წნორში „ქართულ ოცნებას“ კისტის თოფიდან გასროლა ოფისზე თავდასხმა ეგონა
წნორის პოლიციის ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის წევრთა პანიკა ბავშვების მიერ კისტის თოფიდან გასროლამ გამოიწვია. როგორც "ივერონს" ადგილობრივ პოლიციაში განუცხადეს, "ქართული ოცნების" განცხადების საფუძველზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
"30 აპრილს განყოფილებაში "ქართული ოცნების" წნორის ოფისიდან განცხადება შემოვიდა. ოფისის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ გასროლის ხმა მოესმათ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ეს ოფისზე თავდასხმის მცდელობა იყო. ჩვენ ვალდებულები ვართ, განცხადებაზე ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ და შემთხვევის ადგილზე შესამოწმებლად გავედით. აღმოჩნდა, რომ პანიკა ბავშვების მიერ კისტის თოფიდან გასროლამ გამოიწვია",- განუცხადეს "ივერონს" ადგილობრივ პოლიციაში.
შეგახსენებთ, რომ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრ ელისო ჩაფიძის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წნორის ორგანიზაციის ოფისს დაუდგენელმა პირებმა ესროლეს. ამის შესახებ მან "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა. "ივერონთან" საუბრისას კოალიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ "შემთხვევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობს, თუმცა კოალიციის ლიდერები ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ჩავლენ".
აღნიშნულთან დაკავშირებით "ივერონი" კოალიციის კიდევ ერთ წარმომადგენელ ირაკლი სესიაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც კახეთის რეგიონზე პასუხისმგებელი პირია. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის "საქმის კურსში არ არის".
კომენტარი