სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრონტის ხაზის ხშირი ცვლილების გამო ნატო აჯანყებულებს ჰაერიდან ვერ ეხმარება

ლიბიელი მეამბოხეების მხარდასაჭერად ქვეყნის დასავლეთიდან შეიარაღებულ პირთა დიდი ჯგუფი მიემართება. მათი რაოდენობა მინიმუმ, ათასი კაცია. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. თბილისის დროით დაახლოებით 23 საათზე მათ ტრიპოლიდან 25 კმ აშორებდათ.

ტრიპოლის პორტში კი ამ დროისათვის უკვე შევიდნენ აჯანყებულთა დამხმარე რაზმების ნავები. დაახლოებით 200 შეიარაღებული ტრიპოლში მისურატიდან მიცურდა - ქალაქიდან, რომელსაც დიდი ხანია, აჯანყებულები აკონტროლებენ.

ლიბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დედაქალაქისთვის ბრძოლაში უკვე დაიღუპა 376 ადამიანი ორივე დაპირისპირებული ბანაკიდან, ათასზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

კადაფის მომხრე ინკოგნიტო ჩინოვნიკზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ იუწყება, რომ ტრიპოლში ამ დრომდე რჩება კადაფის მომხრე არმიის დაახლოებით 65 ათასი მებრძოლი, თუმცა ამ რიცხვში არამხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები, მოსახლეობაც შედის. ჩინოვნიკი ეჭვობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტრიპოლს ამბოხებულები აიღებენ, პოლიტიკურ ნიადაგზე მასობრივი მკვლელობები დაიწყება.

ბოლო ცნობების მიხედვით, უკვე დედაქალაქში მიმდინარეობს ხელჩართული ბრძოლა მიტიგის სამხედრო ბაზის გასაკონტროლებლად. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჯანყებულებმა ტრიპოლში აიღეს ჰამისის ბრიგადის ბაზა, სადაც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება. ერთ-ერთი ცნობით, აჯანყებულებმა აიღეს ქვეყანაში უდიდესი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის ოფისი და მიიტანეს იერიში სახელმწიფო რადიომაუწყებლობის შენობაზეც.

ცოტა ხნის წინ, სანამ ტრიპოლის ცენტრში აჯანყებულები გამოჩნდებოდნენ, ნატომ საჰაერო იერიში მიიტანა მუამორ კადაფის რეზიდენციაზე ტრიპოლის ცენტრში, მაგრამ ბოლო საათების მანძილზე საჰაერო თავდასხმები შეწყვეტილია: ნატომ ოპერაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ფრონტის ხაზი ძალიან ხშირად იცვლება და შეუძლებელია გარჩევა, სად იმყოფებიან ამბოხებულები და სად - კადაფის მომხრეები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100