სირიაში ისევ მსხვერპლია
სირიაში კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა უშიშროების ძალებთან შეტაკების შედეგად, მას შემდეგ რაც დღეს ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით, მსხვერპლი თურქეთის საზღვართან მდებარე ჯაბალ ალ-ზავიას რეგიონში მომხდარ შეტაკებას მოჰყვა.
ლიტვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობას ცოტა დრო რჩება, რათა დაიწყოს დემოკრატიული რეფორმების გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება ხალხის რისხვა ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ.
ქალბატონი კლინტონის განცხადებით, ბატონი ასადის მიერ სირიის ოპოზიციასთან დამასკოში გამართული ერთი შეხვედრა არ არის საკმარისი, რადგან იმავე დროს სირიის არმია ქვეყნის ჩრდილოეთში ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებს უსწორდება.
კომენტარი