თემურ ავალიანი: პუტინი დღესაც სააკაშვილის სასქესო ორგანოებზე ოცნებობს
ყველაზე ასაკოვანი ქართველი ბლოგერი თემურ ავალიანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს უკვე დიდი ხანია საჯარო წერილებით აფიქსირებს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული აშშ-ში ცხოვრების დროს ის ხშირად მიმართავდა ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს და საქართველოს პრობლემების შესახებ პოლიტიკური შინაარსის წერილებით უამბობდა.
ერთი წლის წინ ავალიანი საქართველოში დაბრუნდა და ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის წერს წერილებს და პოლიტიკურ თემებზე საკუთარ ბლოგს აწარმოებს. ბატონი თემურის თხოვნით დრონი.ჯი-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა და საუბარი საკმაოდ საიტერესოც გამოვიდა.
როგორ შეაფასებდით უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს? რას უნდა ველოდოთ მომავალში?
თქვენი კითხვა ალბათ ძირითადში ოთხი მაღალჩინოსნის და პირველ რიგში ექს–პრეზიდენტის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს ეხება. დანარჩენი საკითხები არც ხელისუფლებას და როგორც სჩანს არც ხალხს არ აინტერესებს.
ბევრის აზრით, ამით ხელისუფლება ცდილობს შეასრულოს დაკვეთა მოსკოვიდან და ციხეში ჩასვას ექს–პრეზიდენტი სააკაშვილი (პუტინი დღესაც მის სასქესო ორგანოებზე ოცნებობს) და მეორე რიგში მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს საქართველოში დემოკრატიის და სამართლიანობის აღდგენის „შეუქცევად“ პროცესზე, რომელსაც თითქოს ახალი ხელისუფლება ამკვიდრებს. ამის საფუძველზე თითქოს მათ შეუძლიათ ციხეში ჩასვან ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებმაც საქართველო წუმპედან ამოიყვანეს და ნამდვილ სახელმწიფოდ აქციეს. მათი არგუმენტები მარტივია – თუ საფრანგეთს, საბერძნეთს და სხვა მაღალი დემოკრატიის ქვეყნებს შეუძლიათ ბრალი წაუყენონ და დააპატიმრონ ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერ–მინისტრები და სხვები, საქართველო რითაა მათზე ნაკლები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ საქმის გარდა მათ სხვა საქმის კეთება არ შეუძლიათ და არც აინტერესებთ. მაგრამ არაკომპეტენტურობის და დაბალი პროფესიონალიზმის გამო ეს საქმეც არ გამოსდით. ამ წელიწადნახევარში ჩვენ მოწმე გავხდით როგორ იკერება და იშლება თითქმის ყველა საქმე, რომელიც ჩვენ პროკურატურას გამოაქვს. რა ხერხებით და მეთოდებით ხდება მოწმეების შერჩევა–დამუშავება და რა უსუსურ მდგომარეობაში გამოიყურებიან ისინი პროცესზე. მე დავაკვირდი ბატონი მაღლაფერიძის და ბატონი სუბარის ტელეინტერვიუებს და მათ გულწრფელობაში დიდი ეჭვი შემეპარა. ეს არის მორიგი ფარსი, რომელიც საქართველოს პროკურატურამ, ახლა უკვე მთელი მსოფლიოს წინაშე, უნდა გაითამაშოს. ეს საქმე მორიგი არშემდგარი სპექტაკლი იქნება და არ მგონია ეს საქართველოს დღევანდელმა პროკურატურამ ისეთი სტანდარტებით წარმართოს, რომელსაც ითხოვს ამ საქმეზე მათგან საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები.... ისინი მზად არიან განახორციელონ სპეციალური მონიტორინგი სასამართლოს მსვლელობაზე.
არსებობს სამართლებრივი ეჭვი, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა, მისი ფაქტიური ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი, ასოცირების ხელშეკრულების ხელისმოწერის შემდეგ ცდილობენ რუსეთს და ბატონ პუტინს ბოდიში მოუხადონ და ამ მაღალი დონის რეპრესიებით ოდნავ გაანელონ იმპერიის გულისწყრომა. რუსეთის უარი ქართული პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით რეალიზაციაზე ამ თამაშების ერთ–ერთი რგოლია.
„ტემპერატურის აწევით“, დაჭერებით და რეპრესიებით, ევროპასთან დაპირისპირებით, უმოქმედობით და ეკონომიკის სტაგნაციით, ბიუჯეტის გარღვევით და სხვა ხერხებით ივანიშვილის მიზანია თანდათან დაგვაშოროს ევროპას, ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს არის, პარლამენტარ ჯაჭვლიანის გამოთქმა რომ ვიხმაროთ – ქვეყნის „დაჩმორების“ იანუკოვიჩის გზა, რომელიც პუტინმა „ჩანერგა“ უკრაინის ხელისუფლებაში და რამაც უკრაინა ეკონომიკის განადგურებამდე, სამოქალაქო ომამდე და ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანა. რითაც სარგებლობს მხოლოდ რუსეთი. ნაცვლად იმისა, რომ გამოცდილი ეკონომისტები, ფინანსისტები და ინვესტორები მოიწვიონ, და ინვესტიციები მოიზიდონ, ივანიშვილი იწვევს პროკურორებს, რომლებიც მაღალჩინოსნების დაჭერაში და ჰააგის სასამართლოზე გადაცემაში არიან გამოცდილები. გახსოვთ ალბათ როგორ გაჰყვიროდნენ პუტინი და მედვედევი სააკაშვილი ჰააგის სასამართლოში მილოშევიჩის გვერდით უნდა იჯდესო. ასე ასრულებს ეს კაცი რუსულ ოცნებას.
თქვენ სერიოზულ ბრალდებებს უყენებთ ბატონ ივანიშვილს, ის კი სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა დიდ ქველმოქმედებას ეწეოდა და მისი სიტყვით მხოლოდ სააკაშვილის დანაშაულობებმა აიძულა ის მოსულიყო ხელისუფლებაში – თანაც დიდი რეიტინგით.
ჩემი ეს ბრალდებები არ ახალია – ძველია. ბატონი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ერთი თვის თავზე 2011 წლის 1 ნოემბერს მე მივმართე ღია წერილით ბატონ ივანიშვლს, სადაც ჩემს ვარაუდებთან და რჩევებთან ერთად ვწერდი, რომ მისი გამოსვლები ადასტურებს რომ ის რუსულ თამაშს თამაშობს და იმ საქმის შესრულება დაევალა, რომელიც პუტინს საქართველოში სხვა შემსრულებლებით უნდა განეხორციელებინა. მხედველობაში მყავდა პატარკაციშვილი და ბურჯანაძე.
„საქართველოს ისტორიაში იყვნენ გმირები და იყვნენ გამცემლები. ყველას თავისი ადგილი აქვს ქართველი ხალხის ხსოვნაში. თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება“. ასე მთავრდებოდა ეს ღია წერილი, რომელიც გამოქვეყნდა რუსულენოვან „გრუზია ონლაინზე“ და ითარგმნა თქვენ საიტზე. მე ძალიან მწყინს, რომ ამ წერილში გამოთქმული ჩემი ვარაუდები მართლდება და მიხარია რომ არ გამართლდა ის ჩემი ვარაუდები, რომელიც პრევენციული ხასიათის იყო და რომელიც მორიგ, რუსულ აგრესიას უკავშირდებოდა.
რაც შეეხება ბატონი ივანიშვილის ქველმოქმედებას – ეს არის პატარა ერის ელექტრორატის მოსყიდვის უახლესი ფორმა, რომლის ექსკლუზივი პირადად ბატონ ბიძინას ეკუთვნის და რომელიც დიდი მოთმინებით, ფერებით და რუდუნებით იქნა შესრულებული. რა თქმა უნდა მას კონტროლს და დახმარებას არ აკლებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები, პირადად ბატონი პუტინი. ალბათ გახსოვთ მისი პასუხი ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პირდაპირ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ – „როდისაა თქვენთან არჩევნები?.. ელოდეთ“ რა გახსნილი და შედეგზე ორიენტირებული კაცის განცხადებაა. ...და ბიძინა მოვიდა საქართველოს უფროსად...
წარმოიდგინეთ ეს კაცი თავისი პროვინციული რიტორიკით და ნულოვანი პოლიტიკური განათლებით, საქართველოს ელექტორატში ჩადებული იმ ორი მილიარდის გარეშე, შეძლებდა საქართველოს ლიდერად გახდომას და ხელისუფლებაში და პარლამენტში ამდენი უცნობი და „ჩაწოლილი“ პოლიტიკოსების მოყვანას?
მინდა დავამშვიდო ქალბატონი კომახიძე, რომელიც ამასწინათ ტელევიზორის ეკრანიდან გულდათუთქული მოთქვამდა – რა ორი მილიარდი ჩადო ბატონმა ბიძინამ საქართველოში და ეს უგულო ნაცები სრულებით არ უფასებენო. სამაგიეროდ პუტინი უფასებს ქალბატონო მანანა და ბატონი ბიძინას მილიარდები ყოველდღე იზრდება. დაამშვიდეთ თქვენი მეგობრები პარლამენტში – ბელადი არ გაღარიბდება და თქვენ ზრუნვას არ მოგაკლებთ. სამაგიეროდ ზრუნვა მოაკლო ბევრს და მრავალ რამეს, განსაკუთრებით გარღვეულ ბიუჯეტს, რომლის შევსებას, ასეთ შემთხვევაში. ხალხს თავისი ფულით პირდებოდა. სად არის მისი ყბადაღებული დაპირებები, რომლითაც დღევანდელი მთავრობა და პარლამენტი მოვიდა ხელისუფლებაში? ვინ აგებს პასუხს ამ სიცრუეზე და ხალხის მოტყუებაზე, რომელიც დღესაც გრძელდება და უსირცხვილოდ ამტკიცებენ, რომ ყველა დაპირება შესრულებულია. მაშინ მივალთ ხვალ ბენზინ–გასამართ სადგურზე და გადავუხდით 1 ლარს ერთ ლიტრში, დანარჩენს ბიძინა, ღარიბაშვილი და კალაძე გადაგიხდიანო ვეტყვით. გაგვიშვებენ?
ფაქტია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუშვა სერიოზული შეცდომები და დანაშაულებები, რომელთა აღიარება და ახსნა–გამართლება თვითონაც უჭირთ. თქვენი აზრით, რა იყო ასეთი შეცდომების მიზეზი?
არავითარი ახსნა–გამართლება არა აქვს იმ დანაშაულებებს, რომელიც ეხება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას, წამებას, ქონების წართმევას, უდანაშაულოდ ციხეში გამომწყვდევას, მათი უფლებების დარღვევას. ამ დანაშაულობებზე ყველამ პასუხი უნდა აგოს.
რაც შეეხება შეცდომებს, მას უშვებს ყველა ხელისუფლება და უშეცდომო ხელისუფლება ჯერ არ შემდგარა. როგორც იტყვიან – ვინც მუშაობს ის ცდება.
წინა ხელისუფლება ფაქტიურად არშემდგარი ქვეყნის სათავეში მოვიდა და ყველაფრის გაკეთება თავიდან მოუწია. კრიმინალთან და კორუფციასთან საკმაოდ სარისკო ბრძოლამ, ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობამ და რეფორმებთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა არაპოპულარულმა ღონისძიებებმა, ხალხის ნაწილი უკმაყოფილო დატოვა. ამით „კარგად“ ისარგებლა იმ პერიოდში საკმაოდ გაურკვეველი ორიენტაციის მქონე ოპოზიციამ და ახალგაზრდა ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ნაცვლად, მთელი ცხრა წელი მათთან დაპირისპირებაში და კონფროტაციაში გაატარეს, მიტინგები და დემონსტრაციები, რომელთაც დასასრული არ უჩანდა, მიმდინარეობდა მხოლოდ ერთი მოთხოვნით – „გადადექით, წადით“ „გადავაქციოთ თბილისი კარვების ქალაქად“ – ეს ლოზუნგიც ძალიან პოპულარული იყო მაშინ. ყველაფერს ამას თან ახლდა რუსეთის იმპერიული ძალების არნახული პოლიტიკური ზეწოლა – სეპარატისტული რეჟიმების დახმარება და გააქტიურება, ბლოკადები, ემბარგოები, რუსეთის ბაზრის დაკეტვა, ქართველთა გამოსახლება, პროვოკაციები შანტაჟი და ბოლოს აგვისტოს ომი. აგვისტოს ომზე მინდა ვთქვა, რომ ის გარდაუვალი იყო და რუსეთის იმპერიამ პირადად პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რომ ის შემდგარიყო. ვინც ამ მტკიცებულებას უარყოფს, მას პოლიტიკაში არაფერი გაეგება ან პუტინის მომხრეა და შესაბამისად სამშობლოს მოღალატე. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა კარგად მოახდინეს პუტინის ლუსტრაცია. უკრაინას ხელის გაუნძრევლად წაართვეს ყირიმი და დღეს მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლები დონეცკის, ლუგანსკის და ალბათ სხვა ოლქების ხელში ჩასაგდებად, უკრაინის დასანაწევრებლად.
სააკაშვილის ხელისუფლება ჩქარობდა ევროკავშიში, ნატოში სასწრაფოდ შესვლას, ამ ორგანიზაციებში შესასვლელად საჭირო ვალდებულებების და ღონისძიებების გატარება–შესრულებას, ქვეყნის რუსეთისგან გადასარჩენად. ჩემი აზრით, ბევრი შეცდომა და ხალხის უკმაყოფილება ამ სიჩქარის შედეგიც იყო.
დღევანდელ ხელისუფლებას საჩქარო და ასაღელვებელი არაფერი აქვს. მათთვის მთავარია „რუსეთთან ურთიერთობის დალაგება“ და ყოფილი მაღალჩინოსნების ციხეში გამომწყვდევა. მართალია ლანგრით მირთმეულ ბიუჯეტს არღვევენ, ეკონომიკას ვერაფერს შველიან, წინა მთავარობის მსგავს შეცდომებსაც ბევრს უშვებენ, მაგრამ გამკითხავი არავინაა. ბესელიების, კომახიძეების, ხიდაშელების, ცაგარეიშვილების პასუხები დღევანდელ დანაშაულობებზე იმწამსვე იქვითება ძველი ხელისუფლების დანაშაულობათა შეხსენებით.
წარმოიდგინეთ – დღევანდელი ხელისუფლება და ის უმძიმესი ცხრა წელი რომ მათ გაევლოთ, იარსებებდა დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა და გვეყოლებოდა დღეს მსოფლიოში ამდენი გულშემატკივარი?
რას იტყვით 7 ნოემბრის და 26 მაისის მიტინგების დარბევაზე, „იმედის“ დახურვაზე, ამ ბრალდებებსაც უყენებენ წინა ხელისუფლებას.
მიტინგებს არბევენ და შლიან ინგლისში, საფრანგეთში, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. მაგრამ არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელიც უნდა დაიცვას ხელისუფლებამ. არსებობს დიდი ეჭვი, რომ ეს მიტინგები ორგანიზებული იყო და ფინანსდებოდა გარედან, მასში გამორიცხული არ არის რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობა. შედეგი სახეზეა – 7 ნოემბრის მიტინგის დარბევამ დაგვაკარგვინა ბუქარესტის აპრილის სამიტზე „მაპი“ და გზა გაუხსნა პუტინს და მედვედევს აგვისტოს ომისკენ, ხოლო 26 მაისის მიტინგმა, რომელიც მთლიანად „რკინის“ ნინოს სინდისზეა, სერიოზულად დააზარალა ქვეყნის იმიჯი. რაც შეეხება „იმედის“ დახურვას ის მისი პატრონის ბატონი პატარკაციშვილის მიერ საინფორმაციო სამსახურზე ზეწოლის შედეგია, რომელიც პირადად იყო დაინტერესებული მთავარობის დამხობით. მახსოვს როგორი ჩვეული – ცივი ხმით გაჰკიოდა ქ–ნი გოგელია გამოდით ხალხო, დავამხოთ ეს მთავრობაო, ხოლო თარგამაძე დინჯარ წინასწარმეტყველებდა მთავრობის მოღვაწეობის დასასრულს. სააკაშვილი კი არა თვით იუინსტონ ჩერჩილი, რომელსაც დიდად არ უყვარდა დემოკრატია, ვერ მოითმენდა ასეთ გამოსვლებს.
ბ–ნო თემურ! რიტორიკად ქცეული კითხვა მაქვს – გვეშველება რამე?
დიახ, მან შეცვალა ცნობილი – ყოფნა არყოფნა.
დღევანდელმა მთავრობამ ან მუშაობა არ იცის, ან განგებ ცდილობს არაფერი გააკეთოს. პრემიერი გაურბის ჟურნალისტებს და ამ მიზნით დროებით პირდაპირ აპატიმრებს მათ. შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ არჩევს რა არის მისი საქმე და რა არა, ისე როგორც ენერგეტიკის მინისტრი ბატონი კალაძე. არასანდო მინისტრის სტატუსი დაიმსახურა ბატონმა ხადურმა... ერთი მინისტრი, რომლის მიმართ დადებითი სიტყვა შეიძლება თქვა – ბატონი სერგიენკოა, მისი ნდობა შეიძლება.
ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ქვეყანაში შემოღებულია მმართველობის ახალი, არაკონსტიტუციური ფორმა – ქვეყანას მართავს (თუ ამას მართვა ჰქვია) პიროვნება, ყოველგვარი თანამდებობის და პასუხისმგებლობის გარეშე. ნიველირებულია პრეზიდენტის ინსტიტუტი და ეს პლასტელინივით კაცი საცოდავ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბატონი ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ მთელი ხელისუფლება მარტო მის ხელში იყოს. მახსენდება ლიბია და მოამარ კადაფი, მას მხოლოდ ერთი ეპითეტით მოიხსენებდნენ – რევოლუციის ლიდერი. მან ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. შემზარავი იყო მისი სიკვდილი.
არჩევნებმა, ამომრჩეველთა პასიურობამ დაადასტურა, რომ ხალხი ელის მესამე ძალას, რომლის აჩრდილიც კი ჯერჯერობით არ სჩანს. მოვლენები შეიძლება დააჩქაროს მთავრობის უეცარმა შეცდომამ, – მაგალითად ძალადობამ „რუსთავი–2“–ზე, რასაც აქტიურად მოუწოდებენ ხიდაშელი, კალაძე, ივანიშვილი და თითქმის მთელი მთავრობა. „რუსთავი–2“–ს აქვს რევოლუციების გამოცდილება, ამიტომ ფრთხილად ბატონებო – ერიდეთ საინფორმაციო საშუალებებს.
კომენტარი