებმა შიდსისგან სრულად განმკურნებელი პრეპარატიც შექმნან.

წყარო:

ვიდეო: CNN-ის სიუჟეტი ტრანგენურ კატებზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100