"იმის მიუხედავად, რომ გადაადგილება უჭირდა, "გავრილოვის ღამეს" რუსთაველიდან ფეხი არ მოუცვლია, ტყვიაც მოხვდა მკლავში" - ატოცთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა
ატოცში, მავთულხლართებთან ახლოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
გიორგი დეკანოსიძე მოძრაობის სამ წევრთან ერთად ატოცში გუშინ დილით ჩავიდა და გამყოფი ხაზის პერიმეტრზე პატრულირებას ახდენდა, შემდგომ კი იმ საცხოვრებელ სახლში დარჩა, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა რამდენიმე თვის წინ დაუთმო.
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში გიორგისთან დაკავშირებულ ძალიან მძიმე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"იმის მიუხედავად, რომ გადაადგილება უჭირდა, 20 ივნისს მთელი დღე და მერეც, "გავრილოვის ღამეს", რუსთაველიდან ფეხი არ მოუცვლია.
ტყვიაც მოხვდა მკლავში. როცა სასწრაფოს მანქანასთან მივიყვანე და შეხვევა დაუპირეს, არაფრით არ დაგვანება - "ამაზე ბინტს როგორ ხარჯავთ, ბავშვებს თვალები დათხარეს, თვალები, თვალები!" - როცა ნერვიულობდა, სიტყვებს იმეორებდა ხოლმე და თვალები უფართოვდებოდა, ცდილობდა, დაერწმუნებინე მის სიმართლეში...ეჰ, დეკან, ეს რა დაგვმართე... " - წერს ლაშა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
44 წლის გიორგი დეკანოსიძე ერთ-ერთი პირველი აქტივისტი იყო, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს საოკუპაციო ხაზთან ატარებდა და საქართველოს ინტერესებს იცავდა.
კომენტარი